GE

რა შემთხვევაში დაწერენ სკოლის მონიტორინგისას ექსპერტები, რომ „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“

იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის დროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ ითანამშრომლებს ექსპერტებთან ან/და არ მისცემს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების შესაძლებლობას, შესაფასებელი სტანდარტი შეფასდება როგორც „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“. ამის შესახებ სკოლის ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესახებ გამოქვეყნებულ ბრძანებაშია საუბარი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოაწერა ხელი და  უკვე ძალაშია.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ოთხდონიანი სკალით ფასდება: „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”, „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ და „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

სკოლების მასშტაბური ავტორიზაციის პროცესის დაწყებისთვის განახლებული საკანონმდებლო დოკუმენტის ერთ-ერთი მუხლი მოიცავს ცნობებს ავტორიზაციის პირობების შემოწმების შესახებ მონიტორინგის გზით და როგორც ვკითხულობთ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულება მოწმდება გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით და/ან ცენტრის (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტ.) ინიციატივით. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით, ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საფუძველზე და/ან ცენტრის ინიციატივით.

აქვე ვიგებთ იმასაც, რომ ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტამდე სკოლის ინფორმირება დიდი ხნით ადრე არ ხდება.

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ ცენტრის (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტ.) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყებისას, ან ვიზიტის დაწყებამდე არაუმეტეს 3 სამუშაო დღით ადრე”, – წერია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში.

ბრძანების იმ მუხლში, სადაც სკოლის თვითშეფასების განხორციელებაზეა საუბარი განმარტებულია, რა შეიძლება გახდეს განათლებსი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან სკოლის მონიტორინგის საფუძველი:

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. სკოლის მიერ თვითშეფასების დადგენილი წესით განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები, შესაძლოა, გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი”.

ასევე იხილეთ:

„უკლებლივ ყველა სკოლა ავტორიზაციას 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე გაივლის“ – მინისტრი

„პირველადი ავტორიზაციის დროს სკოლებმა უნდა მოგვცენ დაპირება“ – რომელი სკოლა მიიღებს ავტორიზაციას სხვებზე ადრე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური