GE

პედაგოგთა გაზრდილი ხელფასის კალკულაცია – „მასწავლებელთა ძირითადი ნაწილის ანაზღაურება 434 ლარია“

31 მარტს EDU.ARIS.GE-ზე გამოქვეყნდა ინტერვიუ განათლების და მეცნიერების მინისტრთან, სადაც მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომელ პედაგოგს რამდენით მოემატება ხელფასი აპრილიდან. საჭიროდ მივიჩნიე, გამოვეხმაურო მინისტრის მოცემულობებს პედაგოგთა ხელფასთან დაკავშირებით.

1396946269_10178311_791671177517459_1301122975_nპირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თამარ სანიკიძე ამჯერადაც ცრუობს, როცა ამტკიცებს, რომ  დაანონსებული პედაგოგთა ანაზაღაურების მატება ,,არაა უბრალოდ ხელფასების ზრდა, რომელიც წლიდან წლამდე, ან სემესტრიდან სემესტრამდე რაღაც პროცენტულობით იზრდება და ეს მიბმულია სქემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლები მიღწეული შედეგით გადადიან ამა თუ იმ სახელფასო დონეზე.” უნდა ითქვას, რომ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით ჯერ არ განხორციელებულა პედაგოგთა შეფასება და მოქმედი კრიტერიუმების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ჯერ არც ერთი პედაგოგის კატეგორიის შეცვლა არ მომხდარა, შესაბამისად, აპრილის თვის საბაზო ხელფასის ,,მატება” (რაც, რეალურად, სულაც არ ნიშნავს მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდას, ამას დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ), ნამდვილად შეიძლება განვიხილოთ  ხელისუფლების წინასაარჩევნო პიარის ნაწილად, კერძოდ, გაჩნდეს პედაგოგებში განცდა, რომ ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს პედაგოგების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე – განვიხილოთ დეტალურად:

რა ტიპის სახელფასო ზრდაზე საუბრობს მთავრობა.

ამ მომენტისათვის ქვეყანას ჰყავს დაახლოებით 60 500 პედაგოგი, მათგან 45 000 -ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით, 16 339 (სამინისტროს ბოლო მონაცემით) უფროსი მასწავლებლის სტატუსით, ხოლო 151 წამყვანი მასწავლებლის კვალიფიკაციით. როგორც მოგეხსენებათ, ახალი სქემის მიხედვით, საქართველოს არც ერთი მასწავლებელი უმაღლესი კატეგორიის – მენტორის სტატუსის, ღირსი არ აღმოჩნდა და, შეთავაზებული აქტივობების მიხედვით, ასეთი მასწავლებელი, მინიმუმ,  უახლოესი ორი წლის განმავლობაში არც გვეყოლება. (2018 წლამდე). მოცემულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ბუნებრივია, ქვეყანაში მასწავლებლის ხელფასის მომატება და, ზოგადად, პედაგოგთა კორპუსის სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვა უნდა გამოიხატებოდეს იმაში თუ რას აკეთებს სახელმწიფო პედაგოგთა სრული კონტიგენტის არა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის, არამედ, 45000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებლის კეთილდღეობისთვისაც. ამასთან, საინტერესოა, როგორ ზრუნავს მთავრობა უფროსი და წამყვანის სტატუსის მქონე  პედაგოგების  სახელფასო მატებაზე, რაც ამავდროულად პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებისათვის ზრუნვაა ფინანსური აქტივებით გამოხატული.

ხელფასის მატების კალკულაცია პრაქტიკოსი პედაგოგების მაგალითზე

ავიღოთ ყველაზე გავრცელებული სიტუაცია, რომელიც ეხება 45 000–ზე მეტ პედაგოგს და გავაკეთოთ ხელფასის მატების მარტივი კალკულაცია. ესენი არიან პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგები, შესაბამისად, მათ ანაზღაურებას არ ემატება კატეგორიებით განსაზღვრული დანამატი. ახალი სქემის მიხედვით, ასეთი მასწავლებლის ანაზღაურება სრულ განაკვეთზე – მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით, სკოლაში მუშაობის 5-დან 10 წლამდე სტაჟით,  შეადგენს  ხელზე ასღებ  434 ლარს (542,70 ლარი გამოწერილი). მაშასადამე, მასწავლებელთა ძირითადი ნაწილის ანაზღაურება 434 ლარია.

ვნახოთ რას ამბობს მინისტრი: ,,ჩვენ თუ გავიხსენებთ საშუალოდ რა დანამტები ეძლევათ მასწავლებლებს, ვნახავთ, რომ მაგალითად  მაგისტრი პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომლის საშუალო ხელფასიც აპრილდან 546 ლარი იქნება, დანამატებით  უკვე 612 ლარზე ადის. თუკი ის ამავდროულად სერტიფიცირებულიცაა, მისი საშუალო ხელფასი დანამატებითურთ 814 ლარია. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 326 ლარიდან მაგისტრი მასწავლებელი მინიმუმ 612 და მაქსიმუმ 818 ლარზე ავიდა, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა.”  – მინისტრის ეს ფორმულა სრულიად აბსურდულია, რადგან პრაქტიკოსი მაგისტრი მასწავლებელი განეკუთვნება კატეგორიას, რომელსაც პირველადი ხელფასის გარდა არავითარი სხვა დანამატი არ აქვს. სწორედ მისი სტატუსი მიანიშნებს, რომ ის არაა სერტიფიცირებული, ამიტომ, ამ სტატუსის მიხედვით, მისი ხელფასი განისაზღვრება   საათობრივი დატვირთვის, განათლების აკადემიური ხარისხისა და სამუშაო სტაჟის მიხედვით, ხოლო, როგორც სამინისტროს მიერვე შემუშავებული სახელფასო მატების პროექტის მიხედვით ჩანს, აღნიშნული კატეგორიის პედაგოგის ხელფასი შეადგენს ხელზე ასღებ  434 ლარს (542,70 ლარი გამოწერილი). მინისტრის კომენტარიდან გამომდინარე,   მან არ იცის რას ამბობს, ან შეგნებულად იტყუება, რათა შექმნას ილუზია ხელისუფლების მხრიდან პედაგოგებზე ზრუნვასთან დაკავშირებით.

ხელფასის მატების კალკულაცია უფროსი მასწავლებლის მაგალითზე

ახლა განვიხილოთ მასწავლებელთა უფრო მცირე ნაწილის, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე 16 339 პედაგოგის ანაზღაურების საკითხი. მათი უმრავლესობა მაგისტრთან გათანაბრებულ ხარისხს ფლობს. მაშასადამე, თუკი უფროს მასწავლებელს აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სრული განაკვეთი და 5-დან 10 წლამდე მუშაობის სტაჟი, ასეთ შემთხვევაში,  მისი ხელზე ასაღები ანაზღაურება შეადგენს 578,16 ლარს, ვინაიდან   საბაზო ხელფასი არის 434,16 ლარი, ხოლო უფროსი მასწავლებლის დანამატი 144 ლარი. (მინისტრისგან განსხვავებით, ვასახელებ არა სახელფასო უწყისში გამოწერილ თანხებს, არამედ ხელფასის იმ ოდენობას, რომელსაც რეალურად მიიღებს პედაგოგი). შესაბამისად, გაუგებარია რა რიცხვს ასახელებს მინისტრი, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი დაანგარიშება რეალურთან შეუსაბამოა.

ხელფასის მატების კალკულაცია წამყვანი მასწავლებლის მაგალითზე

ახლა გამოვთვალოთ წამყვანი მასწავლებლის ხელფასი. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებში, ბოლო გაცხადებული მონაცემების თანახმად, მხოლოდ 151 წამყვანი მასწავლებელი მოღვაწეობს, ასეთი მასწავლებელი სქემით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, აუცილებლად უნდა ფლობდეს  დოქტორის აკადემიურ ხარისხს. მარტივი მისახვედრია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლისთვის, რა კატეგორიასაც არ უნდა ანიჭებდეს სისტემა, დოქტორის ხარისხის აუცილებელი მოთხოვნა, სახელმწიფოს მხრიდან თანხის დაზოგვის მეთოდია, და არა, ეფექტიანობაზე ორიენტირებული მექანიზმი.  მაშასადამე, თუკი  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგს აქვს სკოლაში მუშაობის 5-დან 10-წლამდე  სტაჟი და ამავდროულად აქვს სრული დატვირთვა მისი ხელფასი 687,42 ლარია, ვინაიდან საბაზისო ხელფასი არის 471,42 ლარი, ხოლო წამყვანი მასწავლებლის დანამატი 216 ლარი.

სამარცხვინო ტყუილია, როცა მინისტრი ამბობს : ,,მასწავლებელთა უმრავლესობას საშუალოდ ხელფასი 643 ლარი ექნება”, რადგან როგორც ვნახეთ, ამ ნიშნულთან მხოლოდ წამყვანი პედაგოგის სტატუსის მქონე 151 პედაგოგის ანაზღაურებაა, რაც შეეხება პედაგოგთა კორპუსის უმრავლესობას მათი გაზრდილი ხელფასი 434 ლარით შემოიფარგლება.

აქვე, აუცილებლად ხაზგასასმელია მინისტრის კომენტარი 1000 – ლარიან პედაგოგებთან მიმართებაშიც, როცა ის მიანიშნებს, რომ ასეთი მხოლოდ 341 პედაგოგია და მათი გათვალისწინება კალკულაციაში ,,ამინდს ვერ ქმნის”. ეს  მაშინ, როცა, მინისტრის თვალთახედვით, 151 მასწავლებლის მომატებული ხელფასი პედაგოგთა კორპუსის სახელფასო ანაზღაურების ზრდის ნიშნულად ითვლება.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ და ზედმეტი თვლითა და ანგარიშით არ გადავღალოთ საზოგადოება, შემოთავაზებული სახელფასო ცვლილება საბაზო ხელფასზე ხელზე ასაღები 40 ლარის და ნებისმიერ (უფროსი და წამყვანი მასწავლებელი)  სტატუსზე დამატებულ 16 ლარიან ცვლილებას გულისხმობს. მაშასადამე, მასწავლებელს, სექტემბრის ხელფასთან მიმართებაში, მინიმუმ 40 ლარი დაემატება და მაქსიმუმ 56 ლარი, რაც სექტემბრის თვეშის ლარის სავალუტო კურსთან შესაბამისობასაც ვერ აბალანსებს.

და ბოლოს, უსამართლობა იქნება, არ აღინიშნოს, რომ მინისტრის მიერ დასახელებული 2012 წლამდე არსებული საშუალო ხელფასი  – 326 ლარი იმ პერიოდისთვის 198 დოლარის ეკვივალენტი იყო, დღეს უკვე ათასნაირი „პროცენტებმომატებული“ და უცნაური პრო–პოპულისტური ბუღალტერიით ნაანგარიშები 45 000–მდე პედაგოგის რეალური ანაზღაურება 434 ლარი – 184 დოლარის ეკვივალენტია. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რას გულისხმობს ეს უცნაური ბუღალტერია და რამდენად წარმოადგენს მისი შედეგი საქართველოს პედაგოგიური კორპუსის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ზრუნვას.

გამოყენებული სქემა

Untitled

რომელ პედაგოგს რამდენით მოემატება ხელფასი აპრილიდან – თამარ სანიკიძე მასწავლებელთა ხელფასების ზრდის დეტალებზე

მარიამ რამინაშვილი

პედაგოგი, ორგანიზაცია,,საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური