GE

„სად ვაბარებ, ვინ მასწავლის, რას ვისწავლი?“ – როგორ გავიგოთ, ხომ არ ვცდებით ფაკულტეტის შერჩევისას

თუ თქვენ 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას გეგმავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკვე შეარჩიეთ სასურველი ფაკულტეტი და სასწავლო პროგრამა და რასაკვირველია უნივერსიტეტიც, სადაც მისი შესწავლა გსურთ. თუმცა, როგორც იცით, აბიტურიენტს სასურველი ფაკულტეტისა თუ უნივერსიტეტის ცვლილება გამოცდებზე მიღებული საბოლოო შეფასებების გაგების შემდეგაც აქვს. ამიტომ, თუ პრიორიტეტებში ჯერ ვერ ჩამოყალიბდით, ნუ იღელვებთ, დრო კიდევ არის.

EDU.ARS.GE, აბიტურიენტების ინფორმირების მიზნით, მათ თანატოლებს ესაუბრა. შევეცადეთ გაგვერკვია, რა არის ის ძირითადი მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომლითაც აბიტურიენტები სასურველ ფაკულტეტს ირჩევენ, რა გეგმით ხელმძღვანელობენ და არის თუ არა მათთვის მნიშვნელოვანი სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრა.

თბილისელი აბიტურიენტი, მარიამ მიქაძე, რომელიც „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის 2019 წლის გამარჯვებული გუნდის წევრია ამბობს, რომ სასურველ ფაკულტეტი უკვე აირჩია და ის არ არის მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული, როგორც ეს სხვებს წარმოედგინათ.
მარიამმა არჩევანი საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე შეაჩერა.

„არჩევანი შევაჩერე საერთაშორისო სამართალზე, შერჩეული მაქვს სასურველი უნივერსიტეტიც -თბილისის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმედი მაქვს, რომ გრანტით ჩავაბარებ, როგორც წესი, ამ ფაკულტეტზე კონკურსი დიდია და გრანტის გარეშე მოხვედრა შეუძლებელია“, – ამბობს მარიამი.

რაც შეეხება იმ კრიტერიუმებს, რომელზე დაყრდნობითაც მან არჩევანი საერთაშორისო სამართალზე შეაჩერა, მარიამი გვიყვება, რომ არჩევანის გაკეთების პროცესში 4 ძირითადი კრიტერიუმით იხელმძღვანელა და დარწმუნებულია, რომ შერჩეული ფაკულტეტი ყველა მათგანს აკმაყოფილებს.

„პირველი კრიტერიუმი იყო ჩემი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისობა ფაკულტეტთან. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში და უამრავი უცხოელი მეგობარიც შევიძინე. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ის სფეროა, სადაც თვითრეალიზებას შევძლებ. მეორე კრიტერიუმი გახლდათ იმაში დარწმუნება, რომ მე ნამდვილად შემიძლია ამ სფეროში მუშაობა და შესაძლო გამოწვევებთან გამკლავებაც.

„რა თქმა უნდა, შევეცადე იმის გარკვევას ხომ არ ვცდებოდი არჩევანში და ამ პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეების ძიება დავიწყე. დავუკავშირდი მეგობრებს, რომლებიც ამ ფაკულტეტზე სწავლობდნენ და მივიღე რჩევები. მესამე კრიტერიუმზე როცა ვფიქრობდი გამიჩნდა კითხვა – რამდენად მაღალია ჩემი პროფესიის კადრების მოთხოვნა საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ამ პროფესიის ადამიანები დასაქმებული არიან როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი: რამდენად გამოვადგები მე ჩემი განათლებით ოჯახს, ქვეყანას და მის განვითარებას“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მომავალი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი.

ჩვენი მეორე რესპონდენტი მარიამ ხაგულაშვილია, რომელიც წინამორბედის ფაკულტეტის მონათესავე და ანალოგიურად მოთხოვნად ფაკულტეტზე აბარებს. მარიამს იურისტობა სურს და როგორც ჩვენთან ამბობს, სკოლაშიც კარგი მოსწავლე იყო და სურს, იგივე დინამიკა შეინარჩუნოს სტუდენტობის პერიოდშიც.

მარიამი, თანატოლებს მოუწოდებს, რომ ისე არ აირჩიონ ფაკულტეტი, თუ ზუსტად არ იციან, რატომ ირჩევენ.

„ვფიქრობ, როცა აბიტურიენტმა არ იცის სად აბარებს და რა მიზნით, ეს არ არის მისთვის სასარგებლო, მით უფრო მაშინ, როცა ეროვნული გამოცდები ახლოვდება. ყველას ვურჩევდი, გაერკვიონ სად აბარებენ და რატომ აბარებენ, ამის გარეშე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ. პირადად მე, სისხლის სამართალი მაინტერესებს და ვინც იურიდიულზე აბარებს, ვფიქრობ, მათაც უნდა ჰქონდეთ მიმართულება უკვე შერჩეული, ეს აუცილებელი მგონია“, – გვეუბნება მომავალი სტუდენტი.

მარიამი EDU.ARIS.GE-ს იმ კრიტერიუმებს უსახელებს, რომლითაც თავად იხელმძღვანელა და თანატოლებს სთხოვს, დაფიქრდნენ რა არის მათთვის პრიორიტეტული, როცა პროფესიას ირჩევენ.

ეს კი მომავალი იურისტის კრიტერიუმებია:

სად ვაბარებ, ვინ მასწავლის, რას ვისწავლი. სანამ საბოლოო არჩევანს გავაკეთებდი, ამ პროფესიის შესახებ მოვიძიე ინფორმაცია. ვესაუბრე სფეროს წარმატებულ წარმომადგენელს და ვკითხე, თავად რომელ ფაკულტეტზე ჩააბარა, რა საგნებს სწავლობდა ვინ ასწავლიდა, როგორ და სად აბარებდა გამოცდებს და გაუწევდა თუ არა რეკომენდაციას ამ ფაკულტეტს. ასევე, რადგან მინდა, სახელმწიფო სტიპენდია მოვიპოვო და ვაპირებ, მაქსიმალურად კარგად ავითვისო თითოეული სასწავლო საგანი, ვკითხე, რა პრიორიტეტი მექნებოდა, როგორც წარმატებულ სტუდენტს, ავიღებდი თუ არა სტიპენდიას. ეს დეტალები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა.

ვინ ისწავლის ჩემთან ერთად. როგორც წესი, ამ ფაკულტეტზე საკმაოდ მაღალქულიანი სტუდენტები ხვდებიან. შემიძლია ვივარაუდო, რომ ასეთ საზოგადოებაში ყოფნა ჩემთვის გამოწვევა იქნება და მეტ სტიმულს მომცემს, რათა მათზე ნაკლები ცოდნა არც მე მქონდეს. გარდა ამისა, მაღალქულიან სტუდენტებს ბევრ სფეროში უგროვდებათ ცოდნა და საკმაოდ საინტერესო მოსაუბრეებიც არიან, შესაბამისად, დიდია იმის ალბათობა, რომ მათთან საერთო ენა ადვილად გამოვნახო.

რა სამომავლო პერსპექტივები მექნება, როცა ამ ფაკულტეტს დავასრულებ. მოვიძიე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად საქმდებიან ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულები. გადავხედე სხვადასხვა საიტებზე ვაკანსიების ჩამონათვალს და გავითვალისწინე ანაზღაურების ფაქტორიც. საკუთარ თავს ვკითხე – თუ მუშაობას გადავწყვეტ, რამდენად მორგებული იქნება პროფესიის დაუფლებასთან სამუშაო გრაფიკი, ამ პროფესიით თვითდასაქმებასაც შევძლებ?
როგორც ვნახეთ, მიზანდასახული აბიტურიენტები სასურველ ფაკულტეტს კონკრეტული კრიტერიუმებით არჩევენ. დროა დაფიქრდეთ, თქვენ რა პრიორიტეტები გაქვთ?!

ასევე იხილეთ:

ცნობილია რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2023

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური