GE

„პატრიოტიზმი ღირებულებაა და დაუშვებელია მოსწავლეს პედაგოგმა დაასწავლოს“ – როგორ შეიძლება გაღვივდეს სკოლაში ეროვნულ-პატრიოტული მუხტი?

„პატრიოტიზმი კი არ უნდა დაისწავლოს მოსწავლემ, უნდა გაითავისოს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებელი და ახალი სკოლის მოდელის ტრენერი მერი ბეჟუაშვილი, რომელსაც ვესაუბრეთ თემაზე – შესაძლებელია თუ არა პატრიოტიზმის სწავლება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ “ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებას და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და ამ მიზნით, შესაბამის რეფორმებს განათლების ყველა საფეხურზე განახორციელებენ”. პატრიპტიზმისა და ეროვნულობის საკითხს არაერთგზის იმეორებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტიც, რომლის განახლებაც ხელისუფლებამ 2004 წლის შემდეგ ახლა პირველად გადაწყვიტა.

რას შეიძლება გულისხმობდეს პრემიერ-მინისტრის მიერ ხსენებული რეფორმები ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გასაღვივებლად, საზოგადოებისთვის უცნობია. სპეციალისტები კი თვლიან, რომ: „პატრიოტიზმის, ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესის და ქვეყნის სიყვარულის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს… მაგრამ ლოზუნგური, დასწავლილი და „საზეპირო“, სადღეგრძელო პათოსი შედეგის მომტანი არაა. პატრიოტიზმი ვერ „დაისწავლება“.

„პატრიოტული პათოსი ლაიტმოტივად გასდევს, არ არის ნახსენები სიტყვა „ლიბერალური“ – სპეციალისტის დაკვირვებები ზგემ-ის პროექტზე

განათლების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ კი ზგემ-ის პროექტის შესახებ საკუთარ წერილში კონკრეტული კითხვითაც მიმართა განათლების სამინისტროს – განახლებული ზგემ-ის ავტორს: „სახელმწიფოსთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის აღზრდის მიზანი როგორ უნდა ითარგმნოს საგანმანათლებლო პროცესში? როგორ გამოიყურება ის გაკვეთილი, სასკოლო კურიკულუმი, ან სასწავლო რესურსები, რომელიც ამგვარი კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს?“.

ასეთივე კითხვა ჩნდება “ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივების” პრაქტიკაში გადატანის პროცესზეც. რა ხდება გაკვეთილზე, სადაც მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ხსენებული პატროიტიზმი უნდა გამოუმუშავდეთ?

EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი და ახალი სკოლის მოდელის ტრენერს ჩვენ შესაძლო კონკრეტული მაგალითების დასახელება და იმ მიზნების შეფასებაც ვთხოვეთ, რომელიც ზგემ-ის პროექტის თანახმად, მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შემდეგ უნდა ჰქონდეს შემეცნებული.

ლევან გიგინეიშვილი: „პატრიოტიზმის სწავლება მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებით არ ხდება, საგანმა, საგნის მასწავლებელმა უნდა გაუღვივოს“

– ქალბატონო მერი შეგიძლიათ შეგვიფასოთ სახელმწიფოს გეგმა პატრიოტიზმის გაღვივებისა თუ აღზრდის თვალსაზრისით, თქვენ როგორ დაინახეთ პროცესი?

– ასწავლოს მოსწავლეს სახელმწიფოსთან ურთიერთობის სამართლებრივი კულტურა, გააფორმოს მოსწავლესთან სამართლებრივ-პოლიტიკური ხელშეკრულება, მისცეს მას სამართლებრივი კომპეტენცია – ვფიქრობ, პატრიოტიზმის სწავლებასთან დაკავშირებით, სწორედ ეს არის სახელმწიფოს გეგმა. შესაბამისად პედაგოგიც, განურჩევლად იმისა თუ რომელ საგანს ასწავლის, უნდა იყოს მიმართული ამ კომპეტენციაზე გასვლისთვის, პრინციპში ეს ახლაც ასეა.

ზგემის პროექტში ჩაშლილია, რომ პატრიოტიზმის უნარ-ჩვევები უნდა განუვითარდეს მოსწავლეს სხვა ღირებულებებთან ერთად- ზოგადსაკაცობრიო, მორალურ, ეთიკურ ღირებულებებზეა საუბარი. ნებისმიერი გაკვეთილი, რომელიც ამ მიზანს მოემსახურება ხელს შეუწყობს ამ კომპეტენციის განვითარებას. მე ეს დავინახე, მაგრამ აქ უკვე მასწავლებელზეა დამოკიდებული, რას რატომ და როგორ ასწავლის მოსწავლეს.

– შეგიძლიათ ამ მიზნების მიღწევის საგაკვეთილო, პრაქტიკული მაგალითები დაგვისახელოთ?

– მაგალითებს დავასახელებ. ნებისმიერი სიტუაციური ამოცანა, ქეისებით სწავლებას რომ ვეძახით, ნებისმიერი დილემა ამ ღირებულების განვითარებას შეუწყობს ხელს. აი, მაგალითად, მარტინ ლუთერ კინგი დილემის წინაშე იდგა, ის იყო პატრიოტი და მასთან ერთად იცავდა ფერადკანიანების უფლებებს, სეგრეგაციისგან. მან იცოდა, რომ აუცილებლად მოკლავდნენ იდგა დილემის წინაშე მორალური დილემის, დილემებით სწავლება მოსწავლის სააზროვნო უნარ-ჩვევებსაც ავითარებს. მაგალითებით სწავლება, კონტრარგუმენტების სწავლება. „კი“ და „არას“ მაგალითები – როცა 2 პერსონაჟის შედარებითი ანალიზი ხდება, ფილმებით სწავლება, კარიკატურებსა და ილუსტრაციების გამოყენება.. ჩემი დაკვირვებით ეს აქტივობები არის ეფექტური, როცა ამ ღირებულებაზე გვსურს გასვლა.

– და ბოლოს, შესაძლებელია პატრიოტიზმის დასწავლა?

– პატრიოტიზმი კი არ უნდა დაისწავლოს მოსწავლემ, უნდა გაითავისოს. ეს არის ღირებულება და დაუშვებელია პედაგოგმა დაასწავლოს. ყოველდღიურ დინამიურობაში, შესაბამისი აქტივობებით, უნარ-ჩვევის სახით უნდა გამოუმუშავდეს. პირობისეული-ქმედითი ცოდნა უნდა შეიძინოს მოსწავლემ და არა მხოლოდ დეკლარატიული-ინფორმაციული ცოდნა. ეს კი, რასაკვირველია, პედაგოგის კომპეტენციაზეც არის დამოკიდებული. მაღალი კულტურის მოქალაქის აღზრდა საკმაოდ შრომატევადი პროცესია.

ამავე თემაზე:

ირაკლი კობახიძე: „ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებისთვის რეფორმები განათლების ყველა საფეხურზე განხორციელდება“

„სრული ქაოსია“ – რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ზოგადი განათლების ახალ ეროვნულ მიზნებში მოსწავლის ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ვწერთ

ავტორები: მზეო შველიძე და edu.aris.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური