GE

პროფესორები რექტორის ინიციატივაზე: „თუკი ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება იყოს 65 წელს ზემოთ, პროფესორი რატომ არ შეიძლება?”

„გამოცდილი კადრის გაშვება, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს დაგროვილი, სწორი არაა, ამიტომ, ინიციატივა დროულია“, – ასე აფასებენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში დასაქმებული პროფესორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ინიციატივას, რომელიც პარლამენტში უკვე შეტანილია და რომელიც აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის ასაკის 65-დან 70 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. საკითხის საკომიტეტო მოსმენაზე გატანა გასულ კვირაში განათლების კომიტეტმა პარლამენტის ბიუროსთვის თხოვნის საფუძველზე 30 დღით გადაავადა, თუმცა EDU.ARIS.GE მისი განხილვის თემას ყურადღებას მიაქცევს.

რექტორის წერილს განათლების კომიტეტი განიხილავს – რა ცვლილებებს ითხოვს თსუ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში

პროფესორები, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, მიიჩნევენ, რომ იდეა ცალსახად მისასალმებელია, ვინაიდან 65 წლის ასაკის ადამიანის პენსიაზე გაშვება არაერთი მიზეზით არის უსამართლო. პირველ რიგში კი იმის გამო, რომ ამ ასაკის ადამიანი აბსოლუტურად შრომისუნარიანია და შეუძლია ისეთივე ინტენსივობით ჩაერთოს სასწავლო თუ სამეცნიერო პროცესში, როგორც უფრო დაბალი ასაკის პირს.

თსუ-ის რექტორის მოსაზრების დამტკიცების შემთხვევაში, აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებასა და მის დაკავებას 70 წლის პირიც შეძლებს. ამ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით, კონკურსში პირს აღარ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, თუკი მან 65 წელს გადააბიჯა.

„აღნიშნული წესიდან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. მიგვაჩნია, რომ კანონის ამგვარი დანაწესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საკმაოდ პრობლემურია, რაც პრაქტიკაშიც მკაფიოდ აისახა. ვინაიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს წარმოადგენენ, მათ ან უნდა იხელმძღვანელონ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვით, ან ამ შეზღუდვის მოხსნის მექანიზმის ამოქმედებისას დააწესონ შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები, რომლებიც არ არის ასაკობრივ საკითხთან დაკავშირებული“, – ვკითხულობთ შერვაშიძის პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამ ეტაპისთვის, პროფესორის კონკურსში გამარჯვებული პირი აღნიშნულ პოზიციას 10 წლის ვადით იკავებს, ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში ეს ვადა 6 წლიანია, ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში კი – 4 წლიანი. მიუხედავად იმისა, რომ კანონი 65 წელს გადაცილებული პირის კონკურსში მონაწილეობას ზღუდავს, სახელმწიფო უნივერსიტეტები ახერხებენ ეს შესაძლებლობა მაინც მისცენ ლექტორს, რომელსაც ამა თუ იმ აკადემიურ პოზიციაზე მუშაობის ვადა ამოეწურა და ამავდროულად, 65 წელს უკვე გადააბიჯა. მათთვის ადმინისტრაცია, გამონაკლისის სახით, დამატებით ბიუროკრატიულ პროცედურებს ატარებს. კერძოდ, თსუ-ის შემთხვევაში, ფაკულტეტი ინიციატივით მიმართავს აკადემიურ საბჭოს და ასაბუთებს თუ რატომ უნდა ამა თუ იმ პირისთვის ვადის გახანგრძლივება. საკითხი აკადემიურ საბჭოზე განიხილება და კენჭისყრის შემდეგ, ასაკობრივი ზღვარის გადაბიჯების მიუხედავად, პირს კონკურსში ხელახლა მონაწილეობის უფლება ეძლევა. როგორც ჩვენი რესპონდენტები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გვეუბნებიან, მსგავსი გამონაკლისები ძალიან ხშირია. თითქმის მასიური.

ინდივიდუალურად წყდება ისიც, რა ბედი ეწევა ლექტორს, თუკი ფაკულტეტი მისთვის ვადის გაგრძელების შესახებ აკადემიურ საბჭოს თხოვნით არ მიმართავს. შესაძლებელია მათი როგორ მოწვეულ ლექტორებად დასაქმება, ისე საერთოდ სქემიდან გაშვებაც კი. ჩვენი რესპონდენტების თქმით, უმეტეს შემთხვევაში, მათ სამსახურიდან არ ათავისუფლებდნენ და მოწვეულ ლექტორებად მუშაობას მაინც სთავაზობენ. ამ ყველაფრის წყალობით კი, 70 წლამდე აკადემიური პერსონალის თითქმის ყველა წევრი უნივერსიტეტში რჩება. ამიტომ, ჩვენი რესპონდენტების აზრით, თუკი მსგავსი ბიუროკრატიული სირთულეები მოიხსნება და ასაკობრივი ზღვარის გაზრდასთან დაკავშირებით საერთო, ცენტრალიზებული გადაწყვეტილება მიიღება, ბევრად სამართლიანი იქნება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორს, განათლების მეცნიერებათა დოქტორს, ქეთევან ჭკუასელს არსებული რეგულაცია არასწორად მიაჩნია. მისი აზრით, 65 წლის ასაკის პროფესორი ჯერ კიდევ შესაბამის ფორმაშია იმისთვის, რომ ნაყოფიერად იმუშაოს, როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო კომპონენტების თვალსაზრისით. მისთვის კონკურსში მონაწილეობის უფლების არ მიცემას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ პროფესორებისთვის, ინდივიდუალურად, ვადის გაგრძელება მაინც ხდება.

„პირადად მეც ასეთი წესით დავრჩი უნივერსიტეტში. 68 წლის ვიყავი, როცა კონკურსში მონაწილეობის მიღება მომიწია. ფაკულტეტის ინიციატივით ამის უფლება უნივერსიტეტმა მომცა. პროფესორის ხელშეკრულება 10 წლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე მუშაობის უფლება 78 წლამდე მაქვს. ასეთი გადაწყვეტილებები კონკრეტულ პროფესორთან მიმართებით საკმაოდ ხშირ ხასიათს ატარებს, რაც ადასტურებს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნივერსიტეტი ითვალისწინებს პროფესორის ინდივიდუალურ მონაცემებს, პროფესიულ უნარებსა და შესაძლებლობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამ მონაცემების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას. და თუ ასეთი შემთხვევები ხშირია, მაშასადამე, ეს ასაკობრივი ჯგუფი, ჯერ კიდევ შრომისუნარიანია, რასაც ადასტურებს საპენსიო ასაკის გადაწევის პრაქტიკაც თანამედროვე რეალობაში.

„უფრო მეტიც, უნივერსიტეტში ამ ასაკობრივი ჯგუფის კადრის არსებობა აუცილებელიცაა. ხომ გაგიგიათ – ბებერი ხარის რქანიცა ხნავენო. მიმაჩნია, რომ უფროსი ასაკის პროფესურის ისტორიული დარგობრივი ცოდნა და მეხსიერება, პრაქტიკული გამოცდილება შეხამებული ახალგაზრდა კადრის ნოვაციასა და ენერგიასთან, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას. ეს ის ისტორიული მეხსიერება და გამოცდილებაა, რომელსაც ვერაფერი შეცვლის. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად მივესალმები“, – აცხადებს ქეთევან ჭკუასელი.

თუ 10 წლიანი ვადის განმავლობაში პროფესორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება და აღმოჩნდება, რომ ვერ ახერხებს სასწავლო ან სამეცნიერო პროცესის წარმატებით განხორციელებას, ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ იგი სამსახურს ნებით დატოვებს, ან უნივერსიტეტი გამონახავს შესაბამის აქტივობებს, რომ პროფესორმა შეძლოს მასზე დაკისრებული საქმიანობის შესრულება. ამით კი, გარკვეულწილად, პროფესორის ღვაწლის შესაბამისი დაფასებაც მოხდება.

„თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, ჩემი აზრით, ყოველი კონკრეტული პროფესორის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას არა მისი ასაკი, არამედ მისი შესაძლებლობები და შრომისუნარიანობა. როგორ წარმოგიდგენიათ უნივერსიტეტი ხანდაზმული პროფესორების – აკაკი შანიძის, მზექალა შანიძის, მარიამ ლორთქიფანიძის, გრივერ ფარულავას, ილია გვერდწითელის, არნოლდ ჩიქობავას, მათე მირიანაშვილის, თამაზ გამყრელიძის, თენგიზ სანაძის, არჩილ და ევგენი ხარაძეებისა და სხვათა და სხვათა გარეშე? სხვა რომ არა, მათ მოღვაწეობას უნივერსიტეტში სტუდენტისათვისაც ხომ უდიდესი აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის რექტორის და აკადემიური საბჭოს ეს ინიციატივა, ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით, სწორია და სავსებით ეთანადება არსებულ რეალობას“, – დასძენს თსუ-ს პროფესორი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე კი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა მთელს მსოფლიოში აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ასაკობრივი ზღვარის გახანგრძლივების ტენდენციაა. მაგალითად, შვედეთში, ეს ასაკი 65-დან 67 წლამდე გაზარდეს და სავარაუდოდ 70 წლამდეც გაიზრდება. ამერიკაში ასაკზე შეზღუდვა საერთოდ არ არის.

ალექსანდრე კუხიანიძე ინიციატივის წინააღმდეგი არ არის, თუმცა დასძენს, რომ მნიშვნელოვანია როგორ ფორმაშია კონკურსში გამარჯვებული, პირობითად, 69 წლის პირი ფიზიკურად და გონებრივად. შეუძლია თუ არა შეინარჩუნოს სწავლების იგივე ხარისხი 79 წლამდე, ანუ ვადის ამოწურვამდე (იმ შემთხვევაში, თუკი საქმე პროფესორს ეხება).

„როცა ამბობენ, რომ ევროპაში 65 წლის ასაკში პენსიაში გადიან, მართალია, ჩემი კოლეგა სიხარულით გავიდა ინგლისში პენსიაზე 65 წლის ასაკში, რადგან მისი პენსია თითქმის ხელფასის ოდენობისაა. იგივენაირად, ჩემი შვედი კოლეგა, როცა პენსიაზე გავიდა, მეუბნებოდა, რომ მისი პენსია იქნებოდა ცოტა უფრო დაბალი, ვიდრე ხელფასი, მაგრამ საკმარისზე მეტი. ჩვენთან კი რამდენია პენსია? 260 ლარი. ამ თანხით რომ უშვებ პროფესორს, სად უშვებ? შიმშილით რომ დაასრულოს თავისი სიცოცხლე? ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ არ წავიდნენ. იძულებულები არიან, რაც კარგი არ არის. სამხედროებს, პოლიციელებს, უფრო მაღალი პენსია აქვთ. პარლამენტის წევრებზე აღარაფერს ვამბობ. ისეთივე პენსია რომ გვქონდეს ჩვენც, ეს პრობლემაც მოიხსნება. პენსიის პრობლემა რომ არ იდგეს, ხელფასის ოდენობის, ან მისი 70 % მაინც რომ იყოს, ბევრი გავა. მათ შეეძლებათ სხვა საქმით დაკავდნენ – წიგნი დაწერონ, კვლევით პროექტებში ჩაერთონ და შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდონ. ჩვენ შემთხვევაში კი პენსია ხელფასის 9 პროცენტია.

„მეორეს მხრივ, გამოცდილი კადრის გაშვება, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს დაგროვილი, სწორი არაა, რადგან ამ დონის მიღწევას, კარგი პროფესორის სიმაღლემდე ასვლას ხომ დიდი დრო და ენერგია სჭირდება. თუმცა, აქ როტაციის პრობლემა დგება – ახალგაზრდების უნივერსიტეტში შემოყვანისა და აკადემიური პერსონალის გაახალგაზრდავების ტემპი ნელდება. ბალანსი უნდა მოიძებნოს“,- მიიჩნევს ალექსანდრე კუხიანიძე.

შარვაშიძის ინიციატივას ემხრობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათელა მაღლაკელიძეც და გვეუბნება, რომ ამ წესის შემოღება აუცილებელი და დაგვიანებულიც კია. ჩვენი რესპონდენტი თავად გახდა ასაკობრივი შეზღუდვის მსხვერპლი, რამაც მისი კარიერა, გარკვეულწილად, დააზიანა. 2017 წელს, როდესაც მაროკოს საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო და უნივერსიტეტში დაბრუნდა, რათა პროფესორის პოზიცია დაეკავებინა, მაშინდელმა რექტორმა განუცხადა, რომ 65 წელი უკვე შეუსრულდა და აკადემიური თანამდებობის დაკავება აღარ შეეძლო. იმ დღიდან იგი ილიაუნის მოწვეული პროფესორია.

„65 წლის გავხდი თუ არა, აღარავის აინტერესებდა ვინ ვიყავი, რა გამიკეთებია და რა დამსახურება მქონდა. მაშინვე ხელშეკრულებაზე გადამიყვანეს“, – ამბობს ქალბატონი ნათელა.

მისივე თქმით, ილიაუნიში ასეთი გამონაკლისი არსებობს – 65 წლის მიღწევის შემდეგ ლექტორები ან გადაჰყავთ ხელშეკრულებაზე და მოწვეულის სტატუსით რჩებიან იქ, ან საპატიო წოდება ენიჭებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელფასი მთელი ცხოვრება უნარჩუნდებათ, ლექციები კი შეუძლიათ წაიკითხონ, ან არც წაიკითხონ.

„თუკი ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება იყოს 65 წელს ზემოთ, პროფესორი რატომ არ შეიძლება? მე ხომ სპორტსმენი არ ვარ რომ 35 წლის ასაკში პენსიაზე გავიდე. 65 და თუნდაც მეტი წლის ადამიანს ყველა შესაბამისი უნარი აქვს, რაც სწავლებისა და მეცნიერული საქმიანობისთვისაა საჭირო. იცით რა, მეცნიერი, მკვლევარი, როგორც კი საკუთარ თავს შეატყობს, რომ ისე ვეღარ აზროვნებს, როგორც უწინ, დამიჯერეთ, აუდიტორიაში თავს არ შეირცხვენს და თავად წამოვა. მე ცოტა ხანს თელავის უნივერსიტეტშიც ვიმუშავე და იქ პროფესორის ასაკი შეზღუდული არ არის. 70 წელს გადაცილებული პროფესორებიც ჰყავდათ“, – დასძენს ილიაუნის მოწვეული პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე.

ინიციატივას დადებითად აფასებს სალომე დუნდუა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი თქმით, პრაქტიკა აქამდეც აჩვენებდა, რომ ასაკობრივი ზღვრის გადალახვის გამო აკადემიურ პერსონალს პენსიაზე თითქმის არასდროს უშვებდნენ და მსგავს შემთხვევებში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ხსნიდა ასაკობრივ ცენზს, რითაც პროფესორებსა თუ ასოცირებულ პროფესორებს კონკურსში ხელახლა მონაწილეობისა და შესაბამისად, სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლეოდათ.

მიიჩნევს, რომ ეს არაა სფერო, სადაც ასაკობრივი ცენზი უნდა არსებობდეს და საიდანაც ადამიანებს, მიუხედავათ მათი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებისა, მათი მიღწევებისა და სამომავლო გეგმებისა, ასაკის გამო უნდა ათავისუფლებდნენ. ჩვენს კითხვაზე, ქმნის თუ არა აღნიშნული ინიციატივა ერთგვარ საცობს სისტემაში და უშლის თუ არა ხელს ასაკოვანი პერსონალის ახალგაზრდებით ჩანაცვლების პროცესს, ქალბატონი სალომე გვპასუხობს, რომ მისთვის როგორც შედარებით ახალგაზრდა კადრისთვის, ასაკოვან და გამოცდილ კოლეგებთან მუშაობა სასარგებლო უფროა, ვიდრე კარიერულ საფეხურზე წინსვლის შემაფერხებელი ფაქტორი.

„ჩემი დაკვირვებით, ასაკოვან პედაგოგებს ხშირად აქვთ რესურსი, მისცენ ცოდნა მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს და გამოცდილება გაუზიარონ ახალგაზრდა კოლეგებს. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე რომ მისვამდეთ კითხვას, სხვანაირად გიპასუხებდით, მაგრამ აკადემიურ თანამდებობებზე ასაკობრივი შეზღუდვა არასწორად მიმაჩნია. არაერთი ასაკოვანი პროფესორ-მასწავლებელი, ჩემს გარშემო, მუდმივად არის ახლის შექმნისა და დანერგვის რეჟიმში. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს სამართლიანი ახალგაზრდების მიმართ და უქმნის თუ არა პრობლემას ამა თუ იმ პოზიციის დაკავებაში ხელს, ეს ხომ ღია კონკურსია, სადაც ახალგაზრდასაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. თუკი დაამტკიცებს, რომ უკეთესი კანდიდატია, მას აირჩევენ. კონკურსის კრიტერიუმებით თუ გათვალისწინებული იქნება კანდიდატის საქმიანობა, მაგალითად, ბოლო 10 წლის განმავლობაში და არა მთელი კარიერის მანძილზე, არ ვფიქრობ, რომ კონკურსში ახალგაზრდა კანდიდატები, ასაკოვნებთან შედარებით, მათი ნაკლები გამოცდილების გამო, წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან. რა თქმა უნდა, 70 წლის კანდიდატს ბევრად დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე 40 წლისას, მაგრამ მათი უკანასკნელი წლების შრომა უნდა ფასდებოდეს და არა საერთო მიღწევები. ასე რომ, აღნიშნული ინიციატივა არ უშლის ხელს ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში“,- აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში თსუ-ის ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა.

ასევე იხილეთ:

რექტორის წერილს განათლების კომიტეტი განიხილავს – რა ცვლილებებს ითხოვს თსუ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური