რა უნდა იცოდეს სტუდენტმა უკვე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ – აკრძალვები და უფლებები
უმაღლესში ჩაბარებამდე, აბიტურიენტებს და მაგისტრობის მსურველებს დეტალურად მიეწოდბათ ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ, თუმცა, მცირეა იმ სტუდენტების ან მაგისტრანტების რაოდენობა, რომლებმაც იციან, თუ როგორ მართონ უკვე მოპოვებული სასწავლო გრანტი მობილობის, ან სხვა ქმედების შემთხვევაში, რა აკრძალვები და შესაძლებლობები აქვთ, რამდენი წლით ან რამდენჯერ აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება. აღნიშნული კითხვებით EDU.ARIS.GE-ს 3 თებერვალსაც მიმართეს, მსგავსი საკითხებით დაინტერესება ახალგაზრდებში აქტუალური მაშინ ხდება, როცა სტუდენტთა მობილობა ცხადდება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ დეტალური განმარტებები სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის გამოცხადებასთან ერთად შესთავაზა.
წარმოგიდგენთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აბიტურიენტმა თუ სტუდენტმა სწავლის სახელმწიფო გრანტით დაფინანსების შესახებ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს.
რა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით?
- ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები – არაუმეტეს 4 წელი;
- მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 5 წელი;
- ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა – არაუმეტეს 5 წელი;
- დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 6/არაუმეტეს 5 წელი;
- მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 1 წელი;
- ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 1 წელი;
- სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით – არაუმეტეს 2 წელი
რა რაოდენობით გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, როგორ ითვლება და არის თუ არა მისი შეჩერების ალბათობა?
- ერთ საგანმანათლებლო საფეხურზე (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) გრანტი (მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში) გაიცემა მხოლოდ ერთხელ;
- ერთი საფეხურის რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთი პროგრამის დასაფინანსებლად;
როგორც მართვის სისტემა განმარტავს, გრანტის თანხა ითვლება რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით: ბაკალავრიატის საფეხურზე ყოველი სასწავლო წლის 1 ნოემბრისა და 1 აპრილის მონაცემების გათვალისწინებით, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე ყოველი სასწავლო წლის 15 ნოემბერისა და 1 აპრილის მონაცემების გათვალისწინებით.
მართვის სისტემა საგრანტო თანხების გაანგარიშებას ახორციელებს მხოლოდ ზემოხსენებულ თარიღებში უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებად დაფიქსირებული პირებისათვის, რომლებიც ირიცხებიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
უსდ-ს (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) მიერ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უსდ-სთვის შესაბამისი სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის გადარიცხვის შეჩერების საფუძველი.
როგორია ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტის ვალდებულება სტუდენტის წინაშე?
ამ საფუძვლით გრანტის გადარიცხვის შეჩერების ან გრანტის გადარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში უსდ არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი გრანტის ოდენობის შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელების (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა
გრანტით ფინანსდება მხოლოდ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები!
- პროგრამას აკრედიტებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 1 ნოემბერს (ბაკალავრიატის საფეხურზე) და 15 ნოემბერს (მაგისტრატურის საფეხურზე), ხოლო გაზაფხულის სემესტრში – 1 აპრილს (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის საფეხურებზე);
- პროგრამების სტატუსებისა და აკრედიტაციის ვადის გასვლის თაობაზე ინფორმაციას მობილობის დროს აქვეყნებს მართვის სისტემა. თუ საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც გსურთ მობილობით გადასვლა, არ იძებნება მოცემულ სიაში, პროგრამას არ აქვს აკრედიტებული სტატუსი და არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში დაუშვებელია:
სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
როგორია მოპოვებული გრანტის ბედი სტუდენტის მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში?
- სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- სტუდენტს მოპოვებული გრანტი გადაყვება თავდაპირველად მოპოვებული ოდენობით;
როცა მიმღები პროგრამის საფასური ნაკლებია სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის ოდენობაზე, გრანტი უტოლდება ამ პროგრამის საფასურს;
ყოველი შემდგომი მობილობისას, სტუდენტს გრანტი მიყვება წინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/პროგრამაზე არსებული ოდენობით;
თუ სტუდენტი სწავლას აგრძელებს თავდაპირველი პროგრამისგან განსხვავებულ პროგრამაზე, მიმღები პროგრამით სწავლა დაფინანსდება თავდაპირველი პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის კანონით გათვალისწინებული წლების განმავლობაში;
მობილობის განხორციელების შემდგომ, სტუდენტს მიმღებ დაწესებულებაში, აკრედიტებულ პროგრამაზე გრანტი გადაყვება ავტომატურად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც დამატებით განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის.
რა ხდება თუ სტუდენტი ე.წ უფასო ფაკულტეტზე სწავლობს და მობილობის სურვილი აქვს?
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში სტუდენტს მიმღებ პროგრამაზე არ გადაყვება პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება!
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის სამსახურში ამ საკითხზე დასმული კითხვის პასუხად 3 თებერვალს დაუზუსტეს, ზემოაღნიშნულ ჩანაწერში იგულისხმება სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ ე.წ უფასო ფაკულტეტზე მყოფი პირის მობილობა. მათი თქმით, დაფინანსდება თუ არა მიმღებ უმაღლეს სასწავლებელშიც უფასო ფაკულტეტზე სტუდენტის სწავლება, მხოლოდ მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის ჩართულობით ირკვევა. სტუდენტის მიერ ინფორმაციის წინასწარ მოპოვება შეუძლებელია, ხოლო შედეგი დამოკიდებულია როგორც უნივერსიტეტის შესაძლებლობაზე, მიიღოს ახალი სტუდენტები ე.წ. უფასო ფაკულტეტზე, ასევე, მობილობის მსურველი სტუდენტის ქულასა და ზოგადად, იგივე ფაკულტეტის არსებობაზე მიმღებ უნივერსიტეტში.
როგორია მოპოვებული გრანტის ბედი სტუდენტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში?
- სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან/შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში პირს უნარჩუნდება გრანტი;
- თუ პირს სტატუსი შეუჩერდა უცხო ქვეყნის დაწესებულებაში სწავლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, რომლის დროსაც შეუძლებელია სწავლის გაგრძელება, მოპოვებული გრანტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება ამ საფუძვლის არსებობის ვადით;
- სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა უსდ-ს პროგრამაზე, სტუდენტი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ გრანტს გამოიყენებს ამ პროგრამის დასაფინანსებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ გრანტს გამოიყენებს ამ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება