პირველკურსელებისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი და პირობები დამტკიცდა – ბრძანება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 12 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი და პირობები დამტკიცდა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ენის (ქართული ენა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აფხაზური) სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა სტუდენტებისთვის, რომლებიც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხნენ.
დოკუმენტი ადგენს, რომ სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთათვის ერთ-ერთი ძირითადი სავალდებულო საგანი, ხოლო ყველა სხვა პროგრამის შემთხვევაში სავალდებულო საგანი იქნება.
სტუდენტებმა სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი, სწავლების პირველ აკადემიურ წელს, არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში უნდა გაიარონ. სახელმწიფო ენის სწავლება კი, ახალი სასწავლო კურსის შემუშავების ან არსებული სასწავლო კურსის/კურსების მოდიფიცირების გზით მოხდება.
ქართული ენის სპეციალური კურსი ოთხი ნაწილისგან შედგება:
- ზოგადი ნაწილი. ქართულ ენასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები. ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია. ქართული დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების ისტორია;
- სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემები. რა არის სალიტერატურო ენის ნორმა? რა იწვევს ნორმათა დარღვევას? ნორმირების მნიშვნელობა, პრინციპები, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმები;
- სტილისტიკა. სტილისტიკის საგანი. ქართული ენის ფუნქციური სტილის საკითხები (სამეცნიერო, მხატვრული, პუბლიცისტური, საკანონმდებლო, სასაუბრო სტილები, მათი სპეციფიკა); პრაქტიკული სტილისტიკის ძირითადი საკითხები;
- ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია. ტერმინთშემოქმედება, დარგობრივი ტერმინოლოგიის საკითხები.
აფხაზური ენის სპეციალური კურსიც ოთხი ნაწილისგან შედგება:
- ზოგადი დახასიათება. აფხაზური ენის ზოგადი დახასიათება. აფხაზურის, როგორც იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ერთ-ერთი ენის, შესწავლის ისტორია. ზოგადი ცნობები აფხაზური დამწერლობის შესახებ. აფხაზური ანბანის შექმნის ისტორია. აფხაზური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგიისა და სინტაქსის ძირითადი საკითხები;
- აფხაზური სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემები, მიდგომები. რა არის სალიტერატურო ენის ნორმა? რა იწვევს ნორმათა დარღვევას? ნორმირების მნიშვნელობა, პრინციპები, თანამედროვე სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმები;
- ფუნქციური სტილისტიკა. აფხაზური ენის პრაქტიკული სტილისტიკის საკითხები. სტილისტიკის საგანი. ფუნქციური სტილის საკითხები (სამეცნიერო, მხატვრული, პუბლიცისტური, საკანონმდებლო, სასაუბრო სტილები, მათი სპეციფიკა) პრაქტიკული სტილისტიკის ძირითადი საკითხები;
- დარგობრივი ტერმინოლოგიის საკითხები. აფხაზური სამეცნიერო ტერმინოლოგია. ტერმინთშემოქმედება, დარგობრივი ტერმინოლოგიის საკითხები.
თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დღიესათვის სპეციალური კურსის სილაბუსი უკვე მზად არ აქვთ, რაც ობიექტურად ნაკლებად მოსალოდნელია, პირველკურსელები სპეციალურ კურსს, სავარაუდოდ, 2025/2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გაივლიან.
სტუდენტის მიერ სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის შედეგ კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აზრით, ასეთ შედეგებს მივიღებთ:
- სტუდენტი შეძლებს ზეპირი და წერილობითი აკადემიური კომუნიკაციის წარმართვას;
- სტუდენტი შეძლებს სახელმწიფო ენაზე მიღებული აკადემიური და სამეცნიერო შინაარსის ინფორმაციის ანალიზს;
- სტუდენტი შეძლებს სახელმწიფო ენის პრაქტიკულ გამოყენებას აკადემიურ და სამეცნიერო საკითხებთან დაკავშირებით;
- სტუდენტი გააცნობიერებს, თუ როგორ და როდის შეიძინა ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის, მეცნიერებისა და განათლების, სალიტერატურო ენის ფუნქციები;
- სტუდენტი გააცნობიერებს სახელმწიფო ენის როლს და მნიშვნელობას ქართველი ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში;
- სტუდენტისთვის ცნობილი იქნება სახელმწიფო ენის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით შექმნილი რესურსები;
- სტუდენტი შეძლებს დაამუშავოს-გააანალიზოს განსხვავებული სამეცნიერო ენით/სტილით შექმნილი ნაშრომები, ტერმინები, დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის საჭირო მასალა/ინფორმაცია;
- სტუდენტი გაიაზრებს თავის პასუხისმგებლობას სახელმწიფო ენისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის – მინისტრის ბრძანება
ამავე თემაზე:
ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება