ქართული დიპლომით საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება – არა, მაგრამ დასაქმება ძალიან რთულია
განათლების სფეროს მკვლევარებისგან მუდმივად ვისმენთ, რომ განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში კრიტიკას ვერ უძლებს. აკრიტიკებენ როგორც სკოლამდელ და საშუალო, ასევე უმაღლეს განათლებას. უმაღლესი განათლების ხარისხის ერთ-ერთ საზომად შეიძლება ჩაითვალოს ის მოცემულობა, უჭირთ თუ არა ქართული დიპლომებით ახალგაზრდებს საზღვარგარეთ დასაქმება, ან სწავლის გაგრძელება.
როგორც განათლების სამინისტროს სსიპ–ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საქართველოში აღიარებულ დიპლომებს სხვა ქვეყნებში აღიარების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. ვინაიდან აღიარების ძირითადი წინაპირობაა, დიპლომი იმ ქვეყნის მიერ იყოს აღიარებული, სადაც ის გაიცა. საქართველოში აღიარებული დიპლომის გაცემის წინაპირობა ავტორიზაციაა. სადოქტორო და რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის სავალდებულოა აგრეთვე აკრედიტაცია.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა და მობილობა თითოეული ქვეყნის კანონმდებლობით ინდივიდუალურად რეგულირდება. შესაბამისად, სწავლის გაგრძელებისა და სტუდენტთა მობილობის წინაპირობები ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა შეიძლება იყოს. ჩარიცხვის უფლების მოპოვება შესაძლებელია ენობრივი/საგნობრივი გამოცდის ჩაბარებასთან და სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასთან იყოს დაკავშირებული, ხოლო საქართველოში გავლილი სასწავლო კურსების აღიარება დამოკიდებულია იმაზე, საზღვარგარეთის უნივერსიტეტის პროგრამა, რომელზეც სურს პირს სწავლის გაგრძელება, ითვალისწინებს თუ არა მსგავს სასწავლო კურსებს.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ქართული დიპლომის აღიარება და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება არ არის პრობლემა, თუ სტუდენტი იქაური უნივერიტეტის მიერ დაწესებულ სხვა მოთხოვნებსაც აკამყოფილებს.
ევროკავშირის საგრანტო პროგრამის “ერასმუს პლუსის” კორდინატორი ლიკა ღლონტი ამბობს, რომ თუ სტუდენტებს პრობლემები შეექმნებოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი სასტიპენდიო პროგრამები, რომლებიც მუშაობს საქართველოში, ვერ განხორციელდებოდა.
„ერასმუსიც“ ამაზე მუშაობს, გერმანიის აკადემიის სტიპენდიებიც. ანუ ქართველი მაგისტრანტების, ბაკალავრების და დოქტორანტების დიპლომები აღიარებულია. ჩვენი ბაკალავრები ახერხებენ ევროპის, ამერიკის ნებისმიერ ქვეყანაში სწავლას. ანუ სწავლის გაგრძელებისთვის დიპლომის აღიარების პრობლემა არ არსებობს.
„არსებობს სპეციალური სისტემა, რომელზეც პასუხისმგებელია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და თუ მიმღებ უნივერსიტეტს გაუჩნდა რაიმე შეკითხვა, მას შეუძლია გადაამოწმოს დიპლომის ვალიდურობა. ეს არის ტექნიკური ხასიათის ამოცანა და სწავლის გაგრძელების პრობლემა არ არის“, – აღნიშნა ლიკა ღლონტმა.
EDU.ARIS.GE-მ იმ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, ჰკითხა თუ რა გზების გავლა დასჭირდათ ამისთვის და რამდენად რთული ან მარტივი იყო სწავლის გაგრძელება ქართული დიპლომებით.
ირინე ჩიხლაძე. ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნჰენის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
„ჯერ თსუ-ში დავამთავრე ბაკალავრიატი-მაგისტრატურა. მერე გერმანიაში გავაკეთე მაგისტრატურა. DAAD-ის სტიპენდია მქონდა. გერმანიაში მაგისტრატურაში ჩაბარებისთვის დამჭირდა ბაკალავრის დიპლომის აღიარება. პრობლემა არ მქონია. ორიგინალი საბუთები გავაგზავნე გერმანიაში და არ მახსოვს, ზუსტად რამდენ ხანში, მაგრამ მგონი ერთ თვეზე მეტი, აღიარების პროცედურას არ დასჭირვებია.
„სხვა დანარჩენი რასაც უნივერსიტეტი ითხოვდა, ენის სერტიფიკატი, კარგი ნიშნები და ა.შ. უკვე მქონდა წარდგენილი. მასტერს რომ მოვრჩი, გავაკეთე პრაქტიკა ბუნდესტაგში. მერე ჩამოვედი და საქართველოში 2 წელი ვიმუშავე. ახლა დავბრუნდი უკან სადოქტოროს გასაკეთებლად. ისევ DAAD-ის სტიპენდია მაქვს. დიპლომის აღიარება აღარაა საჭირო, რადგან აქაური მასტერის დიპლომი მაქვს და ძველი აღიარებული იყო.
„სახელმწიფო უნივერსიტეტების დიპლომის აღიარება უფრო მარტივია, რადგან საერთაშორისო რეიტინგებშიც არიან და აქაურ უნივერსიტეტებთანაც მეტი კონტაქტი აქვთ. ბოლონიის სისტემაა ყველგან და ესეც აღიარებას უფრო მარტივს ხდის. რაც შეეხება სამსახურს, მე არ მიცდია, რადგან სწავლის პარალელურად მუშაობისთვის საკმარისი დრო არ მქონდა. თან არც საჭიროება იყო, რადგან სტიპენდიას ვიღებდი და სრულებით საკმარისია. რაც შეეხება დასაქმების პერსპექტივებს, ზოგადად, ახალგაზრდებს ვისაც აქ ვიცნობ, იშვიათად მხოლოდ ქართული განათლებით ვინმე პროფესიით დასაქმებულიყო. მით უმეტეს, მხოლოდ – ბაკალავრიატის დიპლომით. მე, პირადად, არც არავის ვიცნობ ასეთს. არის სტუდენტური სამსახურები, ძირითადად, გამყიდველი, ბიბლიოთეკაში სამუშაო, მიმტანობა და სხვა. თუ აქაური დიპლომი აქვთ, მერე ჩვეულებრივ გადიან გასაუბრებებს და საქმდებიან. ასეთები ბევრი ვიცი“.
ქრისტინა ქორიძე. იუსტუს ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი. გერმანია.
„ვსწავლობ მაგისტრატურაში. ვმუშაობ ცხოვრების და სწავლის ხარჯების დასაფარად. პროფესიით ჯერ – არა. საქართველოში დავამთავრე თსუ, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება, ბაკალავრიატი. აქ როდესაც ჩამოვედი, ჩემი დიპლომი და ატესტატი გავგზავნე uni-assist ში სადაც უპრობლემოდ აღიარეს. კიდევ TestDaf ის გამოცდა ჩავაბარე. ახლა ვსწავლობ მაგისტრატურაზე ,“დემოკრატია და სახელმწიფო მართვა“.
ქართული დიპლომით სამსახურის დასაწყებად აუცილებელია აღიარებისთვის გაგზავნო დიპლომი. პროფესიის მიხედვით განსხვავებულია, ზოგის მთლიანად აღიარება ხდება, ზოგს კიდევ დამატებით რამდენიმე სემესტრის სწავლა უწევს.
„ერთ ადამიანს ვიცნობ, ვინც საქართველოში ტეკნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, თავისი დიპლომი და განაცხადი საქართველოდან გამოგზავნა აქ გერმანულ ფირმაში, თუმცა საქართველოშიც პროფესიით მუშაობდა. თანხმობა გაუგზავნეს და აქ მუშაობს. არანაირი აღიარება არ დასჭირდა, მაგრამ ეს გამონაკლისია, ალბათ. გამომდინარე მისი პროფესიიდან. ტექნიკური განხრის პროფესიები მოთხოვნადია“,–გვითხრა ქრისტინამ.
რაც შეეხება დასაქმებას მსოფლიო ბაზარზე, როგორც ლიკა ღლონტი ამბობს, აქ უფრო რთულადაა საქმე. იმიტომ რომ თუ უნივერსიტეტებს აქვთ ეს ქსელი, გამოცდილება ერთმანეთის დიპლომების აღიარებისა, შრომის ბაზარი ასეთი მომზადებული არ არის. აქ შეიძლება იყოს გარკვეული უნდობლობა, ანდა უბრალოდ არ იციან, შეიძლება ქვეყანა არ იციან და უნდა აუხნა ეს ამბავი.
„ეს მოკითხვის სისტემა, როგორი უნივერსიტეტი გაქვს დამთავრებული, დიპლომი ვალიდურია თუ არა, უფრო ნაკლებად მუშაობს. ამიტომ სწავლის გაგრძელებაზე ცალსახად კი, სამსახურზე უფრო გართულებულია. თუმცა აქაც გააჩნია სექტორს. სახელოვნებო სექტორში ჩვენ პრობლემები არ გვქონია, ჩვენი მუსიკოსები, ვოკალისტები, ინსტრუმენტალისტები, მხატვრები, რეჟისორებისთვის პრობლემა არ არის.
„სამართალში, რასაკვირველია, არის პრობლემა. იმიტომ რომ სისტემაც განსხვავებულია. რომ გითხრათ, რომ ჩვენი ინჟინრები მასობრივად საქმდებიან საზღვარგარეთ, არა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საბუნებისმეტყველო საგნებში პრობლემები არ გვქონია. მაგრამ, საერთოდ, ეს სფერო უფრო მეტ შესწავლას მოითხოვს ჩვენი მხრიდანაც“, – ამბობს ლიკა ღლონტი.
„ერასმუს პლუსის“ პროგრამის კოორდინატორის თქმით, წლების განმავლობაში ჩვენს ექიმებს ჰქონდათ საზღვარგარეთ დასაქმების პრობლემა. იმიტომ რომ დამატებით უამრავი გამოცდის ჩაბარებას ითხოვდნენ. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ნადირობაა ჩვენს კურსდამთავრებულებზე. მაგალითად, გერმანიაში, მასობრივად მიდიან ჩვენი ექიმები და იქ ერთი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ საქმდებიან. ანუ რაღაცა პროფესიებში მარტივია დასაქმება, რაღაცაში გართულებულია.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების წინაპირობები თითოეული ქვეყნის კანონმდებლობით განისაზღვრება. როგორც წესი, განსაკუთრებით ბოლონიის პროცესის წევრ ქვეყნებში, დიპლომის აღიარებისას უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის გათანაბრება ხდება ანუ ქართული ბაკალავრის დიპლომი უცხოურ ბაკალავრის დიპლომს უთანაბრდება და დამატებით რაიმე სასწავლო კურსების გავლა პირს არ მოეთხოვება. თუმცა ბევრ ქვეყანაში უნივერსიტეტებს შეიძლება ჰქონდეთ დაშვების წინაპირობების განსაზღვრისა და დამატებითი მოთხოვნების დაწესების უფლებამოსილება.
„რამდენადაც ცენტრისათვის ცნობილია, ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები სხვა ქვეყნებში არ არსებობს. თუ დიპლომი აღიარებულია საქართველოში და თან აკმაყოფილებს კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ (ან დამსაქმებლის მიერ დადგენილ) დამატებით მოთხოვნებს, პირი შეძლებს დასაქმებას“, – აცხადებენ ხარისხის განვითარების ცენტრში.
ქართველი ექიმების საზღვარგარეთ დასაქმების შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი უცხოური ენების ცენტრის დირექტორი ნინო აბრალავა გვიყვება, რომ დასაქმების მხრივ ის პრობლემაა, რომ გერანიაში სხვა სისტემაა. საქართველოში რომ ამთავრებენ, იქ მაინც უნდა გაიარონ რეზიდენტურა. აბრალავას თქმით, რაღაც შეუთავსებლობები არის ჩვენს კურიკულუმსა და მათ შორის. ისე ვერ დასაქმდება ასისტენტ-ექიმად, იქ უნდა ჩააბაროს ენაში გამოცდა და თავის დარგში.
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, ისეთი შემთხვევებიც აქვთ, როცა პირდაპირ ქართული დიპლომით საქმდებიან, თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია. ასეთ დროსაც ექიმად მუშაობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცდა და ენის ტესტი უნდა ჩააბარონ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, საქართველოში რეზიდენტურადამთავრებულმა იქ მაინც უნდა გაიაროს რეზიდენტურა 2 წელი.
„ის რეზიდენტურა ჩვენისგან განსხვავებულია. საქართველოში ჩვენი სტუდენტი თვითონ იხდის ფულს, რომ რეზიდენტურაში ისწავლოს. გერმანიაში ხელფასს უხდიან, კვებას ერთჯერადს და ბინის ფულს. რასაკვირველია, ეს ხელფასი არის საარსებო მინიმუმი, მაგრამ კვებას, ბინას და, ხშირ შემთხვევაში, ენის სწავლასაც უფინანსებენ, რომ მან ენაში აიღოს c კატეგორიის სერტიფიკატი. ეს წესები მიწის მიხედვით განსხვავებულია. გვქონია ისეთი შემთხვევაც, ჩვენთან რეზიდენტურა არ ჰქონია დამთავრებული, მაგრამ პირდაპირ ექიმად დასაქმებულა.
„თუმცა სხვა პროფესიებში ძალიან რთულია დასაქმება, როცა ქართული დიპლომი გაქვს. მთელი პროცესია. უნდა დაამტკიცონ, რომ იმ სფეროში არ ჰყავთ გერმანელის შესაბამისი კანდიდატურა. ძალიან იშვიათია, აქედან პირდაპირ დიპლომით წავიდნენ. მედიკოსებთან დაკავშირებით კიდევ არსებობს შემთხვევები, რადგან ძალიან მოთხონადია, სხვა სფეროში კი ძალიან რთულია“, – აცხადებს ნინო აბრალავა.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- რა წერია განათლებაზე კანონში, რომელიც 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა და პედაგოგიური წრეების კრიტიკას იწვევს by ARIS.GE-განათლება
- სტუდენტებისა და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის თეატრალური უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა by ARIS.GE-განათლება