პროფესიული სასწავლებლების ვაუჩერული დაფინანსების მოდელი არ არის ეკონომიური და მოდიფიცირებას საჭიროებს – სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პროფესიული განათლების სისტემაში უწყების მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება.
სისტემაში შეიცვალა ვაუჩერული დაფინანსების ფიქსირებული მოდელი და დაინერგა ახალი სისტემა. მოწესრიგდა სტუდენტების მონაცემთა ბაზები, ვაუჩერული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცათ კერძო კოლეჯებსაც, თუმცა დაფინანსების ახალი მოდელის მიმართულებით სხვადასხვა ნაკლოვანება გამოვლინდა.
არსებული სისტემით, პროფესიული სასწავლებლები იღებენ შემდეგი სახის დაფინანსებას:
ვაუჩერული დაფინანსებისგან/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება − გათვალისწინებულია სწავლების პირდაპირი ხარჯებისთვის − სასწავლო მასალის შეძენისათვის, პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ასანაზღაურებლად და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შშმ მოსწავლეების ხელშეწყობისთვის;
პროგრამული დაფინანსება − გაიცემა არაპირდაპირი ხარჯების ასანაზღაურებლად (ადმინისტრაციული ხარჯებისთვის) − საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალის, შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების, ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად;
მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება − გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში მინისტრის აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის საფუძველზე, სადაც უნდა განისაზღვროს პროგრამის მიზანი, შედეგი, ვადა და კვარტალური განწერა (მაგალითად, მომზადების/გადამზადების ან სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამების განსახორციელებლად).
2019 წელს სამინისტროს მიერ 62 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებისთვის გაცემულმა დაფინანსებამ 40.8 მლნ ლარი შეადგინა.
გარდა აღნიშნულისა, სამინისტრო „ინფრასტრუქტურის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის განვითარების“ ქვეპროექტს, რომლის ბიუჯეტმა 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 18 მლნ და 20 მლნ ლარი შეადგინა.
შემდგომი რეაგირების აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა დაფინანსების სისტემის ახალი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ წინა აუდიტით გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ასპექტები შესრულებულია, გამოვლინდა აღნიშნული მიმართულებით არსებული სხვადასხვა ნაკლოვანება და დაფინანსებების სისტემის გაუმჯობესების პოტენციალი.
აუდიტის სამსახურის დასკვნა:
პროფესიული სასწავლებლების თანაბარი განვითარებისა და სტუდენტებისთვის შესაბამისი ხარისხის სწავლების შესაძლებლობას უზრუნველყოფს დაფინანსების ქმედითი მექანიზმები. აღნიშნული მიმართულებით წინა აუდიტით გაცემული რეკომენდაციების ძირითადი ასპექტები შესრულებულია: ვაუჩერული დაფინანსების ფიქსირებული მოდელი შეიცვალა და დაინერგა ახალი სისტემა, რომელიც დაეფუძნა როგორც სპეციალობებში განსხვავებულ მაჩვენებლებს, ასევე სტუდენტების რაოდენობას. მოწესრიგდა სტუდენტების მონაცემთა ბაზები, ვაუჩერული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცათ კერძო კოლეჯებს, სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.
თუმცა, დაფინანსების ახალი მოდელის მიმართულებით გამოვლინდა სხვადასხვა ნაკლოვანება და დაფინანსებების სისტემის გაუმჯობესების პოტენციალი.
პროგრამული დაფინანსების ნაწილში − სამინისტროს მიერ არ შესრულებულა თავდაპირველი აუდიტით გაცემული რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გასაწევი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავებას. პროგრამული დაფინანსების საფუძველია სასწავლებლის სამინისტროსთვის მიმართვა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის წარდგენა, თუმცა არ კეთდება ანალიზი, რამდენ სტუდენტს იღებს ყოველწლიურად დაწესებულება, ასრულებენ თუ არა სწავლას სტუდენტები და ა.შ. პროგრამული დაფინანსება არ არის დაკავშირებული სასწავლებლის წარმატებასთან. ამასთანავე, არ არის საკმარისად დასაბუთებული მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პერსონალის ანაზღაურებასა და რაოდენობაში არსებული განსხვავების რაციონალური მიზეზები და დაფინანსების გაცემის მიზანშეწონილობა, რაც შესაძლოა არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვის წინაპირობა იყოს. სამინისტროს მიერ ჯამურად სასწავლო დაწესებულებებზე გაცემული პროგრამული დაფინანსება 2018 წელს ვაუჩერული დაფინანსების 71%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს − 64%-ს, რაც მაღალი მაჩვენებელია და რომლის შემცირებასთან დაკავშირებითაც, სამინისტრომ რეკომენდაცია მიიღო დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებშიც.
ვაუჩერული დაფინანსების ნაწილი − კერძო სასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა მათთვის განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში მიიღონ დაფინანსება, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, კონკურენციის ამაღლებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ კიდევ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები კერძო სასწავლებლების დაფინანსების მიმართულებით.
ვაუჩერული დაფინანსების მოდელი არ არის ეკონომიური და მოდიფიცირებას საჭიროებს როგორც განფასების, ისე სამინისტროს მიერ სასწავლებლებში დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიების მიზნობრიობის კონტროლის ნაწილში.
ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება − არ არის შემუშავებული ინფრასტრუქტურის განვითარების მკაფიო გეგმა და პრიორიტეტების განსაზღვრის წესი. შედეგად, სხვადასხვა დაწესებულებაზე გაცემულია დაფინანსება, თუმცა ვერ დგინდება პრიორიტეტულობა და პროფესიული სასწავლებლების თანაბარი ფინანსური უზრუნველყოფა აღნიშნული მიმართულებით. ამ ეტაპზე არ არის ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვით დადგინდებოდა დეტალური საჭიროებები სხვადასხვა რეგიონის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება.
რეკომენდაციები
რეკომენდაცია სამინისტროს: დაფინანსების სამართლიანი და თანაბარი განაწილების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ დაფინანსების თითოეული კომპონენტისთვის შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები:
– პროგრამული დაფინანსების პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს მეთოდოლოგია და კრიტერიუმები (სტუდენტთა კონტინგენტი, სასწავლებლის პროფილი, თანამშრომელთა რაოდენობრივი სიდიდე და სხვ.), რომელთა საფუძველზეც სასწავლებლებს მიეცემათ თანაბარი განვითარების შესაძლებლობა;
– ვაუჩერული დაფინანსებისთვის განისაზღვროს ვაუჩერული დაფინანსების ნაწილში წარმოქმნილი ეკონომიით სარგებლობის წესი და დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, წარმოქმნილი ეკონომიების შესწავლისა და ანალიზისთვის;
– ვაუჩერული დაფინანსებისთვის შეიქმნას ელექტრონული სისტემა, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს ვაუჩერის განფასების დათვლას და გამოირიცხება ხელით შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები;
– დაინერგოს პროფესიული სასწავლებლების შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა, რისთვისაც უნდა შემუშავდეს სასწავლებლების შეფასების ინდიკატორები და კრიტერიუმები. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებულ იქნეს საერთაშორისო პრაქტიკა.
პროფესიული სასწავლებლების გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურის განვითარების სამართლიანი უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია სამინისტრომ, სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, განსაზღვროს ინდიკატორები და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე დადგინდება ახალი კოლეჯების აშენებისა და სარეაბილიტაციო სამუშაობის საჭიროებები.
ამავე თემაზე:
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები
