GE

რა აუცილებელი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს მაძიებელმა მასწავლებელმა eSchool-ში – ინსტრუქციის ანალიზი და შეფასება

მაძიებელი მასწავლებლებისთვის მასწავლებლის სტატუსის მოპოვება დასაქმების პარალელურად არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ მათი სტატუსიც და ანაზღაურებაც შეიცვალოს აუცილებელია პროგრამით განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნებებისა და ვალდებულებების შესრულება შეძლონ.

ამ სტატიაში გაგაცნობთ რა დოკუმენტების ნუსხის წარდგენას სთხოვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მაძიებლებს, როგორ და როდის იგზავნება დოკუმენტაცია. EDU.ARIS.GE-ს ესაუბრა მაძიებელი მასწავლებელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩაერთო პროგრამაში და საკუთარი პრაქტიკის შესახებ გვიამბობს.

საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ ვკითხულობთ: „მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 2 წლისა. ამ პერიოდში მან უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ეთვლება. თუ მასწავლებლობის მაძიებელი ვერ დაძლევს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას, მას უწყდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. პროგრამას ამტკიცებს და წარმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“.

სკოლაში მაძიებლის სტატუსით შესულ პირს, მასწავლებლის პროფესიული ცენტრის მიერ შექმნილი პროგრამის გავლა სწავლების პარალელურად ევალება. პროგრამა ეგზავნება სკოლის წარმომადგენლებს ინსტრუქციის სახით და ასევე მაძიებელს ენიშნება ტუტორი, რომელიც მას უწევს დახმარებას. მაძიებელი მასწავლებელი ვალდებულია დარეგისტრირდეს eSchoool-ში (სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა) და ყველა სავალდებულო დოკუმენტაცია ციფრული სახით ატვირთოს.

რაც შეეხება ვადებს, მაძიებელი თავად წყვეტს რა ვადაში დაასრულებს პროგრამაზე მუშაობას. მოკლევადიანი კურსი შედგება 4 თვისგან და მაძიებელს მოეთხოვება წარადგინოს 10 გაკვეთილის დოკუმენტაცია. ხოლო გრძელვადიანი 1 წლისგან და მას უწევს იმუშაოს 20 გაკვეთილს დოკუმენტაციაზე. იმის მიხედვით თუ რა ხანგრძლივობის კურსი აირჩია, განისაზღვრება დოკუმენტაციის ატვირთვის საბოოლოო ვადა, ვადებთან დაკავშირებით მას ინფორმაცია მიეწოდება eShchool-ში და ამასთან, სკოლას აწვდის ცნობებს მასწავლებლის სახლის კორდინატორიც.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ იმ დოკუმენტების ნუსხას რომელთა წარდგენაც მაძიებლებს ევალებათ და აღვნიშნავთ, რომ თუ მაძიებელი ამ დოკუმენტაციას eShchool-ში დროულად და სრულყოფილად არ ატვირთავს, პროგრამას ვერ გაივლის:

  1. პრაქტიკული საქმიანობის სამოქმედო გეგმა, რომელიც დამოწმებულია დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით, წერს თავად;
  2. 10/20 გაკვეთილის ანგარიში ან 1 ანგარიში, სადაც თითოეული გაკვეთილი ცალ-ცალკეა განხილული, წერს დირექტორი ან ტუტორი;
  3. ჩატარებული გაკვეთილის გეგმა – 10/20 გაკვეთილის გეგმა, წერს თავად;
  4. კლასგარეშე აქტივობების გეგმა – გავეთილები, რომლებიც არასაკლასო გარემოში ჩატარდა, წერს თავად;
  5. კლასგარეშე აქტივობების რეფლექსია – სამოქმედო გეგმაში კლასგარეშე აქტივობების რაოდენობა შეაქვს დირექტორთან შეთანხმებით;
  6. კლასგარეშე აქტივობის ანგარიში – იმდენი, რამდენი კლასგარეშე აქტივობის გეგმაცაა, იწერება ტუტორის/დირექტორის მიერ;
  7. თვითშეფასება – იწერება მაძიებელი მასწავლებლის მიერ სასწავლო წლის დასაწყისში;
  8. კურსის რეფლექსია – 5 მოდულის რეფლექსია/სრული აკადემიური კურსის რეფლექსია, იწერება მასწავლებლის მიერ;
  9. კვირის რეფლექსია – 12 კვირის რეფლექსია იწერება მასწავლებლის მიერ;
  10. ტუტორის/დირექტორის ანგარიში – ვრცელ ანგარიშში ტუტორმა/დირექტორმა დაწვრილებით უნდა მიმოიხილოს და შეაჯამოს მაძიებლის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა და მთლიანი მაძიებლობის პერიოდი;
  11. სამოქმედო გეგმის ანგარიში – როგორ შეასრულა სამოქმედო გეგმა, წერს თავად;
  12. 12. სხვა – ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მაძიებელმა მასწავლებელმა განხორციელა მაძიებლობის პერიოდში და თვლის, რომ საჭიროა მისი გამოქვეყნება, წერს თავად;

დოკუმენტაციაზე მუშაობის პარალელურად, მაძიებელი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს მისთვის შექმნილ სასწავლო კურსები და მიიღოს თეორიული განათლებაც.

თუ ამ დოკუმენტაციას გადავხედავთ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მაძიებლების გრაფიკი საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი უნდა იყოს. ამ საკითხზე კითხვები გიორგი კაციაშივილს დავუსვით, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ჩაერთო მაძიებლის პროგრამაში. გიორგი პროფესიით ფილოსოფოსია და სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მაძიებლები საკმოდ დიდ შრომას გაწევენ, რადგან გაკვეთილების ჩატარების პარალელურად, თავადაც უწევთ სწავლა და ამასთან, უამრავ დოკუმენტებზე მუშაობაც, რასაც საკმაოდ დიდი დრო და რესურსი მიაქვს, თუმცა ამბობს, რომ დაღლას არ უშინდება და ამ გამოწვევისთვისაც მზადაა.

„მაძიებლის პროგრამაში 2021 წლის დეკემბრის თვიდან ვარ ჩართული. პარალელურ რეჟიმში გავდივარ თეორიულ კურსებს და ვასრულებ მაგისტრის საფეხურს. განსაკუთრებით დატვირთული გრაფიკი მაქვს, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს, ალბათ, ასეთივე რეჟიმი აქვთ სხვა მაძიებლებსაც და ეს ნამდვილად შრომატევადია“, – გვიყვება მაძიებელი მასწავლებელი.

გიორგის, ვკითეთ დაიწყო თუ არა დოკუმენტაციებზე მუშაობა და რა დროს უთმობს პროცედურულ საკითხებს:

„იმის გათვალისწინებით, რომ რომ დეკემბრის თვიდან ვარ პროგრამაში მეტი დრო მაქვს ამ დოკუმენტაციებზე სამუშაოდ და ვცდილობ არ ავჩქარდე, თუმცა დავიწყე გაკვეთილის გეგმების გაკეთება და ნამდვილად შრომატევადია, რადგან ფიზიკურად დრო მხოლოდ ღამის საათებში მაქვს. ასევე რთულია რეფლექსიის ნაწილიც, იმდენივე გაკვეთილის შეფასება გვიწევს რამდენიც ჩავატარეთ. ამასთან, პროგრამის ფარგლებში, ყველა დოკუმენტი სრულყოფილად უნდა იყოს გაკეთებული, რაც ასევე დიდ დროს მოითხოვს, თუმცა პირადად მე მეხმარება და ასეთ რეჟიმში უფრო სწრაფად ვიძენ პროფესიულ უნარებს. ვფიქრობ, ეს მაძიებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”.

EDU.ARIS.GE კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მაძიებელი მასწავლებლების პროგრამა 2018 წლიდან მოქმედებს, თუ აპლიკანტები პროგრამის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს არჩეულ ვადებში წარმატებით გაივლიან ავტომატურად მოხდება მათი სტატუსიც ცვლილება და, რა თქმა უნდა, ანაზღაურების ზრდაც.

ასევე იხილეთ:

„გასაუბრებაზე მანქანა მომთხოვეს, არ გყავსო?“ – როგორ ექცევიან სკოლაში დასაქმების მსურველებს განათლების სამინისტროსგან „მიშვებული“ საჯარო სკოლები

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური