GE

„პატრიოტული პათოსი ლაიტმოტივად გასდევს, არ არის ნახსენები სიტყვა „ლიბერალური“ – სპეციალისტის დაკვირვებები ზგემ-ის პროექტზე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი ნინო ლომიძე EDU.ARIS.GE-სთან ვრცლად ეხმიანება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის პროექტს, რომელიც განათლების სამინისტრომ საჯარო განხილვისთვის გამოიტანა.

გამოქვეყნდა ზოგადი განათლების ახალი ეროვნული მიზნების პროექტი – დოკუმენტი

ის აკეთებს შედარებასაც დღეს მოქმედ დოკუმენტთან და გამოყოფს როგორც პოზიტიურ, ისე განათლების სამინისტროსთვის დამაფიქრებელ და გასათვალისწინებელ საკითხებს:

„განათლების სამინისტრომ მოამზადა და გამოაქვეყნა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც “ღიაა” და ნებისმიერ დაინტერესებულს შეუძლია საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაცია შეაშველოს. ეს საჯარო განხილვა და ღიაობა მნიშვნელოვანია. აქტიურობა – ძალიან მნიშვნელოვანი.

დოკუმენტში შესავალი აბზაცის შემდეგ 9 პუნქტადაა ჩამოყალიბებული მიზნები. დოკუმენტი სრულდება ორი დასკვნითი-შემაჯამებელი აბზაცით. 2004 წლის დოკუმენტისგან განსხვავებით ეს ვარიანტი არის მეტად ლაკონიური, სქემატური, მოკლე.

მიზნების მიღწევის საშუალებები წინა ვერსიაში ვრცლადაა ჩაშლილი, ახალში კი მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები. დოკუმენტში განსაკუთრებით აქცენტირებულია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული ღირებულებები, შეიძლება ითქვას, პატრიოტული პათოსი წარმმართველი მოტივია და ლაიტმოტივად გასდევს მთელ დოკუმენტს. ასევეა პოზიციონირებული სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (პატრიოტიზმზე აქცენტირებით). ენობრივ ფორმულირებას და სტილს მნიშვნელობა აქვს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ოფიციალური დოკუმენტია და მისი სტილი უნდა განსხვავდებოდეს, მაგალითად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ორგანიზაციის იდეოლოგიური ელფერის სტილისგან. ინდოქტრინაციული სტილი სეკულარული სახელმწიფო დოკუმენტის სტილი ვერ იქნება.

მოსაზრებების, იდეების, მიზნების სიტყვიერად ჩამოყალიბებისას სიზუსტე და სიფრთხილეა საჭირო. დოკუმენტი არ უნდა იყოს ორაზროვანი, ბუნდოვანი, პათეტიკური, მგზნებარე, ემოციური.

მოცემულ დოკუმენტში თვალსაჩინოა პათეტიკური სტილისტიკა. სიფრთხილეს დოკუმენტი იქ ავლენს, სადაც ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება, ადამიანის უფლებები, ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობებია ნახსენები, გადაჭარბებულ-ტენდენციურ სტილს მიმართავს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ-პატრიოტული მიმართულებით.

რაკი ფორმულირება ვახსენე – ფორმულირება სიტყვების შეკავშირებით, წინადადებების შექმნით, სიტყვების შერჩევით ხდება. დოკუმენტში ოთხჯერაა მოხსენებული პატრიოტული/პატრიოტი/პატრიოტიზმი/პატრიოტული.

საინტერესოა შედარება წინა რედაქციასთან. დეტალური შედარებითი ანალიზი არ გამომივა, უბრალოდ ერთ თვალშისაცემ განსხვავებას აღვნიშნავ – 2024 წლის პროექტში არ არის ნახსენები სიტყვა <<ლიბერალური>>, ადამიანის უფლებები შესავალ ზოგად აბზაცშია ოდენ ნახსენები და პუნქტებში არ ფიგურირებს (ძველ ვერსიაში „თ“ პუნქტი მეტად კონკრეტულად ეხება ამას).

პატრიოტიზმის, ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესის და ქვეყნის სიყვარულის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს… მაგრამ ლოზუნგური, დასწავლილი და „საზეპირო“, სადღეგრძელო პათოსი შედეგის მომტანი არაა. პატრიოტიზმი ვერ „დაისწავლება“. უფრო სწორად, ეს ვერ იქნება ჯანსაღი პროცესი და დასწავლილი პატრიოტიზმის კარგი ისტორიული მაგალითები გვაქვს არც თუ შორეულ საბჭოთა პერიოდში. ქვეყნის სიყვარული, ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ქვეყნის აღმშენებლობა არის პროცესი – მოქმედებაში, ქმედებაში გამოხატული. ლოზუნგურ განცხადებებსა და საზეპიროებში სუბლიმირება ეფექტური კია, მაგრამ რა შედეგის მოგვიტანს, კარგადაა გასათვლელი.

რამდენიმე კონკრეტული დაკვირვება:

ამ დოკუმენტის მეცხრე პუნქტი არის ბუნდოვანი, გაუგებარი, მიზნად ამ წინადადებების შემთხვევითი ნაკრების დასახვა უცნაურია. მარტივი კითხვა – მიზნის მისაღწევი რა გზები უნდა შეარჩიოს მსურველმა, თუ მიზანი „გარემოზე მზრუნველი მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება და მოქმედება დაუკავშიროს პიროვნულ, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ განვითარების რაციონალურ მიზნებს“?

ქვეყნის ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება დოკუმენტში ასევე გაკვრითაა ნახსენები (ხსენება – ხსენებისთვის).

დამაკლდა ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკურ სხეულსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა იმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიშანია, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, საუკეთესო ცვლილებების განხორციელება საკუთარი თავისთვის და ამის შემდეგ საზოგადოებისთვისაც. წინა რედაქციაში ეს იყო მეტად ხაზგასმული, აქ მე-7 პუნქტის ჩამონათვალშია ეულად, უკონტექსტოდ ჩასმული (მხოლოდ ნახსენებია სიტყვა ფიზიკური).

საინტერესოა, რა ცვლილებები გველის მარეგულირებელ დოკუმენტაციაში, სტანდარტებსა და პროგრამებში, როგორ წარმოუდგენიათ დასახული მიზნების მისაღწევად ამოცანების დასახვა-გადაწყვეტა, რა კონკრეტული არსებითი ცვლილებებია მოსალოდნელი.

ვშიშობ, მცირე თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც 2018-2024 წლის პროგრამულ ნაწილში იყო დაშვებული (შემსუბუქება+მეტი შინაარსობრივი თავისუფლება სწავლების პროცესში), კვლავ გამკაცრდება“.

ასევე იხილეთ:

„სრული ქაოსია“ – რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ზოგადი განათლების ახალ ეროვნულ მიზნებში მოსწავლის ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ვწერთ

„ისტორია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოსწავლის იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში“ – მკვლევარი გამოწვევებზე საუბრობს

რას უნდა ემსახურებოდეს გაკვეთილები და როგორ მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეს საგნის ღირებულება აჩვენოს – ლევან გიგინეიშვილის მოსაზრება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური