GE

„ქალი სკოლის მასწავლებლების რიცხოვნობა – 58 000, შვიდჯერ აღემატება მამრობითი სქესის მასწავლებელთა რაოდენობას“ – საქსტატი

ზოგადი განათლების მასწავლებლები განათლების სექტორში დასაქმებულთა უმსხვილეს კატეგორიას წარმოადგენენ. ამის შესახებ საუბარია სტატისტიკურ პუბლიკაციაში, სახელწოდებით „ქალი და კაცი საქართველოში 2025“, რომელიც დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს, ქალი სკოლის მასწავლებლების რიცხოვნობამ, დაახლოებით, 58 000 შეადგინა, რაც მამრობითი სქესის მასწავლებელთა რიცხოვნობას 7-ჯერ აღემატება.

უფრო კონკრეტულად კი, 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საჯარო და კერძო სკოლებში დასაქმებული ქალი მასწავლებლების რაოდენობა 57 766, ხოლო კაცი მასწავლებლების რიცხვი 8 244 იყო.

„ქალები აღემატებიან კაცებს პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, თუმცა აქ გენდერული განსხვავებები ნაკლებად არის გამოხატული“, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

როგორ ნაწილდება მასწავლებელთა რიცხოვნობა კერძო და საჯარო სკოლების მიხედვით, იხილეთ ინფოგრაფიკა საქსტატის ანგარიშში.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში, შესაბამისი ასაკის ბიჭებისა და გოგოების წილი დაწყებით სკოლაში – დაწყებით კლასებში წმინდა ჩარიცხვა – კვლავ საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება.

„ბიჭები, უფრო მეტად, სწავლის შეწყვეტას იწყებენ სავალდებულო საბაზისო განათლების მიღების შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიულ განათლებას იღებს ბიჭებისა და გოგოების პრაქტიკულად თანაბარი რაოდენობა, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ბიჭები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი შრომის ბაზარზე აქტიური ჩართვისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პუბლიკაციის თანახმად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დაახლოებით, 17.1 ათასი ბიჭი და გოგო სწავლობს:

„გოგოები, როგორც წესი, დომინირებენ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური კეთილდღეობის, ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის, მომსახურების პროგრამებზე, ხოლო ბიჭები წარმოადგენენ სტუდენტების უმრავლესობას ინჟინერიის, წარმოების, მშენებლობის, მომსახურების და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამებზე“.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, საქსტატის მონაცემებით, ქალებს უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ უფრო მეტად სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის და სამართლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ხელოვნებაში, მეცნიერების პროგრამებში. კაცები საინჟინრო, დამამუშავებელ და სამშენებლო პროგრამებზე დომინირებენ. ანალოგიური გენდერული განაწილება დოქტორანტებშიც შეიმჩნევა.

ასევე იხილეთ:

საჯარო სკოლებში ფორმების შემოღება იგეგმება – როგორია მოქალაქეების განწყობა და ხედვა თბილისში

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური