GE

ქართულის სწავლება უნივერსიტეტებისთვის პირველივე სემესტრში სავალდებულო აღარ იქნება – მინისტრის მოადგილის განცხადება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხებზე სპეციალურად შექმნილი კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა.

ინფორმაციიდან ცნობილი ხდება, რომ უნივერსიტეტი ვალდებული აღარ იქნება, ქართულის სწავლების კურსი პირველივე სემესტრში შესთავაზოს სტუდენტებს, როგორც ეს აქამდე იყო გაცხადებული.

„ზვიად გაბისონიას თქმით, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი ითვალისწინებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ აფხაზური ენის სწავლებასაც, რაც უმნიშვნელოვანესია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, უნივერსიტეტებს ეძლევათ არჩევანის თავისუფლება, თავად განსაზღვრონ კურსის გავლის სემესტრი – სწავლება 2025-2026 სასწავლო წლის პირველივე სემესტრში დაიწყონ ან მათთვის სასურველი სემესტრი შეარჩიონ.

2025 წლის აბიტურიენტებს, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, ქართულის სწავლის ვალდებულება ექნებათ – ვადები და ახალი დეტალები ცვლილებაზე

„დარგის ექსპერტებისგან შემდგარი კომისია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესის შემუშავებას. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო გახდა“, – წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

როგორც გივი მიქანაძის უწყებაში განმარტავენ, კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი შემდეგ ეტაპზე რექტორთა საბჭოს წარედგინება და უნივერსიტეტების მოსაზრებების გათვალისწინებით, გადამუშავებული სახით დამტკიცდება.

„სპეციალური კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი შეძლებს როგორც ზეპირი და წერილობითი აკადემიური კომუნიკაციის სრულყოფილად წარმართვას, ასევე ზოგადი და პროფესიული შინაარსის ინფორმაციის ანალიზს, სახელმწიფო ენის როლის გააზრებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი რესურსების გამოყენებას“, – მიაჩნიათ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

ამავე თემაზე:

უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური