GE

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომელთა შვილებიც 2017 წელს პირველ კლასში ასაკის გამო ვერ შევიდნენ

ზუსტი რიცხვი იმის თაობაზე, თუ რამდენი ბავშვი დარჩა ასაკის გამო პირველი კლასის მიღმა, ჯერ უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ისინი საბავშვო ბაღებში, პროგრამის „სასკოლო მზაობა“ ფარგლებში სპეციალურად შექმნილ ჯგუფებში ივლიან.

„ის ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი 15 სექტემბრის შემდეგ უსრულდებათ ბაღში სიარულს ჩვეულებრივად განაგრძობენ. ისინი სპეციალურად შექმნილი „სასკოლო მზაობის“ ჯგუფებში ივლიან. თითოეულ ჯგუფს 1 აღმზრდელი პედაგოგი და ერთი თანაშემწე ემსახურება. მსგავსი ჯგუფები ბაღებში შეიძლება ერთი იყოს და შეიძლება რამდენიმეც“, – განმარტავენ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, სასკოლო მზაობის პროგრამით გასულ წელს რამდენიმე ათასმა ბავშვმა ისარგებლა. „წელს 16 150 პირველკლასელი სწორედ სასკოლო მზაობის პროგრამით მოსარგებლე მოსწავლე იქნება“, – განმარტავენ სააგენტოში.

პროგრამისთვის 2015 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თბილისის ბაღების 200 მეთოდისტი გადაამზადა. თავის მხრივ, მეთოდისტებს უნდა გაეზიარებინათ საჭირო ინფორმაცია სასკოლო მზაობის ჯგუფების პედაგოგებისთვის.

პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და „იუნისეფის“ დახმარებით გამოიცა სპეციალური ლიტერატურაც.

სასკოლო მზაობის ჯგუფები თბილისის ყველა საჯარო ბაგა–ბაღში ფუნქციონირებს. რაც შეეხება რეგიონების მონაცემებს, ბაღების მართვის სააგენტოში ეს ინფორმაცია არ აქვთ.

პროგრამის მუშაობის შეფასების შესახებ მონიტორინგის შედეგები ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, „პროგრამა კარგად მიმდინარეობს.“

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პირველ კლასში დარეგისტრირების უფლება იმ ბავშვს აქვს, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე უსრულდება.

რას ნიშნავს სასკოლო მზაობა?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური