GE

პროექტი ანალოგის გარეშე – ყვარელში აბიტურიენტების კლუბის პირველი ადგილობრივი ცენტრი გაიხსნა

ალტე უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი – აბიტურიენტების კლუბი პირველ რეგიონულ წარმომადგენლობას ხსნის. თუკი აქამდე რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს კლუბის მიერ განხორციელებულ აქტივობებში ჩართვა უმეტესწილად ონლაინ შეეძლოთ, ახლა მათ საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს, სპეციალურად გახსნილ ცენტრში შეეძლებათ მიღონ ყველა ის სერვისი, რასაც თბილისში მცხოვრები აბიტურიენტები ალტე უნივერსიტეტის ბაზაზე იღებენ. პირველი ფილიალი ყვარელში იხსნება, თუმცა, წინ კიდევ უფრო დიდი გეგმებია.

აბიტურიენტების კლუბი, რომელიც უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს, ალტე უნივერსიტეტის წამოწყებაა მათთვის, ვინც სტუდენტობას გეგმავს. პროექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია, აერთიანებს ნებისმიერ აბიტურიენტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განურჩევლად ინტერესებისა და მათ სტუდენტობამდე გასავლელი რთული, შრომატევადი, სტრესული და გამოწვევებით აღსავსე გზის მარტივად დასაძლევად უნიკალურ პროექტებს სთავაზობს, თანაც, სრულიად უფასოდ.

კლუბი ახორციელებს აქტივობებს, რაც ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში, პროფესიის სწორად არჩევასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან შეგუებაში ეხმარება. პროექტები მიმდინარეობს როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ სივრცეში და სრულად ფინანსდება ალტე უნივერსიტეტის მიერ.

როგორც კლუბის წარმომადგენლები გვეუბნებიან, არსებობის პირველ წელს კლუბმა 5000-მდე აბიტურიენტი გააერთიანა და მათი ჩართულობით 70-მდე პროექტი განახორციელა. აქტივობებმა მთელი საქართველო მოიცვა. კლუბი ორიენტირებულია იმაზე, რომ განხორციელებული პროექტები ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში მცხოვრები უფროსკლასელებისთვისაც. პროექტებს უქმად რომ არ ჩაუვლია, ამაზე ბენეფიციარებისაგან მიღებული უკუკავშირიც მეტყველებს, რამაც უნივერსიტეტს მისცა მოტივაცია სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი და უფრო ამბიციური გეგმები დაესახა.

ალტე უნივერსიტეტის მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელი ხატია მათიკოშვილი კლუბის განვლილ წელზე საუბრობს და ამბობს, რომ განხორციელებული პროექტების თემატიკა მრავალფეროვანი და აბიტურიენტების ინტერესებზე მორგებული იყო. მისი თქმით, პროექტის დაწყებამდე სხვადასხვა ჯგუფებში, მათ შორის რეგიონებში მოკვლევა ტარდებოდა, აქტუალური და მოთხოვნადი საკითხები ვლინდებოდა და აქტივობებიც ამის მიხედვით იგეგმებოდა.

კითხვაზე, რომელი იყო კლუბის მიერ განხორციელებული ყველაზე პოპულარული პროექტი, იგი გვპასუხობს, რომ ეს იყო ბანაკი, სადაც მონაწილეობის სურვილი 700-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.

„გარდა ამისა, ვატარებდით სხვადასხვას ტიპის ინტელექტუალურ კონკურსებს, დებატებს, მოქმედებდა საკვირაო სკოლა, ფსიქოლოგიის სკოლა, ტარდებოდა ვორქშოფები იმ საგნებში, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე ბარდება, ვმართავდით ღია კარის დღეებს, რომლისთვისაც სხვადასხვა რეგიონიდან აბიტურიენტები სრულიად უსასყიდლოდ ჩამოგვყავდა და მათ შესაძლებლობას ვაძლევდით საუნივერსიტეტო სივრცეს გასცნობოდნენ. ენახათ სალექციო პროცესი და წარმოდგენა შეჰქმნოდათ რასთან ექნებოდათ საქმე ჩაბარების შემდეგ“, – გვიყვება ხატია მათიკოშვილი.

კლუბის მიზნებსა და მიღწევებზე საუბრისას იგი თანასწორობის პრინციპს გამოყოფს და ამბობს, რომ კლუბი შეიქმნა მთავარი მისიით – გაეერთიანებინა აბიტურიენტები მთელი საქართველოს მასშტაბით და მათთვის შეექმნა მეგობრული გარემო, სადაც თითოეულ წევრს თანაბრად ექნებოდა ცოდნისა და სარგებლის მიღების შესაძლებლობა. ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც აბიტურიენტების გასანებივრებლად, რადგან რთული პერიოდის გავლა უწევთ. კლუბი კი მათ, ერთის მხრივ, აწვდის სწორ ინფორმაციას, ეხმარება გადაწყვეტილებების გააზრებულად მიღებაში და ამავდროულად, აძლევს ინიცირების საშუალებას – განხორციელდეს მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროექტები, რა თქმა უნდა, მათივე ჩართულობით.

„როცა ასეთ ჯგუფთან მუშაობ და ცდილობ მათთვის რაღაც სასარგებლო გააკეთო, მნიშვნელოვანია, ღია იყო. ჩვენი დევიზია „შეიმსუბუქე აბიტურიენტობა ჩვენთან ერთად“ და ვცდილობთ, კლუბი ემსახურებოდეს არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტებს, არამედ იყოს განტვირთვის საშუალებაც – დავგეგმოთ გასართობი, თავშესაქცევი აქტივობები“, – დასძენს ხატია მათიკოშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტების კლუბის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა რეგიონს, კლუბის წარმატებულმა სტარტმა მისი გაფართოების იდეა გაჩნდა და მესვეურებს ყვარელში პირველი რეგიონული ცენტრის გახსნისკენ უბიძგა.

აბიტირიენტების კლუბის ყვარლის ადგილობრივი ცენტრი ყვარლის ევროკლუბის ბაზაზე გაიხსნა და იქ საქმეს ვალერი ტოჩილაშვილი გაუძღვება – აბიტურიენტების კლუბის ამბასადორი და ყვარლის რეგიონული ცენტრის კოორდინატორი. იგი ამბობს, რომ კლუბში ჩართვასთან დაკავშირებით ყვარლიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო. ახლა კი ის თითოეული მსურველისთვის ღიაა და გაწევრიანებისთვის უმარტივესი პროცედურის გავლაა საჭირო – ამისათვის სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში მიწერაც კი საკმარისია.

ცენტრი ახალგაზრდებს შესთავაზებს მათზე მორგებულ ლექციებსა და ტრენინგებს. პირველ აქტივობად პროფესიის არჩევისა და კარიერის დაგეგმვის ტრენინგი 27 იანვარს, 14:00 საათზე ჩაინიშნა, რასაც ქართული ენისა და ინგლისურის ვორქშოფები და პირველადი, გადაუდებელი დახმარების კურსები მოჰყვება. სამომავლო ნაბიჯები კი ბენეფიციარების სურვილების მიხედვით განისაზღვრება.

ვალერი ტოჩილაშვილი ამბობს, რომ პროფესიის არჩევისა და კარიერის დაგეგმვის ტრენინგი ყოველთვის მოთხოვნების ლიდერია, რადგან ამ საკითხზე კონსულტაცია, ფაქტობრივად, ყველა აბიტურიენტს სჭირდება.

„პირადად მეც გავიარე ეს გზა და ძალიან დაბნეული ვიყავი. პროფესიონალთან პირადი კონსულტაცია ამ დროს ძალიან დიდი დახმარება და საუკეთესო გზაა პროფესიის სწორად შესარჩევად. ინტერესი დიდია და ბავშვები პირველ შეხვედრას დიდი მოლოდინით ელიან“, – ამბობს იგი.

ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ იმასაც, რომ კლუბის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მასში მეტი ახალგაზრდის მოწვევის მიზნით, იგეგმება ყვარელსა და მისი სოფლების სკოლებში ვიზიტები. ვალერი დარწმუნებულია, რომ სულ მალე კლუბის წევრთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება: „ველით, რომ ცენტრი გახდება ადგილი, სადაც აბიტურიენტები ამ რთულ გზასა და პერიოდს შეიმსუბუქებენ“, – დასძენს იგი.

კლუბის წევრთა რაოდენობა შეზღუდული არაა. გასაწევრიანებლად საჭიროა გახდეთ ფეისბუქ-ჯგუფის აბიტურიენტების კლუბი წევრი, ან მისწეროთ უნივერსიტეტს: [email protected]

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური