რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს სტუდენტი მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას – სტანდარტი დამტკიცდა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაამტკიცა მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც აკადემიური განათლების სტანდარტია და მენეჯმენტის სფეროს უმაღლესი განათლების I და II საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განსაზღვრავს კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სწავლის შედეგების მინიმალურ მოთხოვნებს, მათ მისაღწევად საჭირო სწავლა‐სწავლებისა და შეფასების მიდგომებს.
მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი აღწერს იმ ცოდნას, უნარებს, პასუხისმგებლობასა და ავტონომიურობას, რომლებსაც სტუდენტი მენეჯმენტის სწავლის სფეროს საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შეიძენს.
დარგობრივ მახასიათებელში აღწერილია მენეჯმენტის სწავლის სფეროში ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო მინიმალური სწავლის შედეგები, სწავლება‐სწავლის და შეფასების მეთოდები და სხვა არსებითი მახასიათებლები.
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად აუცილებელი სწავლის შედეგები
მენეჯმენტის სწავლის სფეროს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
- განმარტავს მენეჯმენტის თანამედროვე თეორიებსა და ორგანიზაციულ გარემოზე მოქმედ ფაქტორებს;
- აღწერს ბიზნეს და ეკონომიკურ გარემოს, მიმდინარე მოვლენებს, პროცესებსა და ახდენს მათ ინტერპრეტაციას;
- მოიძიებს და აანალიზებს მონაცემებს ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოს შესახებ და აყალიბებს შესაბამის დასკვნებს;
- იყენებს ორგანიზაციის რესურსების მართვისთვის შესაბამის ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;
- ამყარებს კომუნიკაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ქართულ და უცხო ენაზე;
- მონაწილეობს პროექტების, ოპერაციების და სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელების პროცესში;
- განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში, ეთიკური პრინციპების დაცვით, ასრულებს მენეჯერულ ფუნქციებს;
- ახდენს როგორც საკუთარი, ისე სხვების განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებას და მონაწილეობს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში.
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად აუცილებელი სწავლის შედეგები
მენეჯმენტის სწავლის სფეროს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების
შემდეგ კურსდამთავრებული:
- ახდენს ღრმა და სისტემური ცოდნის დემონსტრირებას მენეჯმენტის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში: ორგანიზაციები, სტრატეგიები, ოპერაციები, ბაზრები, მარკეტინგი და გაყიდვები, ფინანსები, ადამიანური რესურსები და ორგანიზაციული ქცევა;
- განსაზღვრავს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და კოორდინაციას უწევს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ პროცესებს;
- შეიმუშავებს ბიზნესმოდელებს, სტრატეგიებს, პროექტებს და ახდენს მათ განხორციელებასა და შეფასებას;
- ახდენს ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოში გამოწვევების იდენტიფიცირებას, ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომებით საპასუხო ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
- ეთიკისა და სამართლებრივი რეგულაციების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად იღებს დასაბუთებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს;
- აფასებს ორგანიზაციის უწყვეტი განვითარების პროცესებს, დანახარჯების, რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით;
- დამოუკიდებლად წარმართავს კვლევას3 აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების დაცვით, თანამედროვე მიდგომების გამოყენებით და ახდენს შედეგების არგუმენტირებულად დემონსტრირებას დაინტერესებულ მხარეებთან;
- იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი და გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებაზე.
ხარისხის ცენტრის მიერ 25 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლის გაცნობა რეკომენდებულია: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დასაგეგმად/განსახორციელებლად; სტუდენტისთვის, რომელსაც აქვს ინტერესი, თუ რა კომპეტენციები ექნება მენეჯმენტის საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ; აბიტურიენტისთვის, რომელსაც სურს შეისწავლოს მენეჯმენტი; დამსაქმებლისთვის, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა სახის კომპეტენციებს ითხოვს შრომის ბაზარი კურსდამთავრებულისგან და თუ სურს საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულის კომპეტენციების შესახებ ინფორმაციის მიღება; ხარისხის შიდა და გარე უზრუნველყოფის პროცესში ჩართულ პირთათვის, რომლებსაც ევალებათ საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდულად შეფასება და ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.
სტანდარტით გაწერილი მისანიჭებელი კვალიფიკაციის, სწავლა სწავლებისა და შეფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დამტკიცებულ დოკუმენტში.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება