GE

„პედაგოგთა სრული კმაყოფილებისთვის, ხელფასის 100%-იანი მატება უნდა მოხდეს“ – უფროსი პედაგოგის სურვილი

„ჯამში, ჩემი ხელფასი 1000 -1500 ლარამდეა. ამბობენ, იანვრიდან გაგვეზრდება, შესაძლოა, მიზერულად, მაგრამ მაინც. სრული კმაყოფილებისთვის, მასწავლებლის ხელფასის 100%-იანი მატება უნდა მოხდეს, მაგრამ 50%-იანიც არ იქნებოდა ურიგო“, – ამბობს EDU.ARIS.GE -სთან ნათია გიორგაძე, თბილისის 123-ე საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი, რომელმაც ზაფხულის გამოცდების ფარგლებში, დაწყებითი კლასების ბიოლოგიის საკვალიფიკაციო გამოცდაც ჩააბარა. როგორც პედაგოგი აღნიშნავს, ბიოლოგიის ტესტი პირველად წერა.

ნათია გიორგაძეს ვკითხეთ, რა მთავარი გამოწვევები აქვთ დღეს სისტემაში მოქმედ მასწავლებლებს და არის თუ არა მათთვის გამოცდები პროფესიული განვითარების ხელშემწყობი. ჩვენი რესპონდენტის თქმით, გამოცდების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ იმავეს ვერ იტყოდა ტრენინგებზე, რომელთა უმეტესობაც, მისი აზრით, პედაგოგებს დროს აკარგვინებს.

„გამოცდების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ტრენინგების უმეტესობისგან განსხვავებით. მინდა აღვნიშნო, რომ ტრენინგები არ არის ხელის შემშლელი, მაგრამ დამღლელია. წლის ბოლოს გვაქვს 1 სავალდებულო ტრენინგი, 20-საათიან ტრენინგს ყოველწლიურად გავდივართ. საკითხებს თავად ვირჩევთ. წელს, მაგალითად, ბულინგზე ტრენინგს დავესწარი, გასულ წელს კი მდგრადი განვითარების შესახებ გავდიოდი სწავლებას. სიმართლე გითხრათ, ბევრის არაფრის მომცემია. ახლა ავტორიზაცია უწევს ჩვენს სკოლას და დამატებით კიდევ გვაქვს ტრენინგები, წარმოუდგენლად ბევრი საქმე გვაქვს, ჟურნალები, პირადი საქმეები..“, – გვითხრა გამოსაცდელმა.

ამ პასუხის გათვალისწინებით, ჩვენ დავინტერესდით, მისი ვალდებულება რომ არ ყოფილიყო, თავად თუ მოინდომებდა ტრენინგებში მონაწილეობას ან სასკოლო ცხოვრებაში მეტად ჩართვას.

პედაგოგი ამბობს, რომ რადგან მასწავლებელი არის სისტემისა და სკოლის ნაწილი, მისი ვალდებულებაც უნდა იყოს და სურვილიც, ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში: „თუ პედაგოგი ხარ, უნდა იყო ჩართული ყველა პროცესში, რაც სკოლის ცხოვრებას ეხება“.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რა არის პედაგოგების ნაწილის გადაწყვეტილების მიზეზი, რომ დატოვონ პროფესია და თავად თუ დამდგარა ამ არჩევანის წინაშე – მასწავლებლობა თუ სხვა სამსახური, ნათია გიორგაძე ასე გვპასუხობს:

„თუ არ იქნა სუბიექტური მიზეზი, მაგალითად, უკეთესი ანაზღაურება, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლა… არ მგონია, მასწავლებელმა, რომელსაც საკუთარი პროფესია და საქმე უყვარს, სკოლა დატოვოს და თუ დატოვებს, ალბათ, პირადი მიზეზით. მე არასდროს მიფიქრია  სკოლის დატოვებაზე“.

დიალოგის ბოლოს მოქმედ პედაგოგს ვთხოვეთ, შეეფასებინა, რა მოლოდინები აქვს სასკოლო განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ნათია გიორგაძე პროცესს იმედით უყურებს და ამბობს, რომ განათლების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი, წინა მინისტრებისგან განსხვავებით, მასწავლებლებთან აქტიურად საუბრობს და დახმარების მზაობა გააჩნია. აღნიშნულს ის დადებითად აფასებს, მოსწონს ცვლილებების ამჟამინდელი დინამიკა და პროცესს მომავალშიც დააკვირდება.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლობის მსურველი ქუთაისიდან – „იმედია, როცა სწავლას დავასრულებ, სამსახურის პოვნა არ გამიჭირდება“

„ისტორიის საგანს ისტორიკოსები უნდა ასწავლიდნენ და არა სხვა პროფესიის წარმომადგენლები“ – მასწავლებლობის ახალგაზრდა მსურველი მესტიიდან

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური