GE

პროექტის „TECHGIRLS GEORGIA“ ფარგლებში მოსწავლე გოგოებისთვის კოდის წერის ტრენინგების სესიები დაიწყო

პროექტმა „TechGirls Georgia“, რომელიც გერმანიის ქართული სათვისტომოსა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ფაბლაბ ილიაუნის თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება/საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (GIZ/CIM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, სტარტი აიღო.

ღონისძიება გაიხსნა ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში.

პროგრამის ბენეფიციარებს, კონკურსის წესით შერჩეულ გოგოებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში კოდის წერას შეისწავლიან, შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა საქართველოში, ინფორმატიკისა და ინგლისური ენის სპეციალისტმა ევა მარია ქნირშმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნანა დიხამინჯიამ, პროექტის „TechGirls Georgia“-ს ორგანიზატორმა და გერმანიის ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრმა ირინა ჩიხლაძემ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიგრაციისა და დიასპორის პროგრამის ხელმძღვანელმა ლაშა ენუქიძემ.

„ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, იმიტომ რომ ორი პროცესის გადაკვეთაზე შედგა – პირველი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობაა საქართველოში, მეორე – ქალების უფრო მეტი ჩართულობა საზოგადოებრივ-ეკონომიკურ-საგანმანათლებლო და სხვა პროცესებში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი პროცესის გადაკვეთა, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს ერთიანი მოძრაობის ნაწილია, მოძრაობისა, რომელიც გულისხმობს განვითარებას, მათ შორის ეკონომიკურს, ტექნოლოგიურს, სამეცნიეროს, ემანსიპაციას, ცხადია, ქალებისა და მათთვის ბევრად უფრო დიდი როლის მინიჭებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნიშანდობლივია, რომ ამაში ხელს გვიწყობენ ჩვენი გერმანელი პარტნიორები, რომლებიც პარტნიორები და მეგობრები იყვნენ ყოველთვის და დარწმუნებულები ვართ, ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება, არამედ საფუძველს მისცემს ინტენსიურ მუშაობას ამ მიმართულებით,“ – განაცხადა გიგა ზედანიამ, ილიაუნის რექტორმა.

„მჯერა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევები ძალიან მნიშვნელოვანია თავად გოგოებისთვის, მათი პროფესიული განვითარებისთვის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ქალებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ინფორმაციული ტექნოლოგიები მოთხოვნადი პროფესიაა. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტორებს, განსაკუთრებით კი უცხოელ ინვესტორებს, სჭირდებათ ახალგაზრდები, რომლებიც კარგად ერკვევიან ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და კომპიუტერულ მეცნიერებებში, ეს პროგრამა სწორედ ამას ემსახურება“, – განაცხადა ჰუბერტ ქრინშმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქალები დაინტერესდნენ ტექნოლოგიური თემებითა და მიმართულებებით. მსიამოვნებს იმ გუნდთან მუშაობა, რომელიც დაკომპლექტებულია ქალებითა და კაცებით, სწორედ იმიტომ, რომ ერთად უკეთეს გადაწყვეტას პოულობენ. უამრავი ქალი არ ეუფლება კომპიუტერულ მეცნიერებებს, მათემატიკასა თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, რადგან თვლიან, რომ არ არიან კაცებივით ძლიერები, ფიქრობენ, რომ ბიჭებმა მეტი იციან, ვიდრე ჩვენ, სწორედ ამიტომ მორცხვობენ, ვერ ბედავენ სწავლას. სწორედ მსგავსი პროექტების დახმარებით მათთვის ცხადი ხდება, რომ ამ მეცნიერებების სწავლა შესაძლებელია, ხვდებიან, რომ პროგრამირებაში ალგორითმის დახმარებით შესაძლებელია პრობლემის გადაჭრა. როგორც კი მიხვდებიან, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, გოგოები და ახალგაზრდა ქალები სიამოვნებით გააკეთებენ ამას და შემოუერთდებიან ქალებს ტექნოლოგიებში“, – განაცხადა ევა მარია ქნირშმა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა საქართველოში, ინფორმატიკის და ინგლისური ენის სპეციალისტმა.

„დღეს ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური და საინჟინრო განვითარება და განსაკუთრებით უფრო მეტი გოგოსა და ქალის მოზიდვა ამ მიმართულებებში. პროექტი „ტექგოგოები“ სწორედ ამას ემსახურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიწყო ეს პროგრამა“, – ნანა დიხამინჯია, ილიაუნის ვიცე-რექტორი ტექნოლოგიების მიმართულებით.

პროექტის „TechGirls Georgia“ მიზანია ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, ამ სფეროში არსებული სტერეოტიპების დაძლევა და გოგოების ცნობიერების ამაღლება.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში შეირჩნენ მოსწავლე გოგოები (VIII-XI კლასები), რომლებიც მომავალი პროფესიის არჩევის ეტაპზე იმყოფებიან. შერჩეული მონაწილეები შეისწავლიან პროგრამირების/კოდის წერის საფუძვლებს, დააარსებენ ტექგოგოების კლუბს და მონაწილეობას მიიღებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ონლაინპლატფორმის შექმნაში.

პროექტი ასევე ითვალისწინებს მენტორინგის პროგრამას და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში არსებული მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების გაცნობას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური