GE

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღე – რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს

დღეს 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეა. აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტების მორიგი ვარიანტს წერენ. ამბობენ, რომ გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და იმ საკითხებს იხსენებენ, რაც დღევანდელი ვარიანტის ტესტებში მოუვიდათ.

173–ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი, ირაკლი მირიანაშვილი: „ტექსტის რედაქტირება მოვიდა დმანისის შესახებ. პატარა ტექსტი იყო. ისეთი შეცდომები აღმოვაჩინე, ძალიან თვალშისაცემი რომ არის და ყურს ჭრის. სულ ორი აბზაცი იყო და თითო აბზაცში 7-7 შეცდომა აღმოვაჩინე. სულ 14. ტექსტის გააზრებაში ნაცნობ საკითხად მოვიდა „კაცია-ადამიანი“. უცნობად ოთარ ჭილაძის ლექსი სიყვარულზე. ესე იყო დისკრიმინაციაზე ასეთი ფორმულირებით: დისკრიმინირებული ადამიანები ახდენენ დისკრიმინაციას. ანუ, ეს ადამიანებიც ყოფილან დისკრიმინაციის მსხვერპლი. მე დავეთანხმე ამ მოსაზრებას. ჯერ ზოგადად დავწერე რა იყო დისკრიმინაცია, შემდეგ მივიყვანე კონკრეტული მაგალითები და ბოლოს დავასრულე იმით, რომ დისკრიმინაცია ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და ადამიანისთვის“.

175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის აბიტურიენტი: „ძალიან კარგი გარემო იყო, დღეს კონდიციონერიც მუშაობდა. ჩართული იყო და ძალიან გრილოდა. ტესტი რთული არ ყოფილა, წესით ბავშვებს არ უნდა გაუჭირდეთ. თემებად იყო „კაცია-ადამიანი?!“- დან ერთ-ერთი ნაწყვეტი და ოთარ ჭილაძის ლექსი. არგუმენტირებული ესე დისკრიმინაციაზე იყო“.

173–ე საჯარო სკოლაში გასხნილი საგამოცდო ცენტრი, ეკა რუხაძე: „ვაბარებ ტურიზმზე. გამაგრილებელი იყო აუდიტორიაში. დიდად არ ცხელოდა. კარგი სიტუაცია იყო. დამკვირვებლბიც ყურადღებიანები იყვნენ. კალამი შეტანილი არ მქონდა. იქ მომცეს და კარგად წერდა. ტექსტის რედაქტირება მარტივი იყო, ესეც მარტივი იყო. ერთადერთი ტექსტის გააზრება გამიჭირდა – მწერლის თხრობის მანერასა და სტილზე რომ გვეკითხებოდნენ. დისკრიმინაციაზე დავწერე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ და აღვნიშნე, რომ მსოფლიოში აქტუალური თემაა. ამერიკის მაგალითიც მოვიყვანე რასიზმზე, ასევე საბჭოთა კავშირში როგორ ავიწროვებდნენ ადამიანებს.“

173–ე საჯარო სკოლაში გასხნილი საგამოცდო ცენტრი, ლუკა მაისურაძე: „ჟურნალისტიკაზე ვაბარებ. ძალიან მარტივი მომეჩვენა გამოცდა. ტექსტის რედაქტირება ადვილი იყო წინა წლებთან შედარებით. არ იყო ჩახლართული წინადადებები. მხატვრული ანალიზი ოთარ ჭილაძის ლექსზე „გამოთხოვება“ დავწერე. მართალია 6-ჯერ წავიკითხე, მაგრამ ადვილად გასაგები იყო ჩემთვის. უნდა გემსჯელა ტექსტის ლირიკურ გმირზე, განშორების მიზეზებზე და მხატვრული გამოსახვის საშუალებებზე. შიგნით კარგი სიტუაციაა, გამომცდელებმა დაგვამშვიდეს, რჩევა-დარიგებები მოგვცეს, ცოტა ვილაპარაკეთ. როგორ მხიარულ ნოტაზეც დავიწყე, ისე მხიარულ ნოტაზე გამოვედი იქიდან“.

ქუთაისის 23–ე საჯარო სკოლაში გახსნილი ცენტრის აბიტურიენტი: „ესე ეხებოდა დისკრიმინაციას. სიტყვასიტყვით არ მახსოვს განმარტება, მაგრამ დაახლოებით ასეთი იყო: დისკრიმინაციას ვინც ეწევა, ის თავად გამხდარა ადრე დისკრიმინაციის მსხვერპლი. მოვიდა ლექსი „გამოთხოვება“ და ტექსტი ლუარსაბ თათქარიძე. რაც შეეხება სამუშაო პირობებს, ნორმალური გარემო იყო, დღეს გაგვიმართლა და ამინდიც შედარებით გრილია ქუთაისში“.

ტექსტის რედაქტირება არ გაჭირვებია არაქართულენოვანი აპლიკანტების ნაწილს. როგორც ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობს, წელს უფრო მარტივი იყო ტექსტის რედაქტირების დავალება.

„შარშანდელთან შედარებით რედაქტირება წელს უფრო მარტივი იყო. სამწუხაროდ, შარშან ვერ ჩავაბარე ვერცერთ უნივერსიტეტში, თუმცა წელს ამის დიდი იმედი მაქვს, რადგან გაცილებით მარტივი მომეჩვენა. რაც შეეხება თემას, „კაცია-ადამიანი“ დავწერე, ეს უფრო მარტივად ჩავთვალე“,- ამბობს ნუბარი.

175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი, მარიამი: „ოთარ ჭილაძის ლექსი იყო „გამოთხოვება“ და ეგ დავწერე, მეორე თემა ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანიდან“ იყო. არგუმენტირებული ესე დისკრიმინაციაზე დავწერეთ. საერთო ჯამში, რთული ნამდვილად არ იყო ტექსტის რედაქტირებაც არ გამჭირვებია“.

ხვალ და ზეგ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას კვლავ დილის საათებში ჩააბარებენ. როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოცდაზე გამოყენებული ტესტების 4–ვე ვარიანტი მას შემდეგ გამოქვეყნდება, როდესაც ყველა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.

რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ ვარიანტში

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ავტორები:

ცისანა შერგილაშვილი

გვანცა ღვედაშვილი

თამთა ვირსალაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური