GE

პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების წესი იცვლება – დეტალები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების ახალ წესზე მუშაობს. ამის შესახებ EDU ARIS.GE-ს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა 27 ოქტომბერს განუცხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაფინანსების დღეს მოქმედ მოდელს სამინისტრო შეინარჩუნებს, თუმცა შემოდის ახალი კომპონენტი: მიღწევებზე დაფუძნებული დაფინანსება.

„პროფესიულ განათლებაში ვცვლით დაფინანსების წესს. სწორედ ახლა ვმუშაობთ ამ წესზე. მუშავდება დაფინანსების დივერსიფიცირებული მოდელი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე იქნება დაფუძნებული. შემოგვაქვს ახალი კომპონენტი: მიღწევებზე დაფუძნებული დაფინანსება. ეს იქნება დამატებითი კომპონენტი. გარდა ვაუჩერული დაფინანსებისა, რომელიც დღეს მოქმედებს და გულისხმობს თითო სტუდენტის დაფინანსებას + საჯარო კოლეჯის ოპერირება-განვითარებისთვის აუცილებელ ხარჯს, დამატებით კოლეჯები მიიღებენ მიღწევებზე დაფუძნებულ დაფინანსებებსაც. ანუ, რაც უფრო კარგ შედეგს აჩვენებს კოლეჯი, მით მეტი დაფინანსება ექნება მას. ამით ვეცდებით წავახალისოთ კოლეჯები გახდნენ შედეგზე ორიენტირებული, ოღონდ, ეს იმუშავებს ისეთი მექანიზმით, რომ სუსტი კოლეჯი კიდევ უფრო არ დასუსტდეს და ძლიერი კიდევ უფრო არ გაძლიერდეს. დაფინანსების ახალი წესი არც კერძო კოლეჯებთან მიმართებაში იქნება დისკრიმინაციული“, – განუცხადა EDU ARIS.GE-ს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა.

ის დარწმუნებულია, რომ დაფინანსების ახლი წესის ამოქმედებით მოგვარდება და დაიძლევა ბევრი გამოწვევა, რაც გვაქვს დღეს სისტემაში. მისი განმარტებით, ეს გაზრდის პროფესიული განათლების ხარისხს და ხელს შეუწყობს კონკურენტული და ჯანსაღი გარემოს შექმნას განათლების ბაზარზე.

რაც შეეხება ვადებს, ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ სამინისტროს გეგმით, მოდელის დამუშავება 2022 წლის მარტი-მაისის თვეში დასრულდება და ფიქრობენ, რომ 2022 წლის სტუდენტთა მიღებისთვის, პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების ახალ წესზე გადასვლას უკვე მოასწრებენ.

„ახლა მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა -ყველა პროგრამაზე ერთგვაროვანი დაფინანსება აღარ იყოს. ვგულისხმობ ყველა პროგრამზე 100%-იან დაფინანსებას. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად ის პროგრამები დაფინანსდეს, ანუ იმ პროგრამებზე მიიმართოს სახელმწიფო რესურსი, რომელ პროფესიებზეც მეტი მოთხოვნაა შრომის ბაზარზე და რომელსაც მეტი დამატებითი ღირებულების შექმნა შეუძლია ეკონომიკისთვის. აქ ვფიქრობთ, რომ შემოვიდეს გარკვეული თანადაფინანსების ცნებაც. ანუ შეიძლება ბიზნესმა აიღოს თავის თავზე დაფინანსების რაღაც ნაწილი, შეიძლება მოქალაქემაც ჩადოს ამაში რაღაც რესურსი, ამაზე ჯერ ვმუშაობთ“, – ამბობს EDU ARIS.GE-სთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე პროფესიული განათლების მიმართულებით.

ასევე იხილეთ:

პროფესიულ კოლეჯებში სწავლა 8 ნოემბრიდან დაიწყება

მოამზადა ბელა გელაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური