„პროგრამა, რომელიც მაღალკლასელებს პატრიოტიზმს ასწავლის“ – 100 სასულიერო პირია გადამზადებული მასწავლებლის სახლის მიერ
“ღირებულებითი განათლება სკოლებში, პროგრამა, ცოდნასთან ერთად, პატრიოტიზმს ასწავლის და გააცნობს საკუთარი ქვეყნის კულტურას”, – ასე ახასიათებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პროგრამას, რომელსაც გივი მიქანაძის უწყება საპატრიარქოსთან ერთად ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც მღვდლები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან ჩართული.
განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი პროგრამას სიახლეს უწოდებს, თუმცა მისი განხორციელება 2024 წელს დაწყებული იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებისთვის ღირებულებითი განათლების მიმწოდებელი არაფორმალური განათლების კლუბი არჩევითია, მაღალკლასელებისთვის არის, ამჟამად 53 სკოლაში ხორციელდება და კიდევ 100 სკოლა დაემატება.
როგორც განათლების სამინისტრო ამბობს, სკოლებში ღირებულებითი განათლების გაძლიერება ზოგადი განათლების ახალი ეროვნული მიზნების გამოძახილია და “ამით საშვილიშვილო საქმე კეთდება”.
“ასეთ საქმეზე უნდა ითქვას, რომ ერი და ბერი უნდა გაერთიანდესო და ასეც მოხდა ნამდვილად. 8 ეპარქიაში 100 სასულიერო პირის გადამზადების პროცესი მიმდინარეობს მასწავლებლის სახლის მიერ”, – ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე ზოგადი განათლების მიმართულებით თამარ მახარაშვილი.
“საპატრიარქოს და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით ღირებულებითი განათლების კლუბები ჩამოყალიბდა სკოლებში და თქვენ არ იცით, როგორი შიმშილი ჰქონიათ ჩვენს შვილებს… მეშვიდედან მეათე კლასის ჩათვლით, ისეთი მოთხოვნაა. [მღვდლები] პირდაპირ იწყებენ საუბარს არა ბიბლიაზე, არამედ ყოფით თემებზე. ბავშვებს ესაუბრებიან ნებისმიერ თემაზე – მეგობრობა, სიკეთე, პატივისცემა, ოჯახი, სამშობლო, ეროვნულობა და ასე შემდეგ. ამ ბავშვებთან საუბრებიდან [სასულიერო პირები] გადადიან იმ მთავარ ღირებულებებზე და იმ ყველაფერზე, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას. ტარდება სპექტაკლები – ილია, ვაჟა, აკაკი, ექვთიმე თაყაიშვილი, მარო მაყაშვილი… რა ასაკის ბავშვები ესწრებიან და როგორი სიხარულით…
ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით და ძალიან დიდი მომზადება გაიარეს ჩვენმა მამაოებმა იმისათვის, რომ რეალურად, ასეთ დიდ საქმეს შევჭიდებოდით”, – თქვა თამარ მახარაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
წამყვანის კითხვას, “როგორ ხდება აქცენტირება ეროვნულ ორიენტირებზე, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ეროვნულობა და როგორ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში”, განათლების მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:
“რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ საბოლოო ჯამში, აქ ყველა სკოლა უნდა იყოს ჩართული, თუმცა გვესმის რა ის პასუხისმგებლობა, რომ მომზადება სჭირდება ამ ყველაფერს და შესაბამისი სასულიერო პირი შესაბამისი ცოდნებით უნდა იყოს შეიარაღებული, მეთოდიკით და პედაგოგიკით, რომ შევიდეს, სწორად ესაუბროს, დაიწყოს ბავშვთან კომუნიკაცია ისე, რომ იმ მთავარ თემებზე წამოიყოლოს და მისი თანამოაზრე გახადოს. ყველა თემაზე იწყება საუბარი – მეგობრობა, ერთგულება, ნდობა, გუნდურობა და ისტორიები, ადრე როგორ ხდებოდა, როგორ იყო, კონკრეტული მაგალითები ბიბლიიდან დაწყებული, ჩვენი ისტორიით გაგრძელებული. რა თქმა უნდა, პროგრამაა ღირებულებითი განათლების…
ყველაზე ცელქი ბავშვები პირველ რიგში დაინტერესდნენ, ჯგუფები არის სავსე და არის ძალიან დიდი სურვილი…”.
განათლების მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესრულება მოსწავლეებთან მიმართებით თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა იმის მიუხედავად, თუ რომელ საგანს ასწავლის ის:
“თითოეული მასწავლებელი უზრუნველყოფს და მისი მოვალეობაა, რომ პასუხისმგებელი მოქალაქე, ამ ქვეყნის პატრიოტი გაზარდოს, რომელსაც ეცოდინება ვინ არის, საიდან მოდის და ვისი გორისაა. ეს ყველა საგნის ვალდებულებაა. ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ასე წერია, რომ ეს უნდა გააკეთოს ყველამ”.
იხილეთ გადაცემის ვიდეო: ღირებულებითი განათლეება სკოლებში
განათლების სამინისტროს მონაცემებით, გარდა ღირებულებითი განათლების პროგრამისა, სკოლის მიღმა წრეები, რომლებშიც მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ ერთვებიან მოიცავს შემდეგს: მსოფლიო რელიგიების წრე, გალობის წრე, სამხედრო საქმე და ჯარის ბანაკი.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, “რელიგიების ისტორია” არჩევითი საგანია და ჯერჯერობით 70 სკოლაში ხორციელდება – შესაბამისი მასწავლებლების ჩართულობით. რაც შეეხება გალობის წრეს, 22 სკოლაში ხორციელდება და კიდევ 24 უნდა დაემატოს.
EDU.ARIS.GE შეგახსენებთ რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და როგორი მოქალაქე უნდა აღზარდოს დოკუმენტის მიხედვით სკოლამ:
„ეს არის სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი დაკვეთა“ – რა წერია ზგემის საბოლოო დოკუმენტში
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
ასევე იხილეთ:
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება