GE

რა ფუნქცია აქვს საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს?

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში არჩევითი ორგანოა. მის შემადგენლობაში შედიან მშობლები და მასწავლებლები თანაბარი რაოდენობით, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენელი და სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი. საბჭოში შეიძლება იყოს 6-დან 12 წევრამდე.

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო აკონტროლებს ბიუჯეტს, აქვს უფლება გაათავისუფლოს მასწავლებელი და შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს. უფრო კონკრეტულად, კანონის თანახმად, საბჭოს შეუძლია:

დირექტორის არჩევა:

  • სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს;
  • უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;

სკოლის ბიუჯეტი:

  • სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
  • აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
  • სამეურვეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს.

სკოლის შენაგანაწესი:

  • სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;
  • დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი,  მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე;
  • უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი.
  • სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
  • სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, შიდა სასკოლო გამოცდები:

  • გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს  მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე;
  • უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს დირექტორს, მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება.

სხვა უფლებები:

  • სამეურვეო საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივას;
  • სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიას და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;
  • უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
  • მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

ასევე იხილეთ:

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური