GE

რა საგამოცდო საკითხებით „აშინებენ“ რეპეტიტორები აბიტურიენტებს და სად გვჭირდება სიფრთხილე

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. აბიტურიენტებს ახლა განსაკუთრებული მღელვარების ფონზე უწევთ საკითხების გამეორება თუ მეცადინეობა და უფრო დაკვირვებით უსმენენ, რა რჩევებს გასცემენ მათთვის რეპეტიტორები.

2023 წლის აბიტურიენტებთან გამართული ერთ-ერთი ონლაინ შეხვედრის დასასრულს, გამოცდების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის წარმომადგენელმა თქვა, რომ აბიტურიენტებმა სწორედ ის კითხვები დასვეს, რითაც მათ თავიანთი რეპეტიტორი მასწავლებლები “აშინებენ”. ქართულის შემთხვევაში, უმეტესად საუბარია წერით დავალებაში პარალელებზე, არგუმენტების მოყვანასა და დასაბუთებაზე. ეს კი, ხშირად, სულაც არ არის განსაკუთრებულად სანერვიულო.

აბიტურიენტები ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარშიც ადასტურებენ ამბობენ, რომ  არის საკითხები, რომლითაც რეპეტიტორები მათ განსაკუთრებით „აშინებენ“.

როგორც EDU.ARIS.GE-ს თბილისელი აბიტურიენტი, 62- ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინო ჟვანია უყვება, არის საკითხები, რომლის შიშიც აბიტურიენტებს „დაშინების“ გარეშეც აქვთ, რადგან თუ ეს თემა შემოდის, არის მოლოდინი, რომ რაც არ უნდა საუკეთესოდ შეასრულონ, ქულის დაკარგვის ალბათობა, შესაძლოა მაინც დიდი იყოს.

„სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის განხრით  ვაბარებ. არჩეული მაქვს 2 ძირითადი და 2 სასურველი საგანი: ქართული ენა, ინგლისურ ენა, ბიოლოგიის და ქიმია. თითოეულ საგანში, რაც ჩამოვთვალე, არის რთული და მარტივი თემები. რთული და მარტივი დავალებებიც. რეპეტიტორები ხშირად აღნიშნავენ, რომ ის დავალებებში, რომლებზეც უმრავლესობა ქულებს კარგავს, ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული უნდა იყოს. გვაფრთხილებენ, რომ სიფრთხილით ვიყოთ მათზე მუშაობის დროს და მთელი ყურადღებით შევასრულოთ თუ გვინდა, რომ საუკეთესო საგამოცდო შედეგი გვქონდეს. რასაკვირველია, ჩვენ ეს „შიში“ თავადაც გვაქვს“.

აბიტურიენტი ჩვენთან საუბრის დროს ასახელებს, იმ საკითხებსაც, რომელიც რეპეტიტორების აზრით „საშიში“  და „საფრთხილოა“.

„ქართულისა და უცხო ენის მასწავლებლები ამბობენ, რომ თხზულებისა და ესეს წერა ყველაზე რთული და დასაკვირვებელია. რეკომენდაციის სახით კი უბრალოდ ამბობენ: “მეტი წიგნი იკითხე”, “ეს მონაკვეთი განავრცე/შეამოკლე”, რაც არ ეხმარება მოსწავლეს, ვინაიდან როგორ მივყვეთ ამ რეკომენდაციებს, ზუსტად ვერ გვეუბნებიან. ჩემ შემთხვევაში, რადგან არჩევით საგნად მაქვს ბიოლოგია და ქიმია, (ისევე როგორც ფიზიკასა და მათემატიკაში) ყველაზე “რთული” არის ამოცანების ამოხსნა, რომელიც ხშირად 3 ეტაპზე მეტს შეადგენს, ანუ სულ მინიმუმ 3 ეტაპი უნდა გავიგოთ, რომ პასუხამდე მისვლა შევძლოთ. ამ შემთხვევაში, მასწავლებლის რეკომენდაციაა, რომ დაუკვირდე და ბევრჯერ გადაიკითხო რას გთხოვენ დავალებაში“.

როგორც აბიტურიენტი აღნიშნავს, ერთგვარი დაშინების სტრატეგია, რომელიც რეპეტიტორების გარკვეულ ნაწილს აქვს შერჩეული არაეფექტურია, რადგან ფიქრობს, რომ მის თანატოლებს მოტივაციის მიცემა სჭირდებათ.

„პირადად მე, რეპეტიტორების “დაშინება” არ მიქმნის სირთულის შეგრძნებას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში და მზად ვარ პრობლემებზე ვიმუშაო. თუმცა ბევრი ბავშვი შემხვედრია, ვისაც ამგვარი დაშინება აპანიკებს და ცოდნის მიუხედავად, ხშირად, სრულიად სულელურ შეცდომებს უშვებენ. თანატოლებს ხშირად ვეუბნები, რომ რთული და შეუსრულებელი საკითხი არ არსებობს, უბრალოდ, ესა თუ ის დავალება შედარებით რთულად შესასრულებელია, თუმცა საშიში არაფერია, რადგან ყველა ადამიანს განსხვავებული საკითხი უჭირს და თანაც ყოველთვის არის დრო საკუთარ თავზე სამუშაოდ“, –  ნინო ჟვანია.

EDU.ARIS.GE ასევე ესაუბრა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მარიკა ლომსაძეს, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ მოსწავლეთა „შეშინება“ გამოსავალი არ არის და არც ეფექტურია.

„მოგეხსენებათ, ქართული ენა აბიტურიენტების უმრავლესობისთვის მშობლიური ენაა და სურვილიც იმისა, რომ გამოცდაზე უმაღლესი ქულა თუ არა, საშუალოზე მაღალი მაინც ჰქონდეს, ყველა აბიტურიენტს აქვს. თუმცა ყველა ერთნაირი მონდომებით არ სწავლობს. ამიტომ, მასწავლებლები ხშირად აშინებენ ხოლმე იმ საკითხებით, რომლებშიც მოიკოჭლებენ, რაც გამოსავალი ნამდვილად არ არის. წინასწარ არ უნდა შევუქმნათ აბიტურიენტს განწყობა, ეს მოტივაციას არ ზრდის, პირიქით“, – გვიხსნის ქართულის სპეციალისტი.

როგორც რეპეტიტორი ამბობს, საკითხებით „დაშინების“ ნაცვლად, რეპეტიტორებმა მოსწავლეების სააზროვნო უნარების განვითარება უნდა შეძლონ, კონკრეტულად რისთვის, ამაზე საკუთარი საგნის მაგალითზე საუბრობს.

„თხზულების უმაღლეს თუ საშუალო ქულაზე შესრულება არა არის მარტივი. ასევე არ არის მარტივი ტექსტის რედაქტირება, არც ნაშრომის გააზრება და სწორ პასუხებამდე მისვლა. ამ დავალებების შესასრულებლად საჭიროა მოსწავლეს სააზროვნო უნარ-ჩვევები ჰქონდეს განვითარებული, იყოს წიგნიერი, შეეძლოს არგუმენტირებული საუბარი და მსჯელობა, გნებავთ კრიტიკულად აზროვნება. დაშინების ნაცვლად, ამ უნარების განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან რეპეტიტორი და კოლეგებს იგივე მიზნის შესრულებისკენ მოუწოდებს.

ასევე იხილეთ:

„ძლიერ მოსწავლეებზე“ მონადირე რეპეტიტორები – ფარული განათლების კიდევ უფრო დაფარული მხარე

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური