ქართულში სულ 20 უმაღლესი შეფასება დაიწერა – გაიცანით ზოგიერთი მაღალქულიანი აბიტურიენტი
დღეს, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოქვეყნდა. როგორც გაირკვა, უმაღლესი, 70 ქულა ამ საგანში მხოლოდ 20-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ჩვენ ხუთ მათგანს გაგაცნობთ. EDU.ARIS.GE სამ უმაღლესქულიან და ასევე ორ მაღალქულიან აბიტურიენტს ესაუბრა. აქვე გეტყვით, რომ მაღალი ქულები ქართულში წელს არაერთმა აბიტურიენტმა მოიპოვა და თითოეული მათგანის შედეგი საამაყოა.
მათ დიდი მიზნები და ასევე დიდი პერსპექტივები აქვთ. არჩეულ პროფესიებს სხვადასხვა უნივერსიტეტში დაეუფლებიან, სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლასაც გეგმავენ, თუმცა, ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ წარმატებული კარიერის აწყობას მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში ისურვებდნენ.
ჩვენი პირველი რესპონდენტი, უმაღლესი – 70 ქულის მქონე, ბარბარე გვენეტაძეა. თბილისის 128-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და სამომავლოდ ექიმობას, უფრო კონკრეტულად კი გასტროენტეროლოგობას გეგმავს. სამედიცინო სფერო მისი დიდი ხნის ინტერესია, რომელიც იმის გამო მოსწონს, რომ ადამიანების დახმარებას შეძლებს.
ამბობს, რომ მაღალ ქულას ელოდა, თუმცა უმაღლესს – არა. სკოლაში ყოველთვის კარგად სწავლობდა, ოქროს მედალზეც დაასრულა, თუმცა ბოლო ერთმა წელმა და ქართულის რეპეტიტორთან მეცადინეობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
გამოყოფს ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი მამის მხარდაჭერას და ამბობს, რომ მამა მას თითოეულ გამოცდაზე გარედან გულშემატკივრობდა და დასრულებამდე საგამოცდო ცენტრთან ელოდა.
„ჩემი მასწავლებელი ელოდა ჩემგან უმაღლეს ქულას, მე უფრო არა. არ მიმაჩნდა, რომ ქართული ჩემი ძლიერი მხარე იყო. ეს შედეგი რეპეტიტორის, დარეჯან თოლორაიას დამსახურებაა. მან მომცა მიმართულება და განსაკუთრებულად შემაყვარა“, – აღნიშნავს ბარბარე.
მას დიდი სამომავლო გეგმები აქვს. უხოეთში სასწავლებლად წასვლაზე ჯერ არ ფიქრობს და მიიჩნევს, რომ საფუძლიანი განათლების მიღება საქართველოშიც შესაძლებელია. უნდა, რომ წარმატებული ექიმი, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში გახდეს.
„ისეთ პროფესიას ვირჩევ, რომ პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად მომეთხოვება. ვფიქრობ, პირველ რიგში, პიროვნულად უნდა ვიყო განვითარებული, რათა პროფესიაშიც წარმატებას მივაღწიო“, – ამბობს ბარბარე.
კიდევ ერთი გოგონა, რომელმაც მოახერხა და 70 ქულიანების არცთუ დიდ ჩამონავალში მოხვდა, ნინი კვინიკაძეა, თბილისის მეათე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. ნინი ინფორმაციული ტექნოლოგიების მომავალი სპეციალისტია და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აბარებს.
ამ პროფესიით განსაკუთრებულადაა დაინტერესებული, რადგან ფიქრობს, რომ ამ საუკუნეში იგი ყველაზე შესაფერისი და პერსპექტიულია. მიიჩევს, რომ მისი წარმატება საგნის სიყვარულმა, ოჯახის მხარდაჭერამ და რაც მთავარია, პედაგოგმა განაპირობა, რომელსაც საკმაოდ საინტერესოდ აღწერს.
„უპირველესად, ეს საგანი ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ოჯახის მხარდაჭერასაც ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს, თუმცა მთავარი მაინც პირადი ინტერესია. ამავდროულად, სასწაული რეპეტიტორი მყავდა, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება სრულიად გარდაქმნა. ვფიქრობ, საგნისადმი სიყვარული მისმა საინტერესოობამ, არაორდინალურმა პიროვნებამ და ასეთივე ხედვებმა გამოიწვია. ჩემი მომავალი საკმაოდ კარგი წარმომიდგენია. საქართველოში მინდა წარმატებული კარიერა და ვფიქრობ, მაშინ ვიქნები შემდგარი, როცა მივხვდები, რომ ყოველდღიურობაც კი არ მექნება მოსაწყენი”, – აცხადებს ნინი.
მარიამ ხაჩიძეც ერთ-ერთია იმ 20 აბიტურიენტიდან, რომელთაც ქართულში უმაღლესი – 70 ქულა აიღეს. მრიამმა დაბა სურამის #1 საჯარო სკოლა დაასრულა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების დასაუფლებლად ემზადება.
ამბობს, რომ მისი წარმატება საგნის სიყვარულმა განაპირობა. მისთვის ხელისშემშლელი არც პანდემიის გამო შქმნილ სიტუაცია და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა აღმოჩნდა.
„სკოლაშიც არაჩვეულებრივად მასწავლიდნენ და ჩემი ასეთი შედეგი ქართულის პედაგოგის დიდი დამსახურებაა. თუმცა, ვიტყვი იმასაც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეპეტიტორის მომზადებაც ძალიან დამეხმარა და ასევე, ონლაინ გაკვეთილები. გრამატიკა ბავშვობიდან მიყვარს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ქართული ენის პედაგოგს. მისი გაკვეთილების მოსმენა ძალიან მსიამოვნებდა. არა მხოლოდ გრამატიკას, ლიტერატურასაც არაჩვეულებრივად გვასწავლიდა და მეტწილად ამან განაპირობა ჩემი ამ საგნისადმი სიყვარული, მისი არაორდინალური გაკვეთილებიც დიდ მოტივაციას მაძლევდა.
„დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ ნამდვილად იმოქმედა, რამდენიმე კვირა დამოუკიდებლად მომიწია მეცადინეობა. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან იმოქმედებდა და ჩემს შედეგს საგრძნობლად შეამცირებდა, რადგან ონლაინ მეცადინეობა ძალიან რთულია, უფრო მეტ დროსაც მოითხოვს და ენერგიასაც. თუმცა, კარგად გავუმკლავდი. პედაგოგი ძალიან დამეხმარა“ , -ამბობს მარიამი.
მარიამი საკუთარ წარმატებაში ოჯახის წვლილსაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ოჯახის წევრების თანადგომა მას ყველაზე მეტად დაეხმარა.
„ყველანაირად ხელს მიწყობდნენ ფინანსურადაც, მორალურადაც. ონლაინ გაკვეთილების დროსაც მაქსიმალურად მეხმარებოდნენ, რათა ხელი არაფერს შეეშალა და მშვიდ გარემოში შემძლებოდა მეცადინეობა.
„თავს არ დავზოგავ რომ წარმატებული მომავალი მქონდეს. ვგეგმავ სწავლა უცხოეთში გავაგრძელო, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოვყალიბდე, მერე საქართველოში დავბრუნდე და საქმიანობას აქ, ახლობლების გარემოცვაში შევუდგე. კმაყოფილი ვიქნები, თუ ჩემი არჩეული პროფესიით დავსაქმდები სასურველ პოზიციაზე და ქვეყნის განვითარებაში დიდ წვლილს შევიტან. აი მაშინ ვიფიქრებ, რომ ჩემი კარიერა შედგა”, – აცხადებს მარიამი.
მარიამ გორდაძემ კი ქართულ – ამერკული უმაღლესი სკოლა დაამთავრა. ამბობს, რომ გამოცდაზე მისი წარმატბა მთლიანად სკოლს და ქართულის პედაგოგის დამსახურებაა, რომელმაც ეს საგანიც და მშობლიური ენაც განსხვავებულად დაანახა და განსაკუთრებულად შეაყვარა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კარგად სწავლობდა, არ ელოდა, რომ 70-დან 69 ქულას აიღებდა.
სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში აპირებს, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე. ფაკულტეტი იმ ნიშნით შეარჩია, რომ საქმიანობებისა და სპეციალობების ფარო სპექტრს მოიცავს. ჯერ ზესტად არ იცის რისი კეთება უნდა სამომავლოდ და ფიქრობს, რომ არჩევანს სამომომავლოდ გააკეთებს.
„ზოგადად, ეს საგანი მიყვარს მარამ ჩემი წარმატება მთლიანად ჩემი მასწავლებლის, მარი ლაცაბიძის დამსახურებაა. შემიძლია ვთქვა, რომ ქართული მან შემაყვარა. იმდენად პროფესიონალია და ისეთი დამოკიდებულება აქვს ქართული ენისადმი, რომ შენც ავტომატურად გაყვარებს. მისი ძალიან მადლობელი ვარ. ვფიქრობ რომ მასწავლებლის როლი გადამწყვეტია, კერძო სკოლაში იქნება ეს, თუ საჯაროში, მთლიანად მასწავლებელზეა დამოკიდებული. ალბათ, სხვა საგნებშიც მაღალი ქულები მექნება და გრანტსაც ავიღებ. მაგისტრატურაზე სწავლას აუცილებლდ გავაგრძელებ და უცხოეთში წასვლას ვფიქრობ, თუმცა სხვა ქვეყანაში მუშაობას არ ვაპირებ. მინდა, რომ წარმატებას ჩემს ქვეყანაში მივაღწიო“, – ამბობს მარიამი.
ჩვენი ბოლო რესპონდენტი კი 68 ქულის მქონე გუგა მაღლაკელიძეა ჭიათურიდან, რომელმაც წმ. ანდრია პირველწოდებულის ჭიათურის მართლამადიდებლური სკოლა დაასრულ.ა. გუგაც მომავალი ექიმია – ოფთალმოლოგი. ამ განხრის არჩევა საკმაოდ უჩვეულო გარემოებამ გადააწყვეტინა – გუგას, მხედველობის პრობლემების გამო, თავად სჭირდებოდა ოფთალმოლოგი. მკურნალობის პროცესში კი, საქმიანობამ იმდენად დააინტერესა, რომ გადაწყვიტა თავადაც შეესწავლა, თანაც, პროფესიულ დონეზე.
„ასეთ ქულას საერთოდ არ ველოდი. სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი, არაფრით გამორჩეული. ბოლო წელს ყველაფერს თავი მოვუყარე, მოვემზადე. სამი სკოლა გამოვიცვალე, მაგრამ ქართულის მასწავლებელი ყველგან კარგი შემხვდა. თითოეულმა, ჩემი ამ საგნისადმი სიყვარულში, თავისი წვლილი შეიტანა. ბოლო წელს კი, რეპეტიტორმა, ეს სიყვარული კიდევ უფრო გააღვივა, ჩემს გულში ფესვები გაადგმევინა და მან კიდევ უფრო დიდი როლი ითამაშა. ინგლისურსა და ქიმიაშიც მაღალ ქულებს ველოდები.
„არ ვეთანხმები სტერეოტიპს, რომ რაიონის სკოლებში სწავლის უფრო დაბალი ხარისხია. რაიონის სკოლებში უფრო ნალები ბავშვია და სხვანაირი გარემოა, სხვანაირი სიყვარული, რომელიც გცვლის და გაიძულებს ბოლომდე მოტივირებული იყო, შენი მაქსიმუმი გააკეთო. მე პირადად, დიდ სოციუმში ყოფნას, ყოველთვის, პატარა სოციუმში ყოფნა მირჩევნია.
„სამომავლოდ, უცხოეთში შეიძლება წავიდე სასწავლებლად, მაგრამ მუშაობა მხოლოდ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში მინდა. პირველ რიგში ჩემ ხალხს მინდა დავეხმარო და მერე დანარჩენებს. კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როცა თუნდაც ერთ ადამიანს დავეხმარები და თვალის ჩინს დავუბრუნებ“, – ამბობს გუგა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები დღეს გამოქვეყნდა.
იხილეთ ჩვენი რესპონდენტების ქულები:
„ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობ“ – გოგონა ლაგოდეხიდან, რომელმაც ბიოლოგიაში უმაღლესი ქულა მიიღო
59, 58, 56 – გაიცანით გოგონები და ბიჭი რომელთაც მათემატიკის გამოცდაზე უმაღლესი ქულები აიღეს
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება