GE

რა ახდენს გავლენას მოსწავლის ნიშნებზე: გენები თუ ინტელექტი – კვლევის შედეგები

კვლევით დადგინდა, რომ სწავლაში მიღწეული წარმატება პირველ რიგში ბავშვის გენებზეა დამოკიდებული. მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები კი ამ საკითხში ბევრად უფრო პატარა როლს თამაშობს.

მეცნიერება იმდენად   სწრაფად ვითარდება, რომ ალბათ მალე დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მშობელი წინასწარ შეძლებს იმის დადგენას, თუ რისი სწავლა გაუჭირდება მის შვილს სკოლაში და ამისთვის მზად იქნება.

თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულად სწავლობს.

ბოლო წლებში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დაწყებით სკოლაში მიღებული ნიშნები, საშუალო სკოლის დამამთავრებელი გამოცდების შედეგები და ცალკეული საგნების შესწავლაც კი თითქმის ორი მესამედით (!) ბავშვის გენებზეა დამოკიდებული.

მეცნიერებმა ტყუპების ადრეული განვითარების საკვლევ ბრიტანულ პროგრამაში მონაწილეობისთვის 6000 წყვილი აარჩიეს. მკვლევარებმა მათ მიერ დაწყებითი სკოლიდან საშუალო განათლების დასრულებამდე მიღებული ნიშნები გააანალიზეს. კვლევის შედეგების თანახმად, ტყუპების მიღწევები სწავლაში გასაკვირად სტაბილური იყო.

ტყუპებზე დაკვირვება ადამიანის გენებისა და სწავლის ურთიერთკავშირის დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა.

იდენტურ ტყუპებს ერთნაირი გენეტიკური ნაკრები აქვთ, მაშინ როდესაც არაიდენტურებსა და სხვადასხვა ასაკის და-ძმებს, გენების საშუალოდ 50 % ერთნაირი აქვთ.

მკვლევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სწავლაში მიღებული მიღწევების სტაბილურობა თითქმის 70%-ით გენეტიკური ფაქტორით და მხოლოდ 25%-ით გარე ფაქტორებით აიხსნება. დარჩენილი 5% კი სხვა, ნაკლებად გასაგები ფაქტორით, მაგალითად მეგობრების ან მასწავლებლების ზემოქმედებით აიხსნება.

ალბათ, ლოგიკურია იმის თქმა, რომ სასკოლო საგნის შესწავლისას მიღებული ნიშნების სტაბილურობა კონკრეტული ბავშვის გონებრივი შესაძლებლობებით აიხსნება. თუმცა მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა ტყუპებს შორის ტესტირება ჩაატარეს, (ვერბალურ და არავერბალურ ინტელექტზე) გენების ზემოქმედება ბავშვის მიერ მიღებულ ნიშნებზე 60 პროცენტით განისაზღვრა.

ბოლო წლებში მკვლევრებმა გენეტიკური მარკერების გამოვლენის სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიეს. ისინი პიროვნების ამა თუ იმ მახასიათებელზე, მათ შორის სკოლაში მიღებულ ნიშნებზე არიან პასუხისმგებელნი.

თუმცა ყოველი გენეტიკური მარკერი ინდივიდუალური განსხვავებების ძალიან პატრა წილს (0,1 %-ზე ნაკლებს) ხსნის. სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ ბევრად ეფექტური მეთოდი შეიმუშავეს.

საერთო გენეტიკური კვლევის ჩატარების დროს გამოვლენილი ათასობით გენეტიკური მარკერის შეჯამებით მეცნიერები შეფასების პოლიგენურ შკალას ქმნიან.

ასეთი შკალა პიროვნების განსაზღვრული თვისებების (მაგალითად სწავლაში წარმატება) დიდი სიზუსტით პროგნოზირების საშუალებას იმ ადამიანებში იძლევა, რომელებიც საერთო გენებით არ არიან დაკავშირებულნი.

პოლიგენური შკალის მეთოდმა მკვლევარების მიერ ტყუპებზე დაკვირვების დროს აღმოჩენილი ფაქტები დაამტკიცა. კერძოდ: გენების განსაზღვრული ვარიანტები არიან პასუხისმგებელნი იმაზე, თუ რატომ განსხვავდება ბავშვის  ნიშნების სწავლების სხვადასხვა ეტაპზე. ამ კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მშობლებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის.

კვლევის მიხედვით, ბავშვის მოსალოდნელი პრობლემების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე ჯობს, ვინაიდან ისინი სკოლაში გატარებული მთელი დროის მანძილზე იარსებებს.

მომავალში, გენეტიკური მიდრეკილების ასეთი შეფასება, გარე სამყაროს პროგნოზირებასთან ერთად, ადრეულ ასაკში ,,პრობლემური მოსწავლეების“ გამოვლენაში დაგვეხმარება..

პოტენციური სირთულეების გადალახვაში მოსწავლეს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამები შეუწყობს ხელს. მაგალითად, თუ ბავშვის დაბადებისთანავე ჩატარებული დნმ-ის ტესტის საშუალებით დადგინდა, რომ მას პრობლემა კითხვის დროს შეექმნება, მშობლები მის დახმარებას განვითარების ადრეულ ეტაპზე შეეცდებიან. ადამიანის ცხოვრების პირველ წლებში ჩატარებულ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს წარმატების მეტი შანსი აქვს. ბავშვის დაბადებისთანავე შეფასებულ გენეტიკურ რისკებს სამომავლოდ სწავლაში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური