ზაფხულის გარდა მასწავლებელთა გამოცდა ნოემბერშიც ჩატარდება – ახალი შესაძლებლობა და სიახლეები პრაქტიკოს მასწავლებლებს
2020 წლიდან განათლების სისტემაში მასწავლებელთა პროფესიული რეგულირების ახალი წესები ამუშავებდა. ამ ცვლილებების ამოქმედებამდე, 2019 წლის ბოლომდე, პედაგოგებს პრაქტიკულად აქამდე არსებული წესებით შეეძლებათ სტატუსის ამაღლება. განსხვავება ისაა, რომ მათ, ვინც საჭირო კრედიტებს ზაფხულში ვერ დააგროვებს, ნოემბერში, განმეორებით გამოცდაზე გასვლის საშუალება მიეცემათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ამბობს, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ხანგრძლივდება კრედიტების დაგროვების ვადა და ორი გამოცდის გამო, უფრო მეტი საშუალება ეძლევათ, კომპეტენცია აიმაღლონ.
„პრაქტიკოს მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება დაადასტუროს კომპეტენცია ზაფხულში გამოცდაზე, ამავდროულად, მას ექნება საშუალება შემოდგომაზე, ნოემბერში გავიდეს განმეორებით გამოცდაზე. თუკი ის ამ შემთხვევაშიც ნაწილობრივ დააგროვებს კრედიტებს და არ იქნება საკმარისი სტატუსის ცვლილებისთვის, პედაგოგს მიეცემა საშუალება დეკემბრის ბოლომდე, სასწავლო სემესტრის დასრულებამდე დააგროვოს კრედიტქულები და იანვრისთვის შეიცვალოს სტატუსი. ანუ პრაქტიკოსებს გაუხანგრძლივდათ კრედიტქულების დაგროვების ვადა და შესაბამისად, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ 2020 წლისთვის, ვისაც ნაწილობრივ აქვს დღეს დაგროვებული კრედიტქულები, გაიუმჯობესოს სტატუსი და შესაბამისად მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება“, – ამბობს მანანა რატიანი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
მისივე თქმით, პრაქტიკოს პედაგოგებს, როგორც საპენსიო ასაკის, ასევე ახალგაზრდებს, რომლებიც სტატუსის ამაღლებას ვერ შეძლებენ, საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლა განსხვავებულ კონტრაქტს შესთავაზებს.
„იმისათვის, რომ განათლების ხარისხი ამაღლდეს, სკოლაში უნდა მუშაობდეს, კომპეტენციადადასტურებული მასწავლებელი, მათ ამის საშუალება ზაფხულშიც მიეცემათ და შემოდგომაზეც. შუაში გადამზადების პროცესი იქნება, თუ მაინც ვერ შეძლებენ, სკოლას, იმისთვის რომ სწავლების პროცესი არ ჩაეშალოს, მიეცემა საშუალება, რომ ამ პედაგოგებს შესთავაზოს განსხვავებული კონტრაქტი საჭიროებიდან გამომდინარე. სასწავლო პროცესი რომ არ ჩაიშალოს, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლა.
“საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლები გვყავს 10 ათასზე ცოტა მეტი. მათ აქვთ არჩევანი, ერთჯერადი ჯილდოს სახით აიღონ ანაზღაურება და სისტემიდან გავიდნენ, ამავდროულად მიიღონ განსხვავებული ჯანმრთელობის დაზღვევა მთელი ცხოვრების მანძილზე; ან, პენსიონერი პედაგოგი, თუკი ერთჯერადად ვერ ჩააბარებს გამოცდას, შემდეგ მეორე შანსიც ექნება, თუ კვლავ ვერ შეძლებს, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, მოსწავლეებს არ შეექმნათ რაიმე ტიპის შეფერხება და მიიღონ სრულფასოვანი განათლება“, – განმარტავს მანანა რატიანი.
კითხვაზე, რატომ მხოლოდ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე საპენსიო ასაკის მასწავლებლები და არა მაგალითად წამყვანი, ან უფროსი, რატიანი პასუხობს: “მხოლოდ პრაქტიკოსებს ვთავაზობთ, უკვე კომპეტენციადადასტურებული მასწავლებლები სისტემას სჭირდება, ისინი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.
მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე დეტალების შესახებ ჯერ არ საუბრობს, თუ როგორი წესებით მოხდება პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურება 2020 წლიდან და ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვს მუშაობა სტატუსის ცვლილებაზე, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას ურჩევს.
„ყველა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, რომელიც სტატუსის ცვლილების გზაშია, უნდა მოახერხოს და 2019 წლის ბოლომდე შეიეცვალოს სტატუსი. რაც შეეხება უფროს მასწავლებლებს, თუკი ისინი აპირებენ გახდნენ წამყვანი მასწავლებლები, სასწავლო წლის ბოლომდე უნდა დააგროვონ სავალდებულო დამატებითი აქტივობებით 15 კრედიტქულა, იმისათვის, რომ მათ შეძლონ გარე დაკვირვების უფლების მოპოვება. დანარჩენი მასწავლებლებისთვის, მთავრობისთვის ცვლილება არის წარდგენილი და ის დაგროვებითი სისტემა რაც იყო, კრედიტქულების, ვინც აპირებს სტატუსის შენარჩუნებას, ეს ნაწილი იხსნება. შესაბამისი ინიცირება გაკეთებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მთავრობის მიმართ. შესაბამისად, მასწავლებლებისთვის, რომლებსაც კვალიფიკაცია უკვე დადასტურებული აქვთ ორივე გამოცდით, და არიან სისტემაში, რა თქმა უნდა, საშუალება აქვთ გააგრძელონ მუშაობა სისტემაში და ისინი მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას“, – აცხადებს მანანა რატიანი.
რაც შეეხება კითხვას, დასჭირდებათ თუ არა სტატუსის მქონე პედაგოგებს მომავალში კომპეტენციის დადასტურება, მანანა რატიანი პასუხობს, რომ ეს 2020 წლიდან დარეგულირდება.
„სულ სხვა სისტემა, რაზეც ვსაუბრობთ, ეს იქნება 2020 წლიდან უბრალოდ გარდამავალ პერიოდში, მასწავლებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ წინსვლა, ჩვენ საშუალებას მივცემთ, რომ ბოლომდე მივიდნენ და სტატუსი აიმაღლონ. რა პროცესებიც დაიწყეს, ამას ჩვენ არ გავუწყევტთ შუაზე და მივცემთ შესაძლებლობას, რომ გონივრულ ვადებში დაასრულონ და მასწავლებლების უკმაყოფილება არ იყოს. როდესაც მასწავლებლების რეგულირების ახალი წესი დამტკიცდება, იქ, რა თქმა უნდა, იქნება გაწერილი, თუ რა უნდა აკეთოს პედაგოგმა, რომ სისტემაში იყოს წარმატებული. ეს იქნება დამოკიდებული რამდენად სრულფასოვნად და ჯეროვნად ასრულებს საკუთარ სამუშაოს, რომელიც კონტრაქტით არის გათვალისწინებული, ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება მასწავლებლის როგორც პროფესიული განვითარების მიმართულება, ასევე სწავლების პროცესში როგორ მიჰყავს საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესი“, – აღნიშნავს მანანა რატიანი.
ამავე თემაზე:
„პედაგოგთა გაზრდილი ხელფასებისა და საპენსიო ჯილდოსთვის 250 მილიონი ლარია საჭირო”
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელს 3 მილიარდამდე ლარი იქნება – ბიუჯეტის პროექტი by ARIS.GE-განათლება
- მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის პროგრამაზე გრანტით დაფინანსებულთა ოდენობა და წესი დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება