GE

„ქართველი დიპლომატების შვილებს უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების საქართველოში აღიარებაზე წინაღობა ექმნებათ“

„ქართველი დიპლომატების შვილებს გარკვეული წინაღობა ექმნებათ უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების საქართველოში აღიარებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მარიამ ლაშხი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ლაშა მარგიშვილსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დიპლომატების შვილებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, კლასიდან კლასში გადაყვანა უნდა გამარტივდეს, საკვირაო სკოლებში კი ქართული ენა და ლიტერატურა უნდა ისწავლებოდეს.

„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე. განვიხილეთ, როგორ შეიძლება გამარტივდეს კლასიდან კლასში გადაყვანის საკითხი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ცოდნის აღიარება. ასევე ვისაუბრეთ, რომ დიპლომატების შვილებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, შესაძლებლობა ჰქონდეთ ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოს ისტორია ისწავლონ უცხოეთში მოქმედ საკვირაო სკოლებში, რაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ სასწავლო პროგრამასთან სწრაფ ადაპტირებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური