GE

რა ეტაპზეა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. აღდგენილია სასახლის ფასადი და მოწყობილია დეკორატიული მინათება. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ 25 ოქტომბერს მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დასრულებულია შენობის სახურავის და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი. პირვანდელი სახითაა აღდგენილი შენობის ფასადი, ჩატარებულია შენობის ბალუსტრადების უდიდესი ნაწილის სარესტავრაციო სამუშაოები, შენობის კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები, დამონტაჟებულია ფასადის დეკორატიული განათება, მოწყობილია სასახლის შესასვლელიც და ტროტუარებიც.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერში დეკორატიული ოთახების და დარბაზების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები. შიდა სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზოც, თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით.

პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას; 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებას და საძირკვლის გაძლიერებას; ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს; მხატვრულ- დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს; კარ-ფანჯრების განახლებას; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციას; შენობის, ეზოსა და ისტორიული ღობეების რესტავრაცია -რეაბილიტაციას.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციაზე 33 მლნ 700 ათასი ლარი დაიხარჯება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური