GE

რა შეიძლება მოვიყვანო დამაჯერებელ არგუმენტად და კონტრარგუმენტად – აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი პასუხობს

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის რამდენიმე ტესტურ დავალებაში, აბიტურიენტებს არგუმენტირებული მსჯელობა მოეთხოვებათ. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ პარალელების, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების სწრაფად მოფიქრება მარტივი არ არის და განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს.

აბიტურიენტების ამ ინტერესის პასუხად, მათი დახმარების მიზნით დაწყებული სტატიების მორიგ სერიაში სწორედ არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების შესახებ ვისაუბრებთ.

EDU.ARIS.GE -ს კითხვებს პასუხობს ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი, ნინო ქამხაძეს, რომელიც არგუმენტირების შესახებ მეტ დეტალს გვიხსნის. ის გეტყვით, როგორ მოიყვანოთ საუკეთესო მაგალითები თქვენი პოზიციის განსამტკიცებლად და საუბრობს კონკრეტულ შემთხვევებსა და მაგალითებზე, რომლებიც არგუმენტირებულ მსჯელობას ბევრად გაგიმარტივებთ.

– ქალბატონო ნინო, პირველ რიგში, უთხარით ჩვენს მკითხველ აბიტურიენტებს, ტესტის რომელ დავალებებში მოუწევთ არგუმენტებითა და კონტრარგუმენტებით მსჯელობა?

– აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების გამოყენება სულ ორი დავალების შესრულებ დროს უწევთ. პირველია ტექსტის რედაქტირება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას მოითხოვს, ხოლო მეორეა წაკითხული ტექსტის გააზრება და წერითი დავალება. სწორედ წერით დავალებაში ევალებათ მათ არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების გამოყენება. წერითი დავალების შესრულებისას აბიტურიენტებმა უნდა დაწერონ თხზულება, სადაც, დავალებაში მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას წარმოაჩენენ. პოზიციის დასაბუთებაში კი განსაკუთრებული როლი ეკისრება არგუმენტებითა და კონტრარგუმენტებით მსჯელობას.

„ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს“ – მართლწერის წესები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისგან

– გთხოვთ, განმარტოთ, რა ითვლება არგუმენტად და რა კონტრარგუმენტად?

– არგუმენტი არის ის, რაც მეტ დამაჯერებლობას ანიჭებს ჩვენს მსჯელობას. ეს არის საბუთი მკითხველისთვის (ამ შემთხვევაში გამსწორებლისათვის), თუ რატომ უნდა მიიჩნიოს ჩვენი პოზიცია მართებულად. არგუმენტი სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს. არგუმენტებად უნდა გამოვიყენოთ ისეთი რამ, რაც ყველამ იცის, ის რაც ფართოდაა გავრცელებული და ცნობილი. ეს შეიძლება იყოს აფორიზმი, ანდაზა, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, ფილმები, ისტორიული ფაქტები, პუბლიცისტური წერილები და ა.შ.

კონტრარგუმენტი არგუმენტის საპირისპირო მოვლენაა. მისი გამოყენების მთავარი მიზანი კი, ჩვენი პოზიციის კიდევ უფრო დამაჯერებლად წარმოჩენაა. კონტრარგუმენტის დაწერის შემდეგ, აბიტურიენტმა უნდა შეძლოს მისი გაბათილება თავისი არგუმენტებითა და მსჯელობით.

– აბტურიენტებს ხშირად აქვთ კითხვა, როგორი უნდა იყოს კარგი არგუმენტი და კარგი კონტრარგუმენტი, გვესაუბრეთ დეტალებზე…

– კარგ არგუმენტად და კონტრარგუმენტად ითვლება ისეთი არგუმენტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სამსჯელო საკითხს. იგი არ უნდა უცვლიდეს მსჯელობას მიმართულებას, რათა არ გამოიწვიოს თხზულებაში საკითხიდან გადახვევა. უნდა იყოს მაქსიმალურად ზუსტი.
კარგ არგუმენტად არ ითვლება პირადი დამოკიდებულების გამოხატვა, ისეთი მაგალითის მოყვანა, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია. რაც შეეხება კონტრარგუმენტს, იგი ისე უნდა შევარჩიოთ, რომ შესაძლებელი იყოს მისი გაბათილება ჩვენი მსჯელობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონტრარგუმენტი არ იყოს არგუმენტზე ძლიერი.
ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სათქმელი ნათლად, მკაფიოდ და გასაგებად ჩამოვაყალიბოთ.

„როგორ შევამციროთ შეცდომების რაოდენობა თხზულების წერის დროს“ – სპეციალისტი აბიტურიენტებისთვის აქტუალურ თემაზე

– თქვენი დაკვირვებით, რამდენი ქულის მოპოვება ან დაკარგვა შეუძლიათ აბიტურიენტებს არაარგუმენტირებული მსჯელობით?

– თუ წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმებს გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ აბიტურიენტს არგუმენტირებული მსჯელობით შეუძლია მოიპოვოს ან დაკარგოს მიახლოებით 5-დან 11 ქულამდე.

– ნინო, გთხოვთ, მოიყვანეთ პრაქტიკული მაგალითი კარგი და ცუდი არგუმენტების…

– პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია არამყარი არგუმენტების გამოყენების შემთხვევები. ხშირად, აბიტურიენტები, არგუმენტირებისათვის პირად გამოცდილებას, სადღაც გაგონილ და არაზუსტ ინფორმაციას იყენებენ. მაგალითად, ხშირად მიმართავენ ფრაზებს: არსებობს ერთი კაცი…, მე მინახავს…, ჩემ გარშემო მოხდა მსგავსი ფაქტი და ა. შ. თუმცა ხშირად იყენებენ ისეთ საინტერესო არგუმენტებს, როგორიცაა „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები, ანდაზები, ახალი ამბებიდან მოსმენილი ინფორმაცია, ტელეგადაცემები და ბევრი სხვა..

– ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ტესტური დავალების შესრულების დროს აბიტურიენტი განსაკუთრებით ღელავს და ვერ ფიქრობს, რა არგუმენტი მოიყვანოს. რას ურჩევდით მათ?

– პირველ რიგში, აბიტურიენტებს ვურჩევდი, მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე და ისე დაფიქრდნენ. მათ თუნდაც მხოლოდ აბიტურიენტობის პერიოდში უგროვდებათ საკმარისი ცოდნა, რომ საკუთარი მოსაზრების არგუმენტირება შეძლონ. გაიხსენონ თუნდაც ქართულში შესწავლილი ნაწარმოებები და აუცილებლად იპოვიან შესაფერის არგუმენტებს.

ასევე იხილეთ:

რა უნდა იცოდეს სტუდენტმა უკვე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ – აკრძალვები და უფლებები

განახლებული ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური