GE

რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე

ავტორი: თამუნა გაბისონია

ბავშვებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ საკმარისად არ საუბრობენ, არადა როგორც კვლევები უჩვენებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგანაც ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიურ ძალადობას სამწუხაროდ საკმაოდ ხშირად ახორციელებენ მასწავლებლები, როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლებში. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ თვითონ მშობლები, ხშირად სრულიად გაუცნობიერებლად ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ საკუთარ შვილებზე და თითქოსდა კარგი განზრახვით ნათქვამი სიტყვებით, სინამდვილეში სრულიად საპირისპირო შედეგებს იღებენ. რეალობა კი სამწუხაროდ ის არის, რომ თითქოსდა უმნიშვნელო სიტყვებმა, შესაძლებელია ბავშვს გრძელ ვადაში საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანოს. ეს არაერთმა გრძელვადიანმა კვლევამ დაადასტურა.

რა არის ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა?

ემოციური ძალადობა გულისხმობს ბავშვთან მუდმივად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, ბავშვის აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფა, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა
სიტყვიერი შეურაცხოფა, მუდმივად გაკრიტიკება- ბავშვის მუდმივი დამცირება, დაცინვა, კრიტიკა, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია.

ზოგჯერ მშობლები დასცინიან ბავშვს თუ იგი რაიმეს შეცდომით გააკეთებს ან იტყვის. შესაძლებელია მშობლები ამ დროს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ ქცევას, რადგანაც ვერაფერს საზიანოს ამაში ვერ ხედავენ. სინამდვილეში ასეთი დაცინვა, როგორც წესი ბავშვს ძალიან თრგუნავს და აკარგვინებს საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენას. აკარგვინებენ სურვილს იმისა, რომ ის, რაზეც დაცინვით მიუთითეს, საერთოდ სცადოს ხელმეორედ.

განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან ბავშვები ასეთ მიდგომას მასწავლებლების მხრიდან, რადგანაც ასეთი ტიპის კომუნიკაცია, როგორც წესი, მთელი ჯგუფის თანდასწრებით ხდება, რაც განსაკუთრებით დამთრგუნველია. როდესაც ბავშვი შეცდომით პასუხობს კითხვას, ან დავალებას სწორად ვერ აკეთებს, მასწავლებლების ნაწილი ბავშვს ასეთი შედეგისთვის შეურაცხოფას მთელი კლასის თვალწინ აყენებს. ერთხელ ასეთი ფორმით შერცხვენილი ბავშვი, დიდი ალბათობით კარგავს საკუთარი თავისადმი რწმენას, რის გამოც მისი შემდეგი მცდელობა შესაძლებელია ბევრად უფრო გაუბედავი აღმოჩნდეს. ხოლო ადამიანის ფსიქოლოგიის თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვი თანდათანობით იჯერებს, რომ ის მართლაც ისეთია, როგორც მას წარმოაჩენს მასწავლებელი.

როგორც კვლევები უჩვენებს, ასეთი მიდგომა ბავშვისადმი ნეგატიურად მოქმედებს მის შემოქმედებით უნარზე, ზიანს აყენებს მის პროდუქტიულობას და იწვევს სოციალურ პრობლემებსაც.

დაშინება – სერიოზული ფსიქოლოგიურ ძალადობას აქვს ადგილი, როდესაც ბავშვთან ურთიერთობა შიშზეა აგებული. შიშზე აგებული ურთიერთობის დროს ბავშვი მუდმივად სტრესშია, ეშინია ნებისმიერი ქმედების და ხშირად ვერც კი არჩევს რის გამო შეიძლება დაისაჯოს და რის გამო არა. ასეთ დროს, ბავშვებს ყველა წვრილმანზე საყვედურობენ და მიუთითებენ, აშინებენ შედეგებით, რითიც საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებენ.

ხშირად როდესაც ბავშვები არ ასრულებენ მშობლის დავალებას, ხდება მათი დაშინება, თუმცა უკვე კარგად არის ცნობილი ფსიქოლოგებისთვის ის ფაქტი, რომ დასჯა და ფსიქოლოგიურ სტრესში ყოფნა ძალიან ცუდია ბავშვის მოტივაციისთვის. როგორც წესი ასეთ მიდგომა, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო აუარესებს და რეალურად უფრო დიდი პრობლემების გამომწვევია.

ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება
– ძალიან ხშირად უფროსებს ავიწყდებათ, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და არ შეიძლება მას მოვთხოვოთ იგივე, რასაც უფროსი ასაკის ხალხს მოვთხოვდით. ზედმეტად დიდი, ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ბავშვს უყალიბებს დაბალ თვითშეფასებას. ის ფიქრობს, რომ რადგანაც თხოვენ, ალბათ უნდა შეძლოს და რადგანაც ვერ ახერხებს წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, ესე იგი ის არ არის ნიჭიერი, ძლიერი, ჭკვიანი და ა.შ.

ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები

მუდმივი სიტყვიერი თავდასხმები და შეურაცხოფა მშობლის მხრიდან, ბავშვს სულიერად ასუსტებს და აზიანებს კავშირს ბავშვსა და მშობელს შორის. ხშირად ასეთ სიტუაციებში ბავშვები კარგავენ უსაფრთხოების შეგრძნებას, რაც თავის მხრივ იწვევს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. შესაძლებელია, რომ ბაშვები, რომლებიც მუდმივად ან ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას მშობლების მხრიდან, გახდნენ გადამეტებულად მორჩილნი მშობლების მიმართ და სრულიად დაკარგონ დამოუკიდებლობის შეგრძნება ან პირიქით, შეიძლება მშობლებს ერთ დღესაც აუჯანყდნენ და მთლიანად უარყონ მათი ავტორიტეტი.

ზოგადად ნებისმიერი უფროსის (მშობელი, მასწავლებელი, ძიძა) მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მყოფ ბავშვებს აქვთ ქცევის პრობლემები, მათ შორის შესაძლოა ჰქონდეთ დეპრესიაც, უჩნდებათ პრობლემები სწავლაში და ასევე სხვებთან კომუნიკაციაში. ხშირად ასეთი ბავშვები ხდებიან ზედმეტად აგრესიულები ან ზედმეტად დამოკიდებულნი, ეზღუდებათ შემოქმედებითი უნარი, სწავლის უნარი, აქვთ დაბალი ენთუზიაზმი და ადვილად ნებდებიან მარცხის შემთხვევაში. მათ აქვთ არასრულფასოვნების შეგრძნება, არ ენდობიან გარშემომყოფებს, ფიქრობენ, რომ არავის უყვარს ისინი და ვერ იგებენ თუ რატომ გრძნობენ თავს ასე ცუდად. ხოლო ზრდასრულ ასაკში კი უფრო დიდი ალბათობით ხდებიან დეპრესიულები.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თუ ბავშვი შეესწრო სხვის მიმართ განხორციელებულ ძალადობს (ფიზიკურს ან ფსიქოლოგიურს) ის ისევე ითრგუნება, როგორც მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს.

სამწუხაროდ, არაინფორმირებულობის გამო, დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითები უბრალოდ ბავშვის “დისციპლინისთვის” აუცილებელი საშუალებებია და მეტი არაფერი. ბევრი ფიქრობს, რომ ამ, ასე ვთქვათ “დისციპლინის” უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საშუალებების გადამეტებულ გამოყენებას არანაირი ზიანი არ მოაქვს. სამწუხაროდ ისინი ცდებიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, რათა შევამციროთ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები და ძალადობის ნაცვლად თბილ, სიყვარულით გარემოცულ და მზრუნველ გარემოში გავზარდოთ ჩვენი პატარები, რათა მივცეთ მათ საშუალება ირწმუნონ საკუთარი უნარების და გახდნენ სრულფასოვანი, მოსიყვარულე, სათნო, საკუთარი შესაძლებლობებში დარწმუნებული წარმატებული ადამიანები.

წყარო: ganatlebageo.wordpress.com
იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური