GE

რა ელით თანამშრომლებს? – „1-ელი სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, რომლის თანახმად უქმდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.

“2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებების განსაზღვრა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემა”, – წერია 30 ივნისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კანონის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია და მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა ელით სააგენტოში დასაქმებულ კადრებს, გამოცხადდა თუ არა რეორგანიზაცია და დაგეგმილია თუ არა კადრების შენარჩუნება მათ შორის უფლებამონაცვლე უწყებებში დასაქმების გზით.

როგორც სააგენტოში 1-ელ ივლისს განგვიცხადეს, მათთვის უცნობია რა შედეგი დადგება კადრების მიმართულებით, რადგან ჯერ-ჯერობით პროცესი მიმდინარეობს და დეტალები არ იციან, თუმცა გვითხრეს, რომ ამ მომენტისთვის რეორგანიზაცია გამოცხადებული არ არის.

“ყველა ელოდება გადაწყვეტილებას”, – განგვიმარტეს უწყებაში.

ახალ კანონში კი საშტატო რიცხოვნობის შესახებ ასეთი ჩანაწერია: “უფლებამონაცვლე უწყებების საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას არაუმეტეს ამ უწყებებისთვის გადაცემული შესაბამისი ფუნქციების შესასრულებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში არსებული შტატებით გათვალისწინებული რიცხოვნობის ოდენობით”.

ასევე იხილეთ:

ირაკლი კობახიძე განათლების სამინისტროს სსიპ-ის გაუქმებაზე – „მთავარია, რომ პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური