რა ეტაპზეა სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედების პროცესი? – განათლების მინისტრის განმარტება
სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებისთვის ამჟამად ანალიტიკური სამუშაოები ხორციელდება, რომელიც დაადგენს კვების რა მოდელი ამოქმედდება კონკრეტულ სკოლებში. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოხსენებაში ვკითხულობთ, რომელიც გიორგი ამილახვარმა საკანონმდებლო ორგანოს მინისტრის საათის ფორმატში 13 ივნისს უნდა გააცნოს.
გიორგი ამილახვარი წერს, რომ ბოლო ათეული წლების მანძილზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სასკოლო კვების პროგრამის არარსებობაა; შესაბამისად, სასკოლო სისტემის კვების ასაწყობად განსავითარებელია ბევრი კომპონენტის ერთობლიობა: ინფრასტრუქტურა, მომწოდებელთა ქსელი, სტანდარტები, კვალიფიციური პერსონალი და ა.შ.
განათლების მინისტრი მიმოიხილავს რა გაკეთდა სასკოლო კვების პროგრამის შემოღებისთვის, თუმცა დანერგვის სავარაუდო ვადებს ვერ ასახელებს.
“საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლის მიზნით, საქართველო გაწევრიანდა „კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის“ სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში (School Meals Coalition) და განსაზღვრა ეროვნული ვალდებულებები. სასკოლო ინფრასტრუქტურის შესწავლისა და სასკოლო საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ პირველ ეტაპზე გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა სკოლების ნაწილში მოქმედი ბუფეტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. პარტნიორი სამინისტროებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები.
“დამტკიცდა „სასკოლო კვების პროგრამა“, რომლის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე განხორციელდა ადგილობრივი საჭიროებების დეტალური კვლევა სასკოლო კვების ორგანიზების მოდელების შესარჩევად. შეიქმნა შესაბამისი ჯგუფი, განისაზღვრა სამუშაოების დეტალური გეგმა, მომზადდა კითხვარი და განხორციელდა საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით. ჯგუფის მიერ თითოეულ სკოლაზე შეგროვდა საჭირო ინფორმაცია და ფოტომასალა კვების მოდელების შესაბამისობის დასადგენად, სკოლების შესაძლებლობებთან და პოტენციალთან მიმართებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანალიტიკური სამუშაოები, რის საფუძველზეც განისაზღვრება რომელ სკოლას სასკოლო კვების უზრუნველყოფის რომელი მოდელის განხორციელების შესაძლებლობა ექნება“, – აღნიშნულია განათლების მინისტრის მოხსენებაში.
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და პარტნიორ სამინისტროებთან თანამშრომლობით რამდენიმე წელია ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით.
ასევე იხილეთ:
„დროულად ამოქმედდეს უფასო, ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა!“ – სახალხო დამცველი განათლების მინისტრს
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება