„რასაც სწავლობენ ჭადრაკის გაკვეთილებზე, მიზნებთან შედარებით ზღვაში წვეთია“ – ჭადრაკის სტანდარტი და რეალობა
რვა ნოემბერს, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და ცვლილებების შესაბამისი 11 დანართი გამოქვეყნდა. კერძოდ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაწყებითი საფეხურის სხვადასხვა საგნის სტანდარტი მასში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად გაიწერა. რაც შეეხება ჭადრაკს, ამ საგნის სტანდარტი ახალია იმდენად, რამდენადაც პირველ კლასში მისი შესწავლა 2022-2023 სასწავლო წელს დაიწყო.
ახალი სტანდარტის ავტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ ჭადრაკის სწავლა-სწავლებას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს დაწყებითი საფეხურის მისიისა და მიზნების რეალიზებაში.
სამინისტროს გათვლით, ჭადრაკის შესწავლის საფუძველზე მოსწავლეს აქცენტირებულად გამოუმუშავდება ფუნქციურ-კომპონენტური უნარები, რომელთა აქტუალიზებაც ხელს შეუწყობს სხვა საგნების სწავლებასაც. ასევე, ისეთი უნარების განვითარებას მოსწავლეებში, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მოქალაქეობა და ხასიათი/ნება/წრთობა.
14 ნოემბერს, EDU.ARIS.GE პირველკლასელი მოსწავლეების მშობლებს ესაუბრა და ჰკითხა, ორი თვის თავზე, ამართლებს თუ არა მათთვის ჭადრაკის გაკვეთილები იმ მისიას, რომელიც საგნის სტანდარტით აქვს დადგენილი და როგორ აფასებენ საგნის სწავლების აუცილებლობას.
პირველკლასელი მოსწავლის მშობელი საქართველოს ერთ-ეთი რეგიონის ქალაქიდან გვპასუხობს, რომ საგნის სწავლების შედეგებს ორი თვის თავზეც ვერ შეაფასებს, რადგან მისი შვილის სკოლაში ჯერ არც ჭადრაკის დაფა და არც ფიგურები მოუტანიათ. „ჩვენს სკოლაში ჭადრაკის გაკვეთილი ჯერ არ ტარდება და ველოდებით, როდის მოიტანენ სასწავლო ინვენტარს“, – გვითხრა პირველკლასელის მშობელმა.
ჩვენი მეორე რესპონდენტი, ორი შვილის დედა და თბილისის ერთ-ერთი საჯაროს სკოლის პირველკლასელის მშობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სიახლის შეტანა მათთვის სასიხარულო იყო, რადგან ბავშვი სკოლაში მისვლამდეც სწავლობდა ჭადრაკს და თვლიდნენ, რომ საგაკვეთილო ფორმატში ცოდნას უფრო გაიღრმავებდა. თუმცა, მოლოდინი არ გაუმართლდათ და მეორე სემესტრიდან ჭადრაკის მასწავლებელთან კერძო გაკვეთილებს გეგმავენ.
გვიხსნის, რომ არ ეგონა, თუ ჭადრაკის საგნის სტანდარტი ასეთ მიზნებზე გასვლას გულისხმობდა, რადგან რეალური საგაკვეთილო პროგრამა, გაწერილ მიზნებთან შედარებით, ზღვაში წვეთია.
„სტანდარტული პირველი კლასელი ბავშვისთვის, კვირაში ერთი დღე ჭადრაკი იმ ფორმით, რა ფორმითაც სკოლაში ისწავლება, იმ ჩამონათვალისთვის, რაც გათვალისწინებული და ჩადებულია მიზნებად ჭადრაკის შესწავლისთვის, ზღვაში წვეთია. ეს პროგრამა, რაც სკოლაშია ვერსაიდან და ვერანაირად დააკმაყოფილებს სტანდარტში მოცემულ ამ ჩამონათვალს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა შვილმა იქამდეც იცოდა ჭადრაკი და სკოლაშიც ძალიან მარტივად უღებს ალღოს, იმისთვის, რომ ნამდვილად მივიღოთ შედეგად, რაც ამ ჩამონათვალშია, ჩვენ ვგეგმავთ, მეორე სემესტრიდან, (რაც სკოლის დაწყებამდეც გვქონდა გადაწყვეტილი), ავიყვანოთ სპეციალურად ამისთვს მასწავლებელი, რომელიც ცოტა უფრო სხვა დონეზე შეგვასწავლის ჭადრაკს“, – გვიხსნის მშობელი.
პირველკლასელის დედა ამბობს, რომ სკოლა დღეს ელემენტარულ დონეზე ახერხებს ჭადრაკის სწავლებას და იმას, რაც მას სურს შვილისთვის, ვერ იღებს.
„გაკვეთილს კვირაში ერთი დღე ეთმობა და ვფიქრობ, ეს 30 წუთი, რომელიც კლასში აქვთ დათმობილი, არასაკმარისია, თუნდაც კრიტიკული აზროვნების განვითარების კუთხით, რომელიც სტანდარტშია მოხსენიებული. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყველა პანდემიის ბავშვების მშობლები ვართ და ჩვენი შვილების დიდი ნაწილი სრულად მოწყვეტილი იყო მათთვის აუცილებელ გარემოს. შედეგად კი, დღეს კომუნიკაცია უჭირთ, აქვთ ტექნოლოგიების გავლენა. პანდემია ნამდვილად იყო პრობლემა და ის, რაც სტანდარტშია ნაჩვენები, მართლაც ოცნებაა, ამდენი რამ თუ შედიოდა მიზნებში, ნამდვილად არ წარმომედგინა“, – დასძენს მშობელი.
EDU.ARIS.GE-სთვის მშობლებისგან გაზიარებულ ინფორმაციიდან გავიგეთ, რომ კვირაში ერთხელ მათ ეგზავნებათ შაბლონების სახით კონკრეტული ფოტოები ჭადრაკის სახელმძღვანელოდან, თუმცა წიგნი იმდენად დიდია, რომ ფიქრობენ, მისი სრულყოფილი გავლაც ამ სახით ვერ მოესწრება. მშობლების ნაწილს შვილების მეცადინეობაც უჭირს ამ საგანში და სკოლებს ორი თვის თავზე არც იმის შესახებ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რამდენად კარგად მომზადებულები მიდიან მათი შვილები ჭადრაკის გაკვეთილზე. „ერთის მხრივ მშობლები იმტვრევენ თავს და არ იციან, როგორ ამეცადინონ შვილები და მეორეს მხრივ, მოსწავლე ცალკე წვალობს“.
მშობლის ამგვარი შეფასების კვალდაკვალ, EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ სტანდარტში არსებულ ჩანაწერს და იმ მისიას, რაც ამ საგანს აკისრია:
მიზნები და ამოცანები
ჭადრაკის სწავლების პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:
1. ჭადრაკის ფიგურების შესაძლებლობების გაანალიზება; იდეების გენერირება ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანების შესრულებისას (კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა):
- მოიყვანოს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრი დევს თითოეული სვლის უკან (მაგალითად, მოცემულ პოზიციაში ქიშის მოგერიების საშუალებების გაანალიზებისას);
ჭადრაკის თამაშისას/საჭადრაკო ამოცანებზე მუშაობისას პოზიციის შეფასება (მაგალითად, დაცული და დაუცველი ფიგურების ერთმანეთისგან გარჩევა); სხვა მსგავსი სიტუაციების გახსენება/ანალოგიების ამოცნობა; - თამაშის დროს (მაგალითად, დაუცველ ფიგურაზე იერიშისას, ძლიერ ფიგურაზე იერიშისას, ცენტრის დაკავების მცდელობისას, მეფეზე იერიშისას) საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად გაანალიზება; ვარაუდების გამოთქმა სხვადასხვა სიტუაციაში ფიგურის ღირებულებასთან დაკავშირებით; ფიგურების ღირებულებების ერთმანეთთან შედარება;
- ფიგურების ღირებულების გადაფასება (მაგალითად მეფეზე შეტევის დროს) თამაშის დროს გაკეთებული დასკვნების/ გამოთქმული ვარაუდების საფუძველზე; ყურადღების გამახვილება დეტალებზე, რომლებმაც ფუგურის ღირებულების გადაფასება გამოიწვია;
- იდეების განზოგადება/ალტერნატივების ძიება თამაშის დროს წარმოქმნილი პრობლემის გადასაჭრელად/ დასახული მიზნების განსახორციელებლად; ანალიზის პროცესში დეტალებზე ყურადღების მიქცევა;
- ალგორითმების / კანონზომიერებების აღმოჩენა და გაანალიზება ჭადრაკის თამაშის პროცესში (მაგალითად, შავ და თეთრ უჯრებთან, ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და დიაგონალურ ხაზებთან დაკავშირებით).
2. თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობა საჭადრაკო სიტუაციების ანალიზის პროცესში (კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მოქალაქეობა):
- ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანაზე მუშაობისას მასწავლებლის/თანაკლასელების აქტიური მოსმენა; საკუთარი სათქმელის ნათლად და შინაარსიანად გამოხატვა;
- ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანაზე მუშაობისას ღიაობისა და კეთილგანწყობის გამოხატვა მასწავლებლის/თანაკლასელების მიმართ;
- ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანაზე მუშაობისას შემწყნარებლობის გამოვლენა განსხვავებული მოსაზრებების/კომენტარების მიმართ;
- ჭადრაკის დაფასთან თამაშის ქცევის წესების დაცვა (მისალმება, გამარჯვების მილოცვა).
3. თვითრეფლექსია საჭადრაკო ამოცანებზე მუშაობის პროცესში (ხასიათი ნება).
- ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანაზე მუშაობისას კონკრეტული მიზნის დასახვა; მიზნის მიღწევისთვის საჭირო გეგმისა და სტრატეგიების გაანალიზება;
- ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანაზე მუშაობისას საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლა და გაანალიზება.
სასწავლო კურსის ფარგლებში ზემოთ მოცემული კომპეტენციების განვითარება უნდა მოხდეს შემდეგ საკითხებზე დაყრდნობით:
ამავე თემაზე:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება