„დროულად ამოქმედდეს უფასო, ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა!“ – სახალხო დამცველი განათლების მინისტრს
საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს და სასკოლო კვების პროგრამის დროული ამოქმედებისკენ მოუწოდებს.
რეკომენდაცია ომბუდსმენის უახლეს ანგარიშში მოხვდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა. მასში ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მწვავედ დგას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უფასო კვების საკითხი, რასაც ასევე ადასტურებს გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგები.
“საუკეთესო პრაქტიკისა და არსებული რესურსების გადაუდებელი შეფასების საფუძველზე, ხარისხობრივი სტანდარტების დანერგვითა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, დროულად ამოქმედდეს უფასო, ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა.
“ამ მიმართულებით, მისასალმებელია 2023 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ „სასკოლო კვების პროგრამის“ დამტკიცება, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალურ დონეზე მოიკვლევენ და შეაფასებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსებსა და საჭიროებებს, სკოლაში უფასო კვების სამომავლო კონცეფციის განსასაზღვრად. თუმცა, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, პროცესი, საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, დროულად და ეფექტიანად წარიმართოს”, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.
2023 წელს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტმა თაკო უგულავამ, EDU.ARIS.GE-ს მიერ დასმულ კითხვას „როდის გვექნება სკოლებში უფასო კვება“, ასეთი პასუხი გასცა: „უდიდესი მონდომებით, 2023 წლის სექტემბრიდანაც არის შესაძლებელი, რომ სკოლებში უფასო კვება გვქონდეს“. გაეროს ბავშვთა ფონდი 2019 წლიდან ჩართული იყო საქართველოს სკოლებში უფასო კვების პროექტის შემუშავების პროცესში, ამჟამად აღარ არის.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას თქვა, რომ ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას “უახლოესი 2-3 წელი” დასჭირდება და პროექტის დაწყების შესაძლებლობაც გაჩნდება:
“გეტყვით, მე რას ვაკეთებ. სამინისტროში შეიქმნა სპეციალური პროგრამა, ამ კუთხით ცალკე ჯგუფი გამოიყო და აიდენტიფიცირებს იმ სკოლებს, თუ სად არის შესაძლებელი პირველ ეტაპზე ამ პროგრამის დაწყება და სად რა მდგომარეობა გვაქვს. რეალურად, სკოლების აღწერა მიმდინარეობს. ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რომელიც სწორედ ამ მეთოდოლოგიებზე, ბავშვების სკოლაში კვებაზე მუშაობს და სახელმწიფოებს ეხმარება. გვინდა, საერთაშორისო პრაქტიკაც გავიზიაროთ”, – თქვა 2023 წელს გიორგი ამილახვარმა.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება