GE

რა და როგორ გადავიმეოროთ, თუ ეროვნულებზე გეოგრაფიას ვაბარებთ – „წაკითხული ინფორმაცია, საჭირო დროს გააქტიურდება“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, 19 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს, გეოგრაფიას, რომელიც არჩევითი საგანია, 2 200-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. სწორედ მათთვის, თბილისის 30-ე საჯარო სკოლისა და ლისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა, რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის სენტ ეგზიუპერის ფრანგული სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა ნანა ბერიკიშვილმა, ნასწავლი მასალის ეფექტურად გამეორებისა და გამოცდაზე გახსენებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა და EDU.ARIS.GE-ს გაუზიარა.

რჩევები განვლილი წლების განმავლობაში ჩადებული შრომისა და მიღებული ცოდნის მობილიზებას ეხება, რაც, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან ბეჯითად მეცადინეობის გარდა, აბიტურიენტებისთვის არანაკლებ საჭიროა იმის ცოდნაც, თუ როგორ გაიხსენოს საჭირო დროს საჭირო საკითხი.

„მოხარული ვარ აღვნიშნო ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის ნაწილობრივი დაბრუნება. თუმცა, ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის და ამ საგნის უფრო მეტად პოპულარიზაციაა საჭირო. იმის გარდა, რომ გეოგრაფიის გამოცდით გრანტის მოპოვება უფრო მარტივადაა შესაძლებელი, მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ იცოდეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უფრო ჯანსაღი და პოლიტიკურად მშვიდი გარემოსთვის, მომავალში.

„წაკითხული ინფორმაცია, საჭირო დროს, აუცილებლად გააქტიურდება. ხშირად, ცოდნაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ლოგიკური და გეოგრაფიული აზროვნების უნარი. პასუხების პოვნა მხოლოდ გამოცდაზე მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია. კონკრეტულად უპასუხეთ და ნუ ეცდებით დამატებითი ცოდნა წარმოაჩინოთ. ასე ნაკლები შეცდომების დაშვების შანსი გექნებათ.

ასე რომ, გთავაზობთ შემდეგ ნაბიჯებს:

საგამოცდო პროგრამის მიხედვით, კიდევ ერთხელ გადახედეთ ახალ, გრიფირებულ სახელმძღვანელოებში წარმოდგენილ განსხვავებულ მასალას (განსაკუთრებით VIII და IX კლასები. იხ.სარჩევი).

ყურადღება გაამახვილეთ გეოგრაფიულ ფორმულებზე (მშპ, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მიგრაციის სალდო, სავაჭრო სალდო, შობადობისა და მოკვდაობის კოეფიციენტები, ბუნებრივი მატების კოეფიციენტი, მასშტაბი, პროცენტის გამოთვლა).

მოიძიეთ და შეისწავლეთ რუკები (რესურსების გავრცელების, სოფლის მეურნეობის კულტურების გავრცელების, კოლონიური სახელმწიფოების, ენების გავრცელების და ა.შ.).

იმუშავეთ გასული წლების, როგორც აბიტურიენტების, ასევე მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებზე. დააკვირდით როგორ იწერება ღია კითხვებზე პასუხი, რომელიც მოკლე და ამომწურავი უნდა იყოს.

გამოცდაზე აუცილებლად იქნება ტოპოგრაფიული რუკის ფრაგმენტი და მასთან დაკავშირებული დავალებები. ამისათვის საჭიროა ლეგენდის წაკითხვის უნარი (ცოდნის შესაძენად შეუძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტში განთავსებული ვიდეორესურსით).

გადახედეთ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან, აქტუალურ მოვლენებს (მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომი, მისგან გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მსოფლიოს ქვეყნებზე, მიგრაციულ პროცესებზე). ასევე, გლობალურ პრობლემებს (მაგ.კლიმატის გლობალური ცვლილება).

გაარჩიეთ ცხრილები, დიაგრამები, სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდები. არ შეშინდეთ გამოცდაზე მათი დანახვისას და მიხვდებით, რომ რაც ერთი შეხედვით რთული ჩანს, სინამდვილეში, ძალიან მარტივია. ჩართეთ ინფორმაციის აღქმისა და გააზრების უნარი, იმუშავეთ მშვიდად და აუღელვებლად.

დახურულბოლოიანი კითხვების შემთხვევაში, ჩართეთ გამორიცხვის მეთოდი. თუკი არ გახსოვთ სწორი პასუხი, იქნებ ზუსტად იცოდეთ რომელია არასწორი და შესაბამისად იმოქმედეთ.

და ბოლოს, წარმატებებს გისურვებთ!“

ასევე იხილეთ:

„დროულად დაიწყეთ…“ – სპეციალისტების რჩევები აბიტურიენტებს, რომლებიც თვლიან, რომ „რაც ისწავლეს, ყველაფერი დაავიწყდათ!“

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური