GE

პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი დაიწყო

დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში 2021 წლის ერთიანი მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო წელი დაიწყო.

წელს პირველად ერთიანი მიღების ფარგლებში განხორციელდა პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა როგორც საჯარო, ისე ყველა კერძო დაწესებულებაში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალმა მიდგომამ გაზარდა პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა და უზრუნველყო ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში.

2021 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.

2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწიათ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის დამსაქმებლებთან ერთად, თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.

ასევე იხილეთ:

პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების წესი იცვლება – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური