GE

რა შემთხვევებში მიენიჭება მასწავლებელს განსაკუთრებული სტატუსი განათლების მინისტრისგან – დეტალები

2019 წლის თებერვლის თვეში, მას შემდეგ, რაც მასწავლებელი სოფელ ჩიბათიდან, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტს შორის მოხვდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მას განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის მასწავლებლის უმაღლესი კატეგორია – მენტორის სტატუსი მიანიჭა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მინისტრი, მენტორის ან სხვა მაღალი საფეხურის სტატუსის მინიჭებას მომავალშიც შეძლებს და ეს კონკრეტული პრინციპისა და კრიტერიუმების საფუძველზე, განათლების მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განხორციელდება. EDU.ARIS.GE-მ დეტალების გარკვევა შეძლო.

რა პროცედურების საფუძველზე ენიჭება პედაგოგს განსაკუთრებული სტატუსი:

მენტორის სტატუსი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომში – „სქემა”) განსაზღვრულ ერთ-ერთ სტატუსს. სქემის მიხედვით არსებობს მასწავლებლის ოთხი სახის სტატუსი: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. აღნიშნული სტატუსები პირს შეიძლება მიენიჭოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით.

სქემა ითვალისწინებს ზემოაღნიშნული სტატუსის მინიჭების განსაკუთრებულ შემთხვევასაც, კერძოდ, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.

სქემის მიხედვით, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.

ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, აღნიშნული წესით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ამოწმებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ შექმნილი კომისია. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების უფროსები და განათლების სფეროში მოქმედი სხვადასხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.

ვის შეუძლია მიმართოს კომისიას კონკრეტული მასწავლებლისთვის განსაკუთრებული სტატუსის თხოვნით და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი:

მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, კომისიისთვის მიმართვის უფლება აქვს:

ა) იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც ასწავლის აღნიშნული მასწავლებელი; ბ) განათლების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას.

აღნიშნული პირები ვალდებული არიან დაასაბუთონ თუ რა განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილება ან/და განსაკუთრებული დამსახურება აქვს მასწავლებელს ზოგად განათლებაში და წარმოადგინონ შესაბამისი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის შემთხვევაში, სკოლის დირექტორი ვალდებულია წარმოადგინოს პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, კანდიდატი მასწავლებლის შესახებ.

კომისიის მუშაობის პრინციპი და განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება:

კომისია მასწავლებლის საქმიანობის შესწავლისას ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) მასწავლებლის საქმიანობის კომპლექსურად შეფასებასთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კონკურსში მიღწევა;

ბ) მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველოს კონკურსში გამარჯვება.

კომისია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად განსაზღვრავს მასწავლებლისთვის მისანიჭებელ სტატუსს. შემდგომში, კომისიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის დანამატის ოდენობა სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს 1000 ლარს. მისი გაცემის წესი და დაანგარიშების პირობები განისაზღვრება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

განათლების მინისტრმა ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური