GE

რა შეუსაბამობები აქვთ საქართველოში საბავშვო ბაღებს ავტორიზაციის გავლისთვის – მოკვლევის ანგარიში

რა გამოწვევები დგას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ავტორიზაციის პროცესის ეფექტიანი უზრუნველყოფის პროცესში? – ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ფარგლებში იმუშავა, მოკვლევის ანგარიში კი მიმდინარე წლის თებერვალში წარმოადგინა.

როგორც ცნობილია, საქართველოში არსებული ყველა კერძო და საჯარო ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებამ ავტორიზაცია შესაბამისი სტანდარტების დაცვით უნდა გაიაროს და ეს პროცესი საჯარო ბაღებისთვის ახალი გამოწვევაა. ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები

თვითშეფასების პროცესი გაიარა ჯამში 2047-მა დაწესებულებამ, აქედან 1737 საჯარო ბაღია, ხოლო 310 – კერძო. 2024 წლის იანვრიდან დაიწყო თვითშეფასების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი, რის საფუძველზეც არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა დამტკიცდება ავტორიზაციის განრიგი, რომლის მიხედვითაც დაწესებულებები გაივლიან ავტორიზაციას. რაც შეეხება განხორციელებას, ვარაუდობენ, რომ კანონით განსაზღვრული მოთხოვნა – ავტორიზაცია დაგეგმილ ვადაში – 2025-2029 წწ. ეფექტიანად განხორციელდება. ცნობისთვის, დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნებისთვის გარდამავალ პერიოდად 2030 წლის 1 იანვრამდე პერიოდია განსაზღვრული.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, თუ რა მიმართულებებით აჩვენა ავტორიზაციისთვის ბაღების მზაობის არ არსებობა თემატურმა მოკვლევამ სახელწოდებით: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე“.

ავტორიზაციისთვის მზადებასთან დაკავშირებული პრობლემები

თებერვალში გამოქვეყნებული მოკვლევის მრავალგვერდიან ანგარიშში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის შესახებ ვკითხულობთ, რომ ვინაიდან მუნიციპალიტეტებში [ბაღების] თვითშეფასების პროცესი 2023 წელს დაიწყო, ეს მათთვის დიდი სიახლეა და ისინი იმ გამოწვევებზეც საუბრობენ, რაც თან ახლავს ავტორიზაციის პროცესს:

ავტორიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის სიმწირე, ცნობიერების დაბალი დონე – როგორც ანალიზიდან ჩანს, საჭიროა მეტი ინფორმაცია მიეწოდებოდეთ და ავტორიზაციის პროცესში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს; არასაკმარისი ცოდნა და უნარები ავტორიზიციის პროცესში ჩასართავად – როგორც შემოსული მოსაზრებების ავტორები აღნიშნავენ, ბევრი ბაღის მენეჯერს/დირექტორს, აღმზრდელს, არ აქვს საკმარისი ცოდნა იმისათვის, რომ ელექტრონულად შეავსონ კითხვარები, მოამზადონ შესაბამისი სამოქმედო გეგმები და ა.შ. მნიშვნელოვანია მათი მეტად მომზადება ამ კუთხით; არასაკმარისი ტექნიკური უზრუნველყოფა – მოკვლევაში ჩართულ პირთა გარკვეულ ნაწილში არ აქვთ კომპიუტერი, იმისათვის რათა შეავსონ თვითშეფასების კითხვარი. აღსანიშნავია, რომ ბაღების ნაწილი არ არის აღჭურვილი კომპიუტერული ტექნიკით“, – წერია მოკვლევის ანგარიშში.

მოკვლევის ავტორები განმარტავენ, რომ რეფორმის პირველი ეტაპის – თვითშეფასების კითხვარის შევსებისას გამოწვევებმა ძირითადად ორი მიმართულებით იჩინა თავი: 1. კვალიფიციური კადრები და 2. ინფრასტრუქტურა/საგანმანათლებლო რესურსები.

მუნიციპალიტეტები კი აღნიშნავენ, რომ ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია, თუ სახელმწიფო ცენტრალური დონიდან მიზნობრივად გაზრდის ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროს დაფინანსებას, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი ამისთვის საკმარისი არაა; მათივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ცენტრალურ დონეზე ცალკეული რეგულაციების შემუშავება, მათ შორის, სახელფასო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის ტექნიკური რეგლამენტი და ა.შ.

ზემოაღნიშნულ პრობლემებს ადასტურებს ბაღების ავტორიზაციის პროცესზე პასუხისმგებელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც. კერძოდ:

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 7 მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები სრულადაა აღჭურვილი კომპიუტერული ტექნიკით. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში გამოწვევად რჩება კომპიუტერული ტექნიკის არქონა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამ მიმართულებით პარლამენტის კომიტეტი ორ რეკომენდაციას გასცემს, რომელთა ადრესატებიც არიან როგორც განათლების სამინისტრო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: რეკომენდაცია 1 – აღიჭურვოს ადრეული და სკოლამდელი განათლების თითოეული დაწესებულება კომპიუტერული ტექნიკით და რეკომენდაცია 2 – მუნიციპალური ბიუჯეტით უზრუნველყოფილი იქნეს დაწესებულებების მხარდაჭერა ავტორიზაციის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

საბავშვო ბაღების შეუსაბამობები ავტორიზაციის გასავლელად საჭირო სტანდარტთან

მოკვლევის ფარგლებში კომიტეტის მიერ მიღებული მოსაზრებების მიხედვით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჯერ კიდევ არის რიგი გამოწვევები: „მოკვლევაში მონაწილე მხარეების ნაწილი აღნიშნავს, რომ საბავშვო ბაღების შენობების ნაწილი ვერ აკმაყოფილებს რეგულაციებს და სტანდარტებს. მათივე ინფორმაციით, საჭიროა შენობების შესწავლა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ არის შემთხვევები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ/აშენებულ ბაღებშიც კი გართულებულია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, მათ შორის, დროებითი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ინფრასტრუქტურა

ბაღების ნაწილი არაა ადაპტირებული, არ არის დაცული უნივერსალური დიზაინის პრინციპები, მიუხედავად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნისა. ასევე გამოწვევად რჩება თანამშრომლობითი საქმიანობისთვის განსაზღვრული სივრცეები. ასეთი სივრცის არსებობა აუცილებელია ავტორიზაციის სტანდარტის მიხედვით. ამგვარი სივრცის მნიშვნელობაზე მიუთითებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. ასეთი სივრცის არარსებობა უარყოფითად აისახება, როგორც პერსონალის მოტივაციაზე, ისე ზოგადად საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზეც. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, სადაც ასევე გამახვილებულია ყურადღება ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე, აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, საბავშვო ბაღებში კვლავ გამოწვევად რჩება არასაკმარისი სივრცის საკითხი, რაც შეუძლებელს ხდის შენობაში ყველა საჭირო დანიშნულების ოთახის მოწყობას და ბავშვების რაოდენობის შესაბამისი ფართობის გამოყოფას. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას იმ საბავშვო ბაღებში, რომლებიც არასტანდარტულ შენობაშია განთავსებული.

ეზო

მოსაზრებების ავტორების უმრავლესობა საუბრობს ეზოს, როგორც საგანმანათლებლო სივრცის უდიდეს მნიშვნელობაზე. თუმცა აღინიშნება, რომ ეზოს კეთილმოწყობა კვლავ ბევრგან რჩება გამოწვევად. ზოგიერთ საბავშვო ბაღს ეზო საერთოდ არ აქვს. მოსაზრებების ავტორთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეზო ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და იქ მიმდინარე აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას.

რესურსები

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს ახალი რესურსების შეძენა, მოსაზრებების ავტორთა უმრავლესობა საგანმანათლებლო რესურსების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობს. მუნიციპალიტეტების პასუხებიც ადასტურებს, რომ საგანმანათლებლო რესურსები ბაღებში არასაკმარისია და საჭიროებს აქტიურ და რეგულარულ განახლებას. ზოგიერთ ბაღში რესურსები ბოლო რამდენიმე წელია არ განუახლებიათ.

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები

მიღებული მოსაზრების ავტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაწესებულებებში სანიტარიულჰიგიენური ნორმები მეტ-ნაკლებად დაცულია; მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ინფრასტრუქ-ტურული საბაზო მოთხოვნები დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მაინც გამოწვევად რჩება ცენტრალური გათბობის და წყალმომარაგების საკითხები. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიც აღინიშნება, მუნიციპალიტეტების ნაწილში, საბავშვო ბაღებში კვლავაც ვერ ხერხდება სველი წერტილების აღსაზრდელთა რაოდენობისა და ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად მოწყობა. ამასთანავე, საბავშვო ბაღების ნაწილში კვლავ გამოწვევად რჩება თბილი წყლით უზრუნველყოფის საკითხი.

ადამიანური რესურსი და კომპეტენცია

მოკვლევაში მონაწილე პირთა უმრავლესობა საუბრობს კვალიფიციური კადრების დეფიციტზე;
ამის განმაპირობებელი მიზეზებია: არსებული ადამიანური რესურსების კვალიფიკაცია, მცირე ანაზღაურება, მიგრაცია სოფლებიდან ქალაქებში, წვდომის ნაკლებობა მოსამზადებელ და გადასამზადებელ პროგრამებზე, საუნივერსიტეტო პროგრამების სიმცირე, პროფესიის ნაკლებად პოპულარობა, კადრების ნაკლები მოტივაცია.

ადამიანური რესურსების ნაწილში მნიშვნელოვანი გამოწვევაა კომპიუტერული კომპეტენციების დაბალი დონე. ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით გამოვლინდა თვითშეფასების პროცესში, როცა ბაღის პერსონალს თვითშეფასების კითხვარების ელექტრონული ფორმით შევსება მოუწია.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თუ მუნიციპალიტეტისა და ბაღების გაერთიანებები ბაღის პერსონალის პროფესიული განვითარების დაგეგმვისას ამ მიმართულებასაც გაითვალისწინებს.

კადრების დეფიციტი

როგორც შემოსული მოსაზრებების ანალიზიდან ირკვევა, რიგ მუნიციპალიტეტებში, კადრების დეფიციტის გამო დარღვეულია ჯგუფებში კანონით დადგენილი აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა. მუნიციპალიტეტების ნაწილში დაკმაყოფილებულია, თუმცა რიგ მუნიციპალიტეტებში ამ დრომდე არ არის დაკმაყოფილებული ავტორიზაციის სტანდარტით დადგენილი არასაკონტაქტო საათის მოთხოვნაც, რომელიც გამოყოფილი იქნებოდა პროფესიული განვითარებისთვის, კურიკულუმით განსაზღვრული გეგმების შედგენისთვის და სხვ.

ბაღების ინკლუზიურობა

შემოსული მოსაზრებების ანალიზი გვაჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა რიგ გამოწვევებთან არის დაკავშირებული: 1. საგანმანათლებლო პერსონალის (აღმზრდელების, ფსიქოლოგების, სპეციალური პედაგოგების) დაბალი კვალიფიკაცია; 2. ცალკეულ მუნიციპალიტეტებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა იდენტიფიცირების მექანიზმების განუვითარებლობა, რაც ძალიან ართულებს საგანმანათლებლო პროცესში მათ ჩართვას; 3. მშობლების ცნობიერების დაბალი დონე ინკლუზიური განათლების მიმართულებით; 4. ინკლუზიური განათლების პრინციპების დასანერგად საჭირო საგანმანათლებლო, განმავითარებელი რესურსების სიმწირე ბაღებში; 5. ბაღების ნაწილის მიერ (როგორც ახალი, ისე ძველი) უნივერსალური დიზაინის პრინციპების დაუკმაყოფილებლობა, პანდუსების, შესაბამისი სველი წერტილების, ადაპტირებული რესურსების არარსებობა და ა.შ.

ჯამში, მოკვლევის ფარგლებში გამოკვეთილი მიგნებების კვალდაკვალ, ავტორებს 16 რეკომენდაცია აქვთ, რომელიც დოკუმენტშია მოცემული და მათმა განხორციელებამ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ეფექტიან პროცესს უნდა შეუწყოს ხელი.

ამავე თემაზე:

გამოწვევები საბავშვო ბაღებში – პარლამენტი სკოლამდელი განათლების მიმართულებით 16 რეკომენდაციას გასცემს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური