„პედაგოგებს უჭირთ კომპლექსური დავალების სასწავლო პროცესთან დაკავშირება, სწავლების პროცესი ცალკე მიდის, კომპლექსური დავალება კი – ცალკე“
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები განხორციელდება, რის შემდეგაც საჯარო სკოლებს მეტი დამოუკიდებლობა ექნებათ. ცვლილებები ჯერ დოკუმენტის სახით საჯარო არ არის, თუმცა განათლების მინისტრის მოადგილეს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა განსაზღვრული ამ ცვლილებებით მაგალითად კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზა, რომელიც ასევე ესგ-ის ნაწილია და სკოლებისთვის სავალდებულო.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევა – „სასკოლო საზოგადოებას ჰქონდა პრეტენზია“
მესამე თაობის ესგ-ის გამოწვევებიზე საუბრისას კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებულ პრობლემებს ცალკე გამოყოფს უახლესი კვლევის ანგარიშიც, საიდანაც ვიგებთ – მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსური დავალება ესგ-ის მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხს წარმოადგენს, მასთან დაკავშირებული სირთულეები მუდმივად განხილვის საგანია და კვლევის პროცესშიც კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებული პრობლემები ყველა ფოკუსურ ჯგუფში წამოიჭრა.
კვლევის თანახმად, რომელიც მიზნად ისახავს 2022 წლის მდგომარეობით საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესწავლასა და მათი განხორციელების თანამიმდევრულობის შეფასებას, მასწავლებლები ფიქრობენ, რომ კომპლექსური დავალებები საკმაოდ რთული შესასრულებელია მოსწავლეებისთვის: “მე-8 კლასელ ბავშვს რვა საგანში ჰქონდა კომპლექსური დავალება და უკვე დედამისი ჩაერთო და სულ სხვა სახე მიიღო ამან”.
თუმცა სისტემას, ამ შემთხვევაში კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თავად პედაგოგებთან დაკავშირებული მაგალითები აქვს, რომელიც აჩვენებს, რომ კომპლექსურ დავალებებთან ადაპტაცია თავად მასწავლებლებს უჭირთ.
“სასწავლო გეგმების სამმართველოს წარმომადგენელთა თქმით, პედაგოგები ხშირად ვერ იაზრებენ კომპლექსური დავალების არსს და შედეგად ისეთი კურიოზული შემთხვევებიც კი დაფიქსირებულა, როცა პედაგოგს მასწავლებლისთვის განკუთვნილი კოგნიტური რუკა, მატრიცა, მოსწავლისთვის განკუთვნილი ჰგონია. მასწავლებლებს ასევე უჭირთ კომპლექსური დავალების დაკავშირება სასწავლო პროცესთან და „შედეგად, ზოგჯერ სწავლების პროცესი ცალკე მიდის, კომპლექსური დავალება კი – ცალკე, რაც დიდი გამოწვევაა“.
“ასევე ხშირია შემთხვევები, როცა კომპლექსური დავალებების შესრულებისას მასწავლებლები ორიენტაციას „ძლიერ, კარგ“ მოსწავლეებზე იღებენ მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ეს დავალებები, ამ პროექტის ავტორთა აზრით, ძალიან დიფერენცირებულია და შესაბამისად, ეს მასწავლებლების პრობლემაა. მასწავლებლები კი, თავის მხრივ, კომპლექსურ დავალებებს განიხილავენ არა როგორც რესურსს, რომლის ადაპტირებაც და საკუთარ პრაქტიკაზე მორგება შეუძლიათ, არამედ როგორც დირექტივას”, – ვკითხულობთ CTC-ის (კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი) მიერ მომზადებულ კვლევაში – „ზოგადი განათლების რეფორმები საქართველოში და „ერთიანი სკოლის“ მოდელი“.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლევამ გამოავლინა კიდევ ერთი გარემოება, რომლის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მასწავლებლებისთვის კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ფორმა და არა შინაარსი: ისინი ორიენტირებულნი არიან მატრიცის შევსებაზე. “პროექტის ავტორთა აზრით, ერთხელ შევსებული მატრიცა მათ საშუალებას აძლევს, თანდათან შეიტანონ ცვლილებები, თუმცა, მათი თქმით, “მასწავლებლები ამაშიც ცუდად ერკვევიან”, კომუნიკაციის პრობლემები ამ შემთხვევაშიც ძალიან თვალსაჩინოა”.
ფოკუსურ ჯგუფებში განხილვებზე გამოვლინდა, რომ კომპლექსურ დავალებებში გასარკვევად მასწავლებლებს ექსპერტებისგან დამატებითი დახმარება სჭირდებათ.. ისინი ითხოვენ საგნების მიხედვით კომპლექსური დავალებების მაგალითებს, რომ შემდგომ ადაპტირებული სახით გამოიყენონ სკოლაში. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით სამინისტრომ 2023 წლის იანვარში ონლაინ ვებინარების სერია ჩაატარა მასწავლებლებისათვის, სადაც განიხილეს კომპლექსური დავალების რაობა და სხვადასხვა საგნებში მისი განხორციელების ვარიანტები.
ამავე თემაზე:
რატომ კომპლექსური დავალება? – დამწყები პედაგოგის ერთი დავალება პირველკლასელებს და მიღებული შედეგი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება