რა კუთხით სურთ მეტი ავტონომია სკოლის დირექტორებს და რას გვთავაზობს ამისთვის ავსტრალიის მაგალითი
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც შვიდ მარტს გამოქვეყნდა, ვეცნობით სკოლის დირექტორთა გამოკითხვის შედეგებს სხვადასხვა მიმართულებით ავტონომიის გაზრდასთან დაკავშირებით.
ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, 101 გამოკითხული სკოლის დირექტორიდან − 42 აღნიშნავს, რომ ისურვებდა ავტონომიის გაზრდას სკოლის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.
აღნიშნული მიმართულებები კი ასეთია: ორგანიზაციული, მენეჯერული და ადმინისტრაციული ავტონომიურობა, ფინანსური ავტონომიურობა, აკადემიური ავტონომიურობა, სხვა.
ანგარიშის ავტორები საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლის საფუძველზე გვიზიარებენ დივერსიფიცრებული მიდგომის გამოყენების მაგალითს, რომელიც ავსტრალიაში გამოსცადეს და დადებითი შეფასება აქვს.
მართვის მოდელის დივერსიფიცირებული მიდგომის მაგალითი
2009 წელს დასავლეთ ავსტრალიაში დამოუკიდებელი საჯარო სკოლების ინიციატივა დაინერგა. ინიციატივის მიზანი იყო სასკოლო თემების გაძლიერება, საქმიანობის ძირითად ასპექტებზე გადაწყვეტილების მიღების მეტი უფლებამოსილების მინიჭებით. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 100-ზე მეტმა სკოლამ გამოთქვა. შერჩევის პროცესმა აჩვენა, რომ 34 სკოლა მზად იყო ემუშავა გაზრდილი ავტონომიით და 2010 წელს შერჩეულ სკოლებში დაიწყო პროექტის პილოტირება. 2010 წლიდან კიდევ 4-ჯერ განხორციელდა აღნიშნული პროექტი და 2015 წელს ავტონომიის მაღალი ხარისხის მქონე სკოლები შეადგენდნენ დასავლეთ ავსტრალიის ყველა საჯარო სკოლის 57%-ს და სტუდენტებისა(მოსწავლე) და პერსონალის − 70%-ს. 2013 წელს განხორციელდა პროექტში ჩართული სკოლების დამოუკიდებელი შეფასება. შედეგების მიხედვით, აღნიშნულმა პროგრამამ შექმნა წარმატებული პირობები მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად.
როგორ შეირჩა აღნიშნული მოდელისთვის სკოლები:
- სკოლებს ჰქონდათ არჩევანის უფლება მონაწილეობასთან/არმონაწილეობასთან დაკავშირებით;
- პროექტის ფარგლებში შეირჩა მხოლოდ ის სკოლები, რომლებიც უკვე ეფექტიანად მუშაობდნენ და შეეძლოთ ესარგებლათ გაზრდილი ავტონომიით;
- შერჩევის ეტაპზე სკოლებს უნდა ეჩვენებინათ, თუ როგორ გამოიყენებდნენ გაზრდილ
ავტონომიას მოსწავლეების განათლების გასაუმჯობესებლად; - მონაწილე სკოლის მმართველებისთვის განხორციელდა სპეციალური პროგრამა,
რომელიც მათი შესაძლებლობების განვითარებაზე იყო ორიენტირებული; - პროექტში ჩართული სკოლებისთვის დაინერგა ანგარიშვალდებულების გაძლიერებული
მექანიზმები, რომლებიც სკოლებმა მიიღეს, როგორც სამართლიანი სისტემა, გაზრდილი
ავტონომიის გათვალისწინებით.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ავტონომიურობის ზრდით სკოლებს შეუძლიათ უკეთესად უპასუხონ მოსწავლეების საჭიროებებს იმ სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებშიც ოპერირებენ, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მოსწავლეების შედეგებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. გაზრდილ ავტონომიას ბიუჯეტისა და პერსონალის მართვაში; ასევე ყოველდღიურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენს სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესზე, შეუძლია სკოლების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა.
სკოლების მართვის დივერსიფიცირებული მიდგომის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია შესაბამისი მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭება, რაც კვლევების მიხედვით, დადებითად აისახება მოსწავლეების მიღწევებსა და წვლილი შეაქვს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
აქვე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის პერიოდისთვის განათლების სამინისტროს მიერ არ იყო შემუშავებული სკოლის მართვის და ავტონომიურობის ხარისხის დივერსიფიცირებული მიდგომა, არ იყო განხორციელებული სკოლების საჭიროებების კვლევა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით უზრუნველყოფდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას და დეცენტრალიზაციის შესაძლებლობის განხილვას.
ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიო ბანკის კვლევიდან 5 ძირიდათი მიზანი სკოლის ავტონომიისა და ანგარიშვალდებულების ეფექტიანობისთვის.
რა განაპირობებს სკოლის ავტონომიის ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას (World Bank Group Education Global Practice, School Autonomy and Accountability)
მსოფლიო ბანკის კვლევა გვთავაზობს სკოლის ავტონომიისა და ანგარიშვალდებულების ეფექტიანობის პოლიტიკის ხუთ ძირითად მიზანს. ეს არის სისტემა, რომელშიც ავტონომია, შეფასება და ანგარიშვალდებულება აძლიერებს ერთმანეთს, შეიქმნას ხელსაყრელი გარემო სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად. ხუთი ძირითადი მიზანი, რომელიც გამომდინარეობს ამ მოდელიდან და მნიშვნელოვანია სკოლის ავტონომიისა და ანგარიშვალდებულების წარმატებისთვის, არის შემდეგი:
სკოლის ავტონომიის დონე ბიუჯეტის დაგეგმვასა და მართვაში − სკოლის ავტონომია სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვასა და მართვაში სასურველია, რადგან აღნიშნული ზრდის ფინანსური რესურსების ეფექტიანობას, ანიჭებს სკოლებს მოქნილობას ბიუჯეტის მართვაში და მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულებაში.
ავტონომიის დონე პერსონალის მართვაში − დეცენტრალიზებულ საგანმანათლებლო სისტემებში სკოლებს შეუძლიათ ჰქონდეთ ავტონომია მასწავლებლების დაქირავებისა და გათავისუფლებისას. ეს მკაფიო ნიშანს აძლევთ მასწავლებლებს, რომ სკოლის საბჭო უფლებამოსილია სკოლის პერსონალის გათავისუფლება-დანიშვნაზე. აღნიშნული მოტივაციას აძლევთ მასწავლებლებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ და გაითვალისწინონ მშობლების საჭიროებები.
სკოლის საბჭოს როლი (მონაწილეობა) სკოლის მართვაში − აღნიშნული მიზანი ორიენტირებულია საზოგადოების მონაწილეობასა და სკოლის საბჭოს როლზე სკოლის მართვის პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოების უნარს, ჰქონდეს ხმა ან ზედამხედველობა გაუწიოს მიმდინარე პროცესებს. ეს მიზანი მოიცავს არა მხოლოდ საზოგადოების უნარს, თქვას ან ზედამხედველობა გაუწიოს სკოლის მმართველობის ძირითად ასპექტებს, არამედ იმასაც, რამდენად კარგად უჭერენ მხარს ამ თემებს თავიანთი როლების განსაზღვრასა და გაგებაში, შესაძლებლობების განვითარებაში, სკოლის გეგმის განხორციელებასა და აღნიშნული როლის გამჭვირვალე და ინკლუზიურად განხორციელებაში.
სკოლისა და მოსწავლის შეფასება − ნებისმიერ საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანია დაინტერესებულმა მხარეებმა იცოდნენ, რამდენად კარგად მუშაობენ სკოლები, მასწავლებლები და მოსწავლეები. აღნიშნული პოლიტიკის მიზანია სკოლისა და მოსწავლეთა შეფასების მნიშვნელობის განხილვა − მათი არსებობა, სიხშირე და შეფასებებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება პედაგოგიური და საოპერაციო კორექტირებების განსახორციელებლად მუშაობის გაუმჯობესების მიზნით.
ანგარიშვალდებულება − სკოლის ანგარიშვალდებულება მთავარია განათლების ხარისხისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის. ეს მიზანი მოიცავს რეგულაციებს, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღონ გასაგები ინფორმაცია თავიანთი სკოლების შესახებ, უზრუნველყონ ზედამხედველობა, დაიცვან რეგულაციები, გასცენ ჯილდოები, სანქციები და შექმნან უკუკავშირი განათლების სისტემის სხვადასხვა დონეზე, სკოლებიდან სამინისტროებამდე.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება