GE

რა გეგმა აქვს მთავრობას სკოლებისა და ბაღების გახსნის შესახებ? – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კითხვაზე – თუ როდის შეძლებენ ბაღებისა და სკოლების გახსნას? – პასუხობს, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა. ამის შესახებ მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან ჩვენ არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა.  ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. გვაქვს უკვე გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს  საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან ყველა ის პირობა იქნება უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 243 255-ს შეადგენს.

ამავე თემაზე:

როდის და როგორ განახლდება სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეორე სემესტრიდან? – რა ვიცით ამ დროისთვის

„შეზღუდვების მოხსნისას სწორედ სკოლები უნდა გაიხსნას უპირველეს ყოვლისა, დახურვის საფასური გამანადგურებელია“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური