რა უნდა გაითვალისწინონ 2018 წლის აბიტურიენტებმა არგუმენტირებული ესეს დაწერისას – დეტალები
როგორც ცნობილია 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტში ცვლილება შევიდა, კერძოდ შეიცვალა ქულათა გადანაწილება და არგუმენტირებული ესეს ქულა 20-დან 24-მდე გაიზარდა, აღშნიშნული 4 ქულა კი ტექსტის რედაქტირების დავალებას მოაკლდა. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო არგუმენტირებული ესეს და დასარედაქტირებელი ტექსტის მოცულობებს და ესეს შეფასების კრიტერიუმებს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენელი ნანა ლოლაძე ამბობს, ეს ცვლილება აბიტურიენტების მზადების პროცესში დიდ კორექტირებას არ შეიტანს.
,,ამ ცვლილების მიზანი იყო ესეს შეფასების უფრო ადეკვატური მექანიზმი რომ დაგვეზუსტებინა, გარკვეული ცვლილებები ამან გამოიწვია. წინა წლებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები უკვე სრულფასოვან ესეებს გვთავზობენ ძალიან მრავალფეროვანი არგუმენტაციით და პოზიციით. ამან დასვა საკითხი, რომ შინაარსობრივ და არგუმენტირებულ მხარეს მეტი წონა უნდა მივანიჭოთ. ეს მოგვცემს დიფერენცირების საშუალებას კარგ და საუკეთსო ნაწერებს შორის. ძველი კრიტერიუმები კი ამის საშუალებას არ იძლეოდა. არგუმენტირებულ ესეზე დამატებული 4 ქულა მთლიანად შინარსობრივ მხარეზე გადანაწილდება“.
რაც შეეხება მოცულობას, ნანა ლოლაძის თქმით, აბიტურიენტმა ესეს დაწერის დროს მინიმუმ 120 სიტყვა უნდა გამოიყენოს. თუმცა ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გადაწერილი მითითება და ორი წინადადებით მსჯელობა. მიუხედავად ამისა, მისივე თქმით, 120 სიტყვაზე ნაკლებსიტყვივანი ესეც აუცილებლად გასწორდება, თუმცა მხოლოდ შინაარსობრივად.
რაც შეეხება ესეს მაქსიმალურ მოცულობას, როგორც ნანა ლოლაძე განმარტავს, არგუმენტირებული ესესთვის გამოყოფილი ადგილი გაიზარდა და ერთ გვერდზე მეტი დაეთმობა, რადგანაც აბიტურიენტებისთვის 1 გვერდი საკმარისი აღარ იყო. მიუხედავად ამისა, ნანა ლოლაძის თქმით, არ არის სავალდებულო აბიტურიენტმა ესესთვის გამოყოფილი ადგილი ბოლომდე შეავსონ. კონკრეტულად მაქსიმალური სიტყვების რაოდენობა კი დადგენილი არაა.
ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელი არგუმენტირებულ ესეში დამოუკიდებელი მსჯელობის მნიშვნელობასა და მასში ციტატების გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას:
,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ზოგადი განათლებისა და დამოუკიდებელი აზროვნების კრიტერიუმიდან დარჩა დამოუკიდებელი აზროვნების კრიტერიუმი. რაც შეეხება ზოგად განათლებას, არასწორად იქნა გაგებული ნაწილი აბიტურიენტების და პედაგოგების მხრიდან. არგუმენტირებულ ესეში ხშირად გამოიყენება ლიტერატურული პარალალები, რაც შაბლონურად ხდება, არგუმენტირებული ესე კი აფასებს რამდენად ინფორმირებული და ერუდირებულია ახალგაზრდა იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ვთავაზობთ. თუ აბიტურიენტმა არ იცის რას ნიშნავს დემოკრატია, ციტატები ვერ დაეხმარება. ზოგი ციტატებს და გამონათქვამებს ძალიან ზუსტად იყენებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის მაგალითი მაგალითისთვის. ციტირება არგუმენტირებული ესესთვის არ არის აუცილებელი, მით უფრო მხატვრული ლიტერატურიდან პარალელები, მაგრამ ამის გამო ქულას არ დავაკლებთ. ჩვენ გვაინტერესებს, ესმის თუ არა ახალგაზრდას რა არის პრობლემა და აქვს თუ არა ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაც ამ პრობლემას უკავშირდება და არა პარალელები და ფილოსოფოსთა გამონათქვამები. ეს ბოლო ხანს პრობლემა გახდა და მზამზარეული ნაწილები აქვთ ამ დავალებისთვისაც. ამიტომ გვინდა, რომ კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნება იყოს უფრო წახალისებული. დამოუკიდებელი აზროვნება არ ნიშნავს ორიგინალობას, არამედ რამდენად ორიგინალურად აგებს მსჯელობას, ამას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ნანა ლოლაძემ გადაცემაში “გამოცდებიდან გამოცდებამდე”.
ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა არგუმენტირებულ ესეში ფაქტობრივი შეცდომების კრიტერიუმზეც გაამახვილა ყურადღება. ის აბიტურიენტებს ურჩევს, რომ ფაქტობრივი მაგალითების მოყვანისას მხოლოდ რეალური მონაცემები დაასახელონ:
,,ფაქტობრივი შეცდომების კრიტერიუმი გავიტანეთ ცალკე. ჩვენ არ ვითხოვთ ფაქტების სიმრავლეს. რაშიც დარწმუნებული არ არიან, ისეთ მასალას და ფაქტებს ნუ მოიყვანენ. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მუდმივად იგონებენ არარსებულ პროცენტებს, კვლევებს და შედეგებს და ამით აგებენ არგუმენტებს. ამიტომ, ასეთი ფაქტები არ ფასდება და არ წაადგებათ. ამას ჯობს საკუთარი გამოცდილებით იმსჯელონ საკითხებზე.“
რაც შეეხება ტექსტის რედაქტორებას, გარდა იმისა, რომ დავალებას 4 ქულა მოაკლდა, შემცირდა ტექსტის მოცულობაც და შეცდომების რაოდენობაც, თუმცა შეცდომების რაოდენობა დავალებაში კვლავ არ იქნება მითითებული. როგორც ნანა ლოლაძე განმარტავს, აბიტურიენტებს შეცდომების გასწორებისას შეუძლიათ წინადადება განსხვავებული კონსტრუქციით ააწყონ, თუმცა აზრი არ უნდა შეიცვალოს და ასევე შეცდომაც არ უნდა დაუშვან.
ნანა ლოლაძემ მინიმალური კომპეტენციის ზღვარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დადგენა განათლების სამინისტროს პრეროგატივაა და ამასთან უმაღლეს სასწავლებლებსაც აქვთ საშუალება აბიტურიენტებს შიდა ზღვარი დაუწეონ, ისე როგორც ეს გასული წლების გამოცდებზე რამდენიმე უმაღლესმა სასწავლებელმა გააკეთა.
რაც შეეხება ლიტერატურის არჩევით საგნად ჩაბარებას, როგორც ნანა ლოლაძემ აღნიშნა, აბიტურიენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რადგანა ქართულ ენასა და ლიტერატურას სავალდებულო საგნად აბარებს, მას ლიტერატურის დამატებით საგნად ჩაბარებაც გაუადვილდება, თუმცა, ნანა ლოლაძის თქმით, ეს ასე არაა და ლიტერატურის ჩაბარება გაცილებით უფრო მეტ ცოდნასა და კომპეტენციას მოითხოვს, ამიტომაც აბიტურიენტებს მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ დამატებით საგნების არჩევისას.
ამავე თემაზე
რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი
კიდევ ერთი ცვლილება – არჩევით საგანს 2018 წლის აბიტურიენტები მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ
2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ
მოამზადა სალომე ზარიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება