„ქართული სკოლის პრობლემა მისი უმოქმედობაა“ – პროფესიონალი კადრების კრიზისი სკოლებში
განათლების საკითხებში სპეციალისტების აზრით, ქართულ სასკოლო სისტემაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოების საუკეთესო ინტელექტუალური ნაწილი სკოლის მიღმა დგას. მათი თქმით, სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ ყველაზე საჭირო ადამიანებმა სკოლისკენ გამოიხედონ – რის გამოც მოტივაცია დაბალია. ამის გამო კი მწირია მოქმედი მასწავლებლების დიდი ნაწილის პროფესიული კომპეტენცია, რის დასტურადაც სპეციალისტებს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესის შედეგბი მოჰყავთ.
ეს ყველაფერი კი კომპლექსურად დასტურდება იმ შედეგით, რომ საქართველო წიგინერების დონის მაჩვენებლით კრიტიკას ვერ უძლებს.
Aris.ge-განათლება დაინტერესდა, როგორია სხვადასხვა ექსპერტებისა და თავად მასწავლებლის პროფესიაში მყოფთა პოზიციები აღნიშნულ საკითხზე. რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს სკოლებში კომპეტენტური კადრების მისაზიდად და რა ელემენტარული პირობები უნდა შეიქმნას მათი მოტივაციის გასაზრდელად.
„ რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ იმ ადამიანთა დამსახურებას, რომლებიც წლების მანძილზე კარგად აკეთებენ საკუთარ საქმეს ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის. სახელმწიფო ბევრს არაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ ყველაზე საჭირო ადამიანებმა სკოლისკენ გამოიხედონ – ამგვარი მოტივაცია უკიდურესად დაბალია. აქედან გამომდინარე და სხვა მიზეზების გამოც, მასწავლებელთა საგრძნობლად დიდი ნაწილის პროფესიული კომპეტენცია შეუდარებლად დაბალია იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რასაც მათ უყენებს ახალი საგანმანათლებლო ამოცანების გადაწყვეტის აუცილებლობა“,- ამბობს გია მურღულია.
ექსპერტის შეფასებით, პრობლემაა ასევე, არასათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობა, საგანმანათლებლო ლიტერატურის სიმწირე, პედაგოგთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარვეზები, აღზრდის სისტემის ფაქტობრივი არარსებობა და საგნობრივი სტანდარტებისა და პროგრამების უკიდურესი გადატვირთულობა.
„საგანგებოდ აღვნიშნავდი იმ პრობლემასაც, რომ ვერაფრით მოხერხდა სკოლების მართვის სისტემის დეცენტრალიზება და სასწავლო დაწესებულებებისათვის რეალური ავტონომიის მინიჭება. აშკარად ჩანს, რომ ჩვენი სახელმწიფო და მეტ-ნაკლებად საზოგადოებაც “ბოლომდე” არ ენდობა სკოლებს და მკაცრ მეურვეობას არ აკლებს“,- ფიქრობს გია მურღულია.
გია მურღულიასგან განსხვავებული პოზიცია აქვს და დაბალკვალიფიციური მასწავლებლების არსებობას უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზს უკავშირებს თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი. თამარ კაპანაძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული დაბალი განათლების დონის და ზოგ შემთხვევაში სკოლებში მომუშავე ნაკლებადკვალიფიციური კადრების მიზეზი უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული ხარვეზია.
„უმაღლესიდან თუ არ მოხდა კარგი მასწავლებლის მომზადება, არაფერი გამოვა. სკოლაში კარგი კადრი უნდა შემოვიდეს. მასწავლებლობა ყველა ადამიანს შეეძლო – მაგალითად, ზოგიერთ სოფელში უმაღლესიც კი არ აქვთ მასწავლებლებს დამთავრებული, ზოგიერთს 9 კლასის განათლება აქვს მიღებული და ისე მუშაობენ სკოლებში. ამაზეა საუბარი, რომ აუცილებელია უმაღლესიდან დაიწყოს კარგი კადრის გამოზრდა და კარგი კადრი შემოვიდეს პროფესიაში“,- განუცხადა Aris.ge -განათლებას თამარ კაპანაძემ.
პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი მიიჩნევს, რომ სკოლებში მასწავლებელთა კომპეტენციის ხარისხს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავება გადაჭრის.
„ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყოდი, რომ სკოლებში 100-ივე პროცენტი არაკვალიფიციური კადრია და არც ერთი პროცენტი კვალიფიციური. კვალიფიციური-არაკვალიფიციურის თანაფარდობა არსებობს – არიან ერთნიც და მეორენიც. იქედან გამომდინარე, რომ არის მთელი რიგი პრობლემები განათლების სისტემაში, ასევე, თვითონ პროფესია არ არის პრესტიჟული – ნაკლებ ადამიანს აქვს სურვილი, რომ მასწავლებელი გახდეს, რადგან არ ექნება საკმარისი ხელფასი, რომ არჩინოს ოჯახი და საკუთარი თავი. ნებისმიერი ადამიანისთვის ხელფასი არის მოტივატორი და ასევე სკოლაში არსებული პირობები. აქედან გამომდინარე, პროფესიული განვითარებისა და კარიერული სქემა, რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა, ვფიქრობ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წინაშე დღეს მდგარ მთელ რიგ პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ სკოლებში გამოსწორდება სიტუაცია, არამედ უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიხვეწება მდგომარეობა. უმაღლესი განათლების პროგრამები დაიხვეწება და ნაცვლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურისა, უმაღლესი შემოგვთავაზებს მასწავლებლის განვითარების 5-წლიან პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგაც გამოვა დიპლომატიური სპეციალისტი“,- აღნიშნავს თამარ კაპანაძე.
სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს არც თუ ისე პოზიტიურად აფასებს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნონა ქეცბაია და პროფესიონალი კადრების პრობლემაზე საუბრისას ამბობს, რომ ქართული სასკოლო განათლება არაადეკვატურად რეაგირებს თანამედროვეობის გამოწვევებზე. მისი თქმით, საჭიროა სასწავლო პროცესის სხვაგვარი ორგანიზება და სხვაგვარი მიდგომა მოსწავლეთა აღზრდის მიმართ.
„ყველა ბავშვს, მცირე გამონაკლისის გარდა, აქვს უნარი წარმატებით აითვისოს საშუალო სკოლის პროგრამის კურსი. მოსწავლეებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვაგვარი განსხვავებულობანი, მიდრეკილებები და სასწავლო პროცესში სწორედ ეს არის გასათვალისწინებელი. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უნდა იყოს კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც ხდება მოსწავლეთა ტიპოლოგიური, ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური განსაკუთრებულობების გათვალისწინება. ვფიქრობ, ქართული სკოლის პრობლემა მისი უმოქმედობაა“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ნონა ქეცბაიამ.
რაც შეეხება განათლების დაბალი დონის გამომწვევ მიზეზებს, ქეცბაია აცხადებს, რომ საკითხი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ.
„რა თქმა უნდა, არის კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება სკოლაში სწავლის მოტივაციის ნაკლებობაზე. რაც არ უნდა ბევრს შრომობდეს ესა თუ ის მოსწავლე სკოლის პერიოდში, მას სხვებთან ერთად მაინც უწევს როგორც საატესტატო, ისე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. იქმნება პრეცენდენტი, რომ მხოლოდ ერთი ან ორი წლის სწავლითაც შესაძლებელია აბიტურიენტმა მიაღწიოს წარმატებას. მაღალი დონის პროფესიონალები უნდა აღზარდოს უნივერსიტეტმა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც უმაღლესი განათლება იძლევა ჩვენში მეტად დამაიმედებელ შედეგებს. აბიტურიენტი არჩევანშიც უფრო თავისუფალია და თითქმის გარანტირებული აქვს სტუდენტობა. მას არ უჩნდება არავითარი სურვილი თანმიმდევრული შრომისა და განათლების მიღებისა“,- ამბობს ფილოლოგიის დოქტორი.
მაღალი დონის პროფესიონალებისგან სკოლაში მუშაობის დაწყების სურვილის გაჩენისთვის, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული წინაპირობების შექმნაზე საუბრობს სიმონ ჯანაშია.
„ერთია შრომის შესაბამისი ანაზღაურება, მეორე – სამუშაო პირობები. მას უნდა შეეძლოს სკოლაში დაჯდეს, იმუშაოს თავისი გაკვეთილების დაგეგმვაზე, სტრატეგიაზე. მას ასევე აუცილებლად უნდა ჰყავდეს ნორმალური კოლეგები, ანუ ატმოსფერო უნდა იყოს აუცილებლად კარგი, ისეთი კოლექტივი, რომელიც აფასებს მუშაობას, ახალისებს განვითარებას და ცხადია, ეს უნდა იყოს გარემო, სადაც მუშაობენ სხვა პროფესიონალები. ერთ–ერთი, რაც ხელს უშლის სისტემაში პროფესიონალების შესვლას, მათი კოლეგების ნაწილია, რომლებიც სკოლებში არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში მიუხედავად იმისა, რომ მათი კომპეტენცია და მუშაობის ხარისხი არ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს“,- ამბობს Aris.ge-განათლებასთან სიმონ ჯანაშია.
საწინააღმდეგოს ფიქრობს განათლების სპეციალისტი მანანა ნიკოლაიშვილი და ამბობს, რომ სასკოლო სისტემაში კადრების კრიზისი არ არის. რაც შეეხება წიგნიერების დაბალი დონისა და ახალგაზრდების ცუდი განათლების მთავარ მიზეზს, ამის გამომწვევად ნიკოლეიშვილი სახელმწიფოს არასწორ საგანმანათლებლო სტრატეგიას და არასწორ პოლიტიკას ასახელებს.
„სკოლებში საკმაოდ არიან კომპეტენტური კადრები და მცოდნე მასწავლებლები. არ არსებობს სკოლა, რომელშიც ბირთვი არ იქნება ძლიერი მასწავლებლების. განათლების ხარისხის ვარდნის ყველაზე დიდი მიზეზი კი არის ის, რომ გასულ წლებში ეროვნულ სასწავლო გეგმაში საგნების სასწავლო რაოდენობა შეამცირეს. არის ცუდი პროგრამები, ცუდი სტანდარტები, ცუდი სახელმძღვანელოები და მცირე სასწავლო დრო. ეს არის დაბალი წიგნიერების დონის მიზეზიც. მხოლოდ მასწავლებლების კომპეტენცია არ არის რაიმეს მიზეზი“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას მანანა ნიკოლეიშვილმა.
მისივე პოზიციით, შესაცვლელია სკოლების დაფინანსების წესიც. როგორც ის აღნიშნავს, საჯარო სკოლების განვითარებისთვის ბიუჯეტის გამოყოფაა საჭირო.
„დაფინანსება უნდა მისცენ სკოლებს და მასწავლებლებს ხელფასი. საჭიროა კარგი წიგნები, მეთოდიკა. ხარისხი როგორ უნდა მიიღო, როდესაც სახელმწიფოში პედაგოგიკის ინსტიტუტი არ არსებობს? დახელოვნების ინსტიტუტი არ არსებობს და „მასწავლებლის სახლი“ საერთოდ ვერ ამართლებს, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგების მომზადება არ ხდებას და სახელმწიფოში მეთოდოლოგიაზე არავინ არ მუშაობს, არანაირი ცენტრები არ არის.. დახელოვნების ინსტიტუტები რომ დახურეს თავისი ფილიალებით, ის მაინც გაეხსნათ ხელახლა. არ არსებობს არც განვითარებული და არც განუვითარებელი სახელმწიფო, რომელშიც მეთოდოლოგიაზე და პედაგოგიკაზე ინსტიტუტები არ მუშაობდნენ. რა ხარისხზეა ლაპარაკი ასეთ პირობებში? და, ასეთ ფონზე ყველაფერს აბრალებენ საცოდავ მასწავლებლებს. გაყარონ ეს მასწავლებლები და მაინტერესებს ვის შემოიყვანენ? წერა–კითხვის უცოდინარ ბაკალავრებს?! ეს მასწავლებლები მაგისტრები არიან“,- ამბობს ნიკოლაიშვილი.
მაღალკვალიფიციური კადრების პრობლემაზე Aris.ge-განათლებას კერძო სკოლა „მერმისის“ დირექტორი ქეთი დოლიძეც ესაუბრა. იგი ამბობს, რომ სკოლებში დაბალკვალიფიციური კადრების პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა სახელფასო ანაზღაურების ზრდა არ არის. დოლიძე მიიჩნევს, რომ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგები არა ფულის, არამედ ახალი თაობების აღზრდის მოტივით უნდა მუშაობდნენ.
“სკოლის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი საწინდარი გახლავთ კადრი. ამ მხრივ შედარებით უკეთესი სიტუაციაა კერძო სკოლებში, რადგან შექმნის დროს აკომპლექტებენ მაღალი სტანდარტების მქონე პედაგოგებით. თვითონ სკოლა უნდა აფასებდეს ყველაზე კარგად პედაგოგს. აუცილებლად უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა მასწავლებლების ანაზღაურების მხრივ, მაგრამ მე ამას ნომერ პირველ პრობლემად არ მივიჩნევ, რადგან სკოლაში უნდა მუშაობდეს ადამიანი, რომელსაც სკოლა უყვარს, ბავშვი უყვარს და თავისი საქმის ქომაგია. დავუშვათ ანაზღაურება არ აქვს, დაანებოს იქ მუშაობას თავი და მოძებნოს შესაფერისი სამუშაო“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ქეთი დოლიძემ.
განათლების ხარისხზე ქუჩის არაერთი გამოკითხვა მეტყველებს. როგორია განათლების დონე საქართველოში? – ამ კითხვაზე პასუხს სხვადასხვა მედიასაშუალება სხვადასხვა ხერხით მუდმივად ეძებს. რესპონდენტებსაც, თემატურად, უმაღლესი სასწავლებლების მიმდებარედ ეძებენ.
ვინ დაწერა დედაენა? ვინ დაარსა თბილისი? სად ჩაედინება მდინარე ნილოსი? რა ჰქვია პლანეტას, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ? – ეს იმ კითხვების ნაწილია, რომლებსაც „ინტრიგანი“ ჟურნალისტები სვამენ და თუკი რესპონდენტების პასუხებით ვიმსჯელებთ, მათზე პასუხის გაცემა საქართველოს მოსახლეობის ნაწილს უჭირს.
რატომ არის წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალი – ამ თემაზე რეპორტაჟი Aris.ge-განათლებამაც მოამზადა.
საქართველოში წიგნიერების მხრივ არასახარბიელო შედეგებს განათლების სამინისტროშიც ადასტურებენ. პრობლემის შეფასებისას, ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ წიგნიერების დაბალი დონის უმთავრესი მიზეზი განათლების სისტემაში ხშირი ცვლილებები და მუდმივი „ექსპერიმენტების“ ჩატარებაა. მათი თქმით, განათლების სფერო ყველაზე სენსიტიური სივრცეა და თანმიმდევრულ, სტაბილურ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას საჭიროებს.
გიორგი არის© ხურცია
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან