რა პრინციპით ჩაირიცხებიან 2026 წლის აბიტურიენტები პროფესიულ პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით – წესი
2026 წელს პირველად, აბიტურიენტები, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, ჩარიცხვას პროფესიულ პროგრამებზეც შეძლებენ. ჩარიცხვის წესი და პირობები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ბრძანებით უკვე დამტკიცდა და ძალაშია 4 მარტიდან.
„სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ კონტინგენტს დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები, დაახლოებით, 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე უფასოდ მიიღებენ… გამოცხადდება 10 000 ადგილი პროფესიულის მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება აიტი მიმართულებაა… ჩვენ ვთავაზობთ ახალგაზრდებს, რომ ანკეტები, რომლებიც ძალიან მალე დამტკიცდება და მათ გადაეცემათ სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ასარჩევად, 2026-2027 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, იქ გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტები იქნება, მათ შეთავაზებული ექნებათ, რომ სამი პროფესიული მიმართულებაც აირჩიონ. იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდები სახელმწიფო უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტში ვერ მოხვდებიან, ავტომატურად ვთავაზობთ, რომ მათი არჩეული პროფილის მიხედვით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით სასწავლო პროცესი პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძელონ“, – გივი მიქანაძე.
შესაბამის კანონს დაემატა სრულიად ახალი, 25-ე მუხლი, რომელიც ადგენს, როგორ მოხდება 2026 წელს პროფესიულ სტუდენტთა მიღება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის საგანში აბიტურიენტის მიერ მიღებული შეფასების საფუძველზე.
უფრო კონკრეტულად, ცვლილებით, რომელიც „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში განხორციელდა, განისაზღვრა, როგორ მოხდება მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების გაანგარიშება, რამდენი იქნება საგანში აბიტურიენტის მიერ გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რა ვალდებულებები ექნებათ დაწესებულებებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების გამოსაცხადებლად და ა.შ.
ახალი ბრძანების თანახმად, 2026 წელს, დაწესებულებები, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტებს სხვადასხვა უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ, თუმცა იქნება გამონაკლისიც: სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების დეტალური სფეროს და სპორტის დეტალური სფეროს პროგრამები, ასევე, ის საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები და სხვ.
მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება შემდეგი პრინციპით განხორციელდება:
პროგრამისათვის განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობას აკლდება ამ პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა და მიღებული სხვაობა ემატება ამ პროგრამაზე 2026 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობას.
აქტიური პროფესიული სტუდენტების რაოდენობა გამოითვლება 2026 წლის 10 მარტის მდგომარეობით.
რაც შეეხება პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელ საგანს/საგნებს, შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციების მიხედვით – ბრძანების თანახმად, მისი დამტკიცება ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ანკეტა-კითხვარში შევსებულ ინფორმაციასთან ერთად აისახება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებულ სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.
აბიტურიენტის მიერ საგანში გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
აბიტურიენტის მიერ გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი [პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად] შეადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ნახევარზე მეტს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების გამოცხადების მიზნით:
დაწესებულება [პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება] 2026 წლის 5 მარტიდან 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით ელექტრონულად ავსებს ანკეტა-კითხვარს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამუშავებს ანკეტა-კითხვარში ასახულ მონაცემებს ელექტრონულად და არაუგვიანეს 2026 წლის 17 მარტისა ელექტრონული ფორმით აწვდის ცენტრს [შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი]; ცენტრი კი მიღებულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში ასახავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებულ სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის განათლების მინისტრის ბრძანება
გაეცანით, „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების 25-ე მუხლს დეტალურად:
მუხლი 25 – 2026 წელს პროფესიულ სტუდენტთა მიღება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის საგანში აბიტურიენტის მიერ მიღებული შეფასების საფუძველზე:
1. 2026 წელს დაწესებულება უფლებამოსილია, უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, პროფესიულ სტუდენტთა მიღება განახორციელოს აგრეთვე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის საგანში აბიტურიენტის მიერ მიღებული შეფასების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომ – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება) შესაბამისად, გარდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების დეტალური სფეროს (კოდი: 0215) და სპორტის დეტალური სფეროს (კოდი: 1014 ) პროგრამებისა, ამ წესის მე-10 და 21-ე მუხლებით განსაზღვრული პროგრამებისა და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, აბიტურიენტად მიიჩნევა პირი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად დარეგისტრირდება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და რეგისტრაციისას აირჩევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მიღების გამოცხადების მიზნით:
ა) დაწესებულება 2026 წლის 5 მარტიდან 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით ელექტრონულად ავსებს ანკეტა-კითხვარს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ბ) მართვის სისტემა ამუშავებს ანკეტა-კითხვარში ასახულ მონაცემებს ელექტრონულად და არაუგვიანეს 2026 წლის 17 მარტისა ელექტრონული ფორმით აწვდის ცენტრს;
გ) ცენტრი მიღებულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში ასახავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებულ სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მიღების გამოცხადების მიზნით მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი პრინციპით:
ა) პროგრამისათვის განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობას აკლდება ამ პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა და მიღებული სხვაობა ემატება ამ პროგრამაზე 2026 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობას;
ბ) აქტიური პროფესიული სტუდენტების რაოდენობა გამოითვლება 2026 წლის 10 მარტის მდგომარეობით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები, შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციების მიხედვით, მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, რომელიც ანკეტა-კითხვარში შევსებულ ინფორმაციასთან ერთად აისახება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებულ სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.
6. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ორი ან რამდენიმე საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული პრინციპი.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საგანში აბიტურიენტის მიერ გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ნახევარზე მეტს.
8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია რამდენიმე ჩასაბარებელი საგანი, დაწესებულების მიერ გამოცხადებული ადგილების რაოდენობა ნაწილდება ჩასაბარებელი საგნების რაოდენობის პროპორციულად. პროპორციული განაწილების ზუსტად განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საგანთა ჩამონათვალში მითითებულ პირველ საგანს.
9. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებული საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არაუგვიანეს 10 დღისა ცენტრი შეიმუშავებს და ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისათვის იმ დაწესებულებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა. რანჟირების დოკუმენტის შედგენა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების შესაბამისად.
10. ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მიწოდებას მართვის სისტემისათვის და დაწესებულებისთვის.
11. მართვის სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებისთვის რანჟირების დოკუმენტის ხელმისაწვდომობას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით.
12. ცენტრის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულებაში წარადგენს, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში დაწესებულების მიერ ამ წესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით შესაბამის დოკუმენტებს.
13. დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში დაწესებულება ვალდებულია აბიტურიენტი ჩარიცხოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების შესაბამისად, აბიტურიენტის მიერ წერილობით გამოხატული ნების საფუძველზე.
14. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიღების ფარგლებში ჩარიცხული პირებისთვის სწავლის დაწყების თარიღად განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის პირველი ოქტომბრისა. სწავლის დაწყების ზუსტი თარიღი მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
15. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებისას გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებული ნორმები.
16. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა ამავე პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად“.
ასევე იხილეთ:
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
-
უნივერსიტეტებო, თუ წელს დადგენილზე მეტ სტუდენტს მიიღებთ, ეს რაოდენობა მომავალ წელს მოგაკლდებათ – ცვლილება
by ARIS.GE-განათლება
-
რა ოდენობის ხელფასებია უმაღლესი განათლების ხარისხის ცენტრში 2026 წელს – დირექტორი, მოადგილეები, სამსახურის უფროსები
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, რომელი პროფესიული პროგრამები იყო ყველაზე პოპულარული 2025 წელს – საქსტატის მონაცემები
by ARIS.GE-განათლება