GE

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2018–2019 სასწავლო წლისთვის დღეიდან დაიწყო

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს, 10 აპრილს დაიწყო და 27 აპრილის ჩათვლით გასტანს. ამ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრაცია ეხებათ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მოსწავლეებს და არა ყველას.

I ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 10 აპრილს და 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, სადაც  რეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რაც შეეხება დოკუმენტების სკოლაში წარდგენას, I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 2018 წლის  30 აპრილიდან 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ „2018-2019 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ“ – აღნიშნული ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ექსკლუზიურად დაუდასტურეს. როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, ახალი სასწავლო წელი 2018 წლის 17 სექტემბერს იწყება, რადგან მინისტრის ბრძანებით სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი დასვენების დღეს (შაბათს) ემთხვევა და სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 17 სექტემბერს უნდა დაიწყოს. კანონით კი განსაზღვრულია, რომ სკოლაში შესვლის ასაკი არის 6 წელი.

გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

ინფორმაცია რეგისტრაციის მომდევნო ეტაპების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური