“პირადად გადავწყვიტე, რომ ზამთარში მასწავლებლების გამოცდა აღარ ჩატარდება”
,,პირადად გადავწყვიტე, რომ ზამთარში მასწავლებლების გამოცდა აღარ ჩატარდება”,– ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, არც პედაგოგიური უნარების გამოცდას და არც საგნობრივ გამოცდას, გამოცდა არ ერქმევა, არამედ ეს იქნება კვალიფიკაციის დადასტურება.
,,პედაგოგიური უნარების გამოცდა ბრუნდება და საგნობრივი გამოცდაც რჩება, მაგრამ მას ბარიერი არ ექნება, და არც გამოცდა ერქმევა. ბარიერი ორივე გამოცდის შემთხვევაში მოიხსნება, რადგან ყოველი გამოცდების შედეგების მედიით გაშუქებისას მასწავლებლის პრესტიჟს დიდი დარტყმა ადგებოდა”,– თქვა ჯეჯელავამ.
სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ ისიც განმარტა, თუ როგორი იქნება უბარიერო გამოცდა, ზოგადად, რას ნიშნავს ეს და როგორ დააგროვებენ მასწავლებლები კრედიტებს.
„რამდენ ქულასაც მიიღებს პედაგოგი, იმ ქულის შესაბამის კრედიტებს აიღებს. ანუ, 85 ქულას თუ მიიღებს, ეს 85 ქულა „გადახურდავდება“ კრედიტებში და 3 ქულას თუ მიიღებს, 3 ქულა „გადახურდავდება“. იქაც იქნებიან პედაგოგები, ვინც გადალახა და ვინც ვერ გადალახა, მაგრამ ბარიერი არ იქნება და ჩაჭრა, როგორც მოვლენა, დამთავრდა,“ – დასძინა მან.
გარდა პედაგოგიური უნარებისა და საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისა, მისივე თქმით, აუცილებლად იქნება კომპონენტი, რომელიც მშობლებთან მუშაობას შეეხება. ანუ, ის მასწავლებლები, რომლებიც აირჩევენ, რომ მშობლებთან ინდივიდუალურად მეტი იმუშავონ, მეტი დრო დაუთმონ, ამაში დამატებით კრედიტებს მიიღებენ. აკადემიური ხარისხები – დოქტორობა, ან სადოქტოროზე სწავლა, მაგისტრობა, ან მაგისტრატურაზე სწავლა ასევე კრედიტების წყარო იქნება.
რაც შეეხება ბარიერებისა და ზამთრის გამოცდების გაუქმებისა და ასევე, სახელწოდების – „გამოცდის“ „კვალიფიკაციის დადასტურებით“ შეცვლის მიზეზებს, სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ 30 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგების გამოცდა არაადეკვატურია. მითუმეტეს რომ, მისი თქმით, ჩაჭრილთა პროცენტი ითვლებოდა არა მასწავლებლების ზოგადი რაოდენობიდან, არამედ გამოცდაზე გასული პედაგოგების რაოდენობიდან, რაც საკმაოდ დიდ უხერხულობას ქმნიდა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო გამოცდებზე 100%-იანი ჩაჭრები გვექნებოდა. ანუ, ისინი გავლენ, ვინც დარჩებიან, ვინც ვერასდროს ჩააბარა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნეგატიური მოვლენაა,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის განახლებული სქემის პრეზენტაცია ნოემბრის ბოლოს გაიმართება.
როგორც ცნობილია, დღემდე, მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე პროფესიაში შესვლას 2015 წლიდან ამოქმედებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა განსაზღვრავს. სქემის მიხედვით, მოქმედი პედაგოგი, რომელიც 3 წლის მანძილზე ვერ დაადასტურებს საკუთარ კომპეტენციას, სკოლას დატოვებს, მის ადგილზე კი ვაკანსია გამოცხადდება. განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, გამოცდის ჩაუბარებლობა აღარ იქნება პედაგოგის მიერ სკოლის დატოვების საფუძველი და ერთის მხრივ, სწორედ ამას ემსახურება სქემაში დაგეგმილი ცვლილებებიც.
„გაუგებარია რას გულისხმობს მინისტრი პედაგოგების მიერ ბარიერის არგადალახვაში“
თაკო მათეშვილი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება