რა სირთულეები აქვთ სკოლებსა და პედაგოგებს სადაც სწავლა უკვე დაიწყო? – „ეს ყველაზე დიდი სირთულეა!“
საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის აქტიურად ემზადებიან. იმისთვის, რომ სასწავლო პროცესის განახლების უფლება მოიპოვონ, მათ COVID-19 -ის პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. სახელმწიფო ამბობს, რომ დამატებითი ხარჯების შემთხვევაში სკოლებს დაეხმარება და ინვენტარსაც მიაწოდებს, თუმცა ამ კუთხით განსხვავებული მდგომარეობაა კერძო სკოლების შემთხვევაში. კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა თავად უნდა უზრუნველყონ საჭირო ინვენტარის და მოწყობილობების შეძენა, რაც მათ ხარჯებზე და საბოლოოდ მშობლის გადასახადზეც აისახება.
კერძო სკოლების ნაწილმა სასწავლო პროცესი პირველი სექტემბრიდან დაიწყო და პანდემიის პირობებში, პირველი სირთულეებიც გამოიკვეთა. სკოლების ნაწილი კი რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს და შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება.
მასწავლებელი კი, რომელიც ამავდროულად დაწყებითი კლასის მოსწავლის მშობელიც არის, პროცესს კიდევ უფრო სიღრმისეულად ხედავს. ვენენო მენაბდე კერძო სკოლა ნიუტონის დაწყებითი საფეხურის პედაგოგია. სკოლამ დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი პირველ სექტემბერს განაახლა. გამოცდილება, რაც რამდენიმე დღემ აჩვენა, საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვისაც იქნება საინტერესო. პედაგოგი ამბობს, რომ რეგულაციების დაცვა ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან პირბადით გაკვეთილის ჩატარება დამატებით ძალისხმევას მოითხოვს და ჯანმრთელობაზეც აისახება.
„რეკომენდაციები არის ბევრი და რთული. ძნელად მისაჩვევია, სწორედ ამიტომ დავიწყეთ სასწავლო წელი პირველ სექტემბერს პირველ, მე-2 და მე-3 კლასებისთვის, რომ პირველ რიგში, ბავშვები მიეჩვიონ და ადაპტაცია გაიარონ. ყველაზე დიდი სირთულე, პედაგოგებს რაც გვაქვს არის ის, რომ პირბადის მოხსნის უფლება სკოლის სივრცეში საერთოდ არ გვაქვს. თუ ორმეტრიანი დისტანციაა დაცული, ამ შემთხვევაში, გაკვეთილზე შეგვიძლია, ფანჯრები აუცილებლად ღია უნდა იყოს, თუმცა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა ყველა კლასში ვერ ხერხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვების მერხებიც უნდა იდგეს დისტანციურად და ფიზიკურად ადგილი აღარ რჩება. ძალიან ძნელია 20 ბავშვი 2-2 მეტრით დააშორო ერთმანეთს და პირბადის გარეშე შეძლო გაკვეთილის ჩატარება, ამიტომ გვიწევს ლაპარაკი ნიღბით, რაც ხმას ახშობს, ჟანგბადის მოწოდება ნაკლებია, ვსაუბრობთ უფრო ხმამაღლა ვიდრე ჩვეულებრივ ტონში, ეს ყველაფერი ფიზიკურ პრობლემებს იწვევს, ყელის სიმშრალეს, თავბრუსხვევას და ა.შ. “, – ამბობს პედაგოგი.
მისივე თქმით, გარკვეულწილად პრობლემურია მცირე ასაკის მოსწავლეებს შორის დისტანციის დაცვაც, რადგან ბავშვებს მასწავლებელთან და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობის მოთხოვნა აქვთ და ამ კუთხით ბევრი მუშაობა სჭირდებათ.
„დაწყებით საფეხურზე ვარ და არ მაქვს უფლება მოსწავლეს შევეხო, ან ფანქარი დავაჭერინო, ვთქვათ სწორად მოხაზულობა რომ ვაჩვენო, მაგალითი გავუსწორო და ა.შ. თუ შევეხები მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანით. იმავე წამს, თუ მეორე მოსწავლეს სჭირდება ჩემი ფიზიკური დახმარება უნდა მოვიხსნა, ახალი გავიკეთო და ისე მივიდე. როგორ რთულდება პროცესი, წარმოიდგინეთ. პატარებს ცოტა უჭირთ დისტანციის დაცვა ხელებგაშლილები მორბიან ჩასახუტებლად და ჩვენ გვიწევს შევაჩეროთ, ერთმანეთთან უყვართ შეხება, აკრძალულია ნივთების თხოვება, ამაზე გვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, ცოტა ეს გვიჭირს”, – ამბობს ვენენო მენაბდე.
კერძო სკოლის პედაგოგის თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ სწავლის დაწყებამდე მშობლებთან ონლაინ შეხვედრები მოაწყო, სადაც მათ დეტალურად გააცნეს პანდემიასთან დაკაშირებული რეგულაციები.
„სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ონლაინ შეხვედრა მოვაწყვეთ მშობლებთან, მასწავლებლებთან, დაწვრილებით გავაცანით რეკომენდაციები და მათ კითხვებზე ამომწურავად ვისაუბრეთ. ვთხოვეთ, რომ ბავშვები მათაც შეემზადებინათ ამ ყველაფრისთვის. ყველა გაკვეთილზე 5 წუთს ვუთმობთ უსაფრთხოების წესების შეხსენებას, ბავშვები ამ ეტაპზე ძალიან გვიწყობენ ხელს“, – ამბობს მასწავლებელი.
სასწავლო პროცესი ჯერჯერობით არ დაუწყიათ კერძო სკოლების ნაწილში, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესრულება მცირებიუჯეტიანი სკოლებისთვის ფინანსური ტვირთი აღმოჩნდა, საჭირო ინვენტარის და მოწყობილობების შესაძენად მათ 2000 ლარზე მეტის გადახდა უწევთ.
„სწავლის დაწყება გვინდოდა სექტემბრის დასწყისში, მაგრამ რეგულაციების შესაბამისად, ძალიან გაგვიჭირდა ამ ყველაფრის შეძენა. თქვენ წარმოიდგინეთ სამედიცინო კაბინეტის აღჭურვისთვის იმდენი რამ არის ჩამოთვლილი, რომ დიდ თანხებზე მიდის. მარტო საკაცე რომ ავიღოთ, ყველაზე დაბალფასიანი 350 ლარი ღირს, სამედიცინო სასწორი ღირს 75 ლარი, ხელის დინამომეტრი, რომელიც სად იშოვება ეგეც არ ვიცით, ღირს 600-700 ლარი, მარტო სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობას 1000-ლარამდე თანხა სჭირდება. იმდენი დასახელების მედიკამენტებია, არ ვიცი საავადმყოფოს ვხსნი თუ სკოლას?! ამ ეტაპისთვის უკვე მოვახერხეთ ნაწილი ინვენტარის შეძენა. გარდა ამისა, 850 ლარი გვჭირდება მარტო დასალაგებელი ინვენტარსითვის. რაც შეეხება დამლაგებლების ოდენობას ჩვენ შემთხვევაში ეს პრობლემა არაა, რადგან დიდი ფართი არ გვაქვს და დამლაგებელი აქამდეც 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით გვყავდა. საჯარო სკოლებში, რამდენადაც ვიცი, სამსახურებიდან გარბიან დამლაგებლები, რადგან დაბალია ანაზღაურება, იქ არის უზარმაზარი ოთახები, დერეფნები და უზარმაზარი სამუშაო აქვთ. რთული სიტუაციაა ძალიან და კერძო სკოლების შემთხვევაში ეს ყველაფერი სამწუხაროდ ფინანსებზე აისახება და სწავლის საფასურზეც იქონიებს გავლენას. დაბალბიუჯეტიან სკოლებს 2000 ლარი რომ არ გვყოფნის, წარმოიდგინეთ დიდ სკოლებს რა თანხების გაღება მოუწევთ, მხოლოდ საპირფარეშოს ჰიგიენური საშუალებების ხარჯები იქნება მნიშვნელოვნად გაზრდილი. სწავლის დაწყების უფლების მოსაპოვებლად რეგისტრაცია უნდა გავიაროთ შრომის ინსპექციის საიტზე, რომ შემდეგაც უნდა მოვიდნენ და შეგვამოწმონ, უახლოეს დღეებში ვაპირებთ დავრეგისტრირდეთ“, – ამბობს ფოთში კერძო სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი თამარ ფაჩულია EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ 15 სექტემბრამდე ინსპექტირება ყველა საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სულ 2313 სკოლაა. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, რამდენი თანამშრომელი ჰყავს შრომის ინსპექტირების სამსახურს და ფიზიკურად რამდენად შეძლებენ დარჩენილ დროში 2000-ზე მეტი სკოლის შემოწმებას? განათლების უწყებაში განმარტავენ, რომ „ახალი სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლა დააკმაყოფილებს იმ პირობებს, რაც მოთხოვნებშია გაწერილი”.
რა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან – ინსტრუქცია სკოლებს!
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება