რა არის არტეფაქტი და როგორ გამოვიყენოთ ის ისტორიის სწავლების პროცესში
თვალსაჩინოებით სწავლების მეთოდს, სხვა კოლეგების მსგავსად, ისტორიის პედაგოგებიც აქტიურად იყენებენ. ხელნაკეთი ნივთები, ისტორიული დღიურები, ხელსაწყოები, ტანსაცმელი. ეს ყველაფერი, ისტორიის ენაზე, რომ ვთქვათ არტეფაქტებია. როგორც პედაგოგები ამბობენ, არტეფაქტების ხილვა არა მხოლოდ მუზეუმშია შესაძლებელი, არამედ მისი დამზადება მასწავლებელს თავადაც შეუძლია.
საინტერესოა, რა ითვლება არტეფაქტებად, როგორ ამზადებენ და რა უპირატესობა აქვს მის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში. ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ისტორიის მენტორმა პედაგოგმა, მარინა ტარუღიშვილმა.
– პირველ რიგში, გვითხარით, რა ითვლება არტეფაქტებად?
– არტეფაქტი არის ადამიანის ხელით დამზადებული უძველესი ნივთი, რომელსაც არქეოლოგები მოიპოვებენ. ისინი ისტორიაში უძველეს პერიოდს იკვლევენ. არქეოლოგია ისტორიული მეცნიერების ქვედარგია, რომელიც აღმოაჩენს და შეისწავლის ნივთიერ მასალას, ანუ არტეფაქტებს.
– სკოლებში რა ტიპის არტეფაქტებია წარმოდგენილი?
– არტეფაქტების გასააზრებლად, სკოლებში, ძირითადად, მოსწავლეთა ხელით დამზადებული საინფორმაციო პლაკატებია, რომელსაც მასწავლებლის მითითებით ქმნიან. ამით მოსწავლეები ეცნობიან, თუ რა ტიპის არტეფაქტები არსებობს. ამ ყველაფერს სახელმძღვანელოს ილუსტრაციებითაც იგებენ. გარდა ამისა, მასწავლებლებს მოსწავლეები მიგვყავს მუზეუმში და იქ ეცნობიან არტეფაქტებს. ხშირად გვიწევს ელექტრონული პრეზენტაციების შექმნაც არტეფაქტების შესახებ, რათა მოსწავლეთათვის უფრო თვალსაჩინო და საინტერესო გახდეს.
– რისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეებს არტეფაქტები ვაჩვენოთ?
– არქეოლოგები თითოეულ ნივთს დაწვრილებით შეისწავლიან და აღწერენ. ისინი ადგენენ ნივთის შექმნის თარიღს და არკვევენ, თუ რას საქმიანობდნენ ადამიანები, რომელთაც ეს ნივთები ეკუთვნოდათ. არქეოლოგიური მასალის შესწავლით ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება. ცვალებადობის ფენომენის გასააზრებლად, ძალიან პროდუქტიულია მუზეუმში არსებული არტეფაქტების ჩვენება; ეპოქის, საზოგადოებისა და ისტორიულ პროცესებზე სივრცე-დროითი ასპექტების კვლევა. გარდა ამისა, საგანმანათლებლო სივრცეში ძალიან ცნობილი მეთოდია კეთებით სწავლება. „მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“ – კონფუცის ცნობილი გამონათქვამია. „გამაკეთებინე და გავიგებ“ არის ფუნდამენტი, რომელსაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება. კეთებით სწავლების, ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენების დროს, შესაძლებელი ხდება ზუსტი ინსტრუქციის მიწოდება. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა აჩვენოს, როგორ გააკეთოს ესა თუ ის არტეფაქტი და მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს, თუ რას მოელიან მისგან და როგორ ფასდება მისი წარმატება.
– თქვენ ახსენეთ, რომ პედაგოგს თავადაც შეუძლია არტეფაქტის დამზადება, რა დასჭირდება ამისთვის?
– რასაკვირველია, შეუძლია და უნდა შეძლოს კიდეც. შეიძლება, არტეფაქტი პედაგოგმა დაამზადოს ან მოსწავლეს აჩვენოს და დაამზადებინოს. ყველაზე მარტივად შესაძლებელია, რომ არტეფაქტი თიხით, პლასტილინით, მუყაოთი ან ხისგან დამზადდეს. მაგალითად, პრეისტორიული პერიოდის შესწავლისას, ჩემი რეკომენდაციით, მოსწავლეებმა დაამზადეს პირველყოფილი ადამიანის მძივი და სამაჯური, რომელიც ნიჟარებითა და ლამაზი კენჭებით, წებოს გამოყენებით დაამზადეს. აგრეთვე, პლასტილინითა და ფერადი ქვების გამოყენებით დაამზადეს თრიალეთის ოქროს თასი, ხის ოთხთვალა ეტლი, რომელსაც ყორღანში ათავსებდნენ ადამიანები.
მეტი თვალსაჩინოებისათვის, პედაგოგს შეუძლია, გამოიყენოს ციფრული თხრობა, ან 3D და ელექტრონულად, ბავშვების თვალწინ შექმნას რესურსი. ეს მოსწავლეებს არასდროს დაავიწყდებათ.
– გაუზიარეთ ხელნაკეთი არტეფაქტის მაგალითი კოლეგებს, როგორ დავამზადოთ და რისთვის გამოვიყენოთ?
– მაგალითად, თუ მოსწავლეებს ვუტარებთ გაკვეთილს პრეისტორიული სამყაროს შესახებ, შეგვიძლია, მრავლად გამოვიყენოთ არტეფაქტების იმიტაცია: მშვილდ-ისარი, დანები, საფხეკები, წვეტანები, აგრეთვე, პირველყოფილი საცხოვრისები.
კოლეგებს გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას და ვეტყვი, რა ხერხებით შეუძლიათ იხელმძღვანელონ:
კლასიკური ხერხი. მოიმარაგეთ თიხა, პლასტილინი, მუყაო, ხე (მასალა არ არის შეზღუდული). მასწავლებლის რეკომენდაციით, მოსწავლეები დაამზადებენ ნივთებს. ნივთის მოტანის დღეს მოსწავლეები ჯგუფებად დაყავით, დაავალეთ, რომ ყველა ჯგუფმა ცალ-ცალკე მოიფიქროს სცენარი როლური თამაშისთვის და წინასწარ მოემზადონ მომდევნო გაკვეთილისთვის, რომელზეც საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციის გაკეთება მოუწევთ.
თანამედროვე ხერხი. სასწავლო პროცესში ეფექტურად ვიყენებ მაინკრაფტს, ანუ თამაშით სწავლას. მოსწავლეთა ხელით შექმნილია პრეისტორიული სამყარო, რომელშიც არის ნადირობის სცენა და გამოყენებულია არტეფაქტების იმიტაცია: მშვილდ-ისარი, დანები, საფხეკები, წვეტანები. პირველყოფილი სამყაროს გასააზრებლად, ძალიან საინტერესოა ცეცხლი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აგრეთვე, აგებულია პირველყოფილი საცხოვრისები. მაინკრაფტში ასევე არის შექმნილი რომაული საზოგადოება, რომელშიც იმპერიის პერიოდის რომია წარმოდგენილი. გლადიატორთა ბრძოლა და მათი იარაღები, იმპერატორის გვირგვინი (ეს შეიძლება, მუყაოსგანაც დამზადდეს).
დღეს მოსწავლეებს ხელი მიუწვდებათ ციფრულ ტექნოლოგიებზე. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს შესთავაზოს არჩევანი, ის თავადაც უნდა იყოს გარკვეული ტექნოლოგიებში და მუდმივად ეცნობოდეს მათ განვითარებას. შეუძლებელია, მხოლოდ სახელმძღვანელოს გამოყენებით ვასწავლოთ დღევანდელ მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნების, კულტურებისა და ადამიანების შესახებ. მათ უნდა მივცეთ საშუალება, ტექნოლოგიების გამოყენებით სამყაროს ნებისმიერ კუთხეში მოხვდნენ. ეს მათ ძალიან მოსწონთ. ასეთი მიდგომით სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია იზრდება.
ასევე იხილეთ:
როცა კლასში დამრიგებელი იცვლება – რა უნდა იცოდეს ახალმა დამრიგებელმა
ესაუბრა მზეო შველიძე
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება