რა ზღუდავს მასწავლებლის ხელფასის ზრდის შესაძლებლობას საქართველოში – მიზეზები კვლევის თანახმად
საქართველოს განათლების სექტორისთვის გამოწვევაა „მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ და ახალი კადრების შემოდინების ნაკლებობა დაბალი ხელფასის ფონზე.
ამის შესახებ ვკითხულობთ „გალტ & თაგარტის“ ივლისში გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საქართველოს განათლების სექტორს ეხება.
„განათლების სექტორის გამოწვევად რჩება მასწავლებელთა ასაკობრივი სტრუქტურა და ახალი კადრების შემოდინების ნაკლებობა, დაბალი ანაზღაურების პირობებში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
უფრო კონკრეტულად კი, დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს 50 წელს გადაცილებული პედაგოგები მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 55%-ს შეადგენდნენ. შედარებისთვის, 50 წელს გადაცილებული პედაგოგების წილი 2015 წელს 44% იყო.
კვლევის ავტორები წერენ, რომ განათლების/პედაგოგიკის საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტების არჩევის თვალსაზრისით (მიუხედავად ზრდისა), ერთ-ერთ ნაკლებად პოპულარულ მიმართულებად რჩება, მათი წილი მთლიან ჩარიცხვებში 2025 წელს 4.6%-მდე გაიზარდა 2018 წლის 1.8%-დან და მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროგრამებს აღემატება.
რა იწვევს ასეთ მოცემულობას და რა უშლის ხელს მასწავლებელთა ხელფასის ზრდას
„გალტ & თაგარტის“ თანახმად, ახალი კადრების შემოდინების ერთ-ერთი მთავარი ბარიერი დაბალი ანაზღაურებაა, რაც ნაწილობრივ მასწავლებელთა ჭარბი მიწოდებით არის განპირობებული:
„საქართველოში ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა რაოდენობა 9.7-ს შეადგენს, რაც OECD-ის 13.9-იან მაჩვენებელზე დაბალია. ჭარბი მიწოდება და ხანდაზმული ასაკობრივი სტრუქტურა ზღუდავს ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს პროფესიის მიმზიდველობას ახალგაზრდებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ დიდ ქალაქებში მოსწავლე-მასწავლებლის თანაფარდობა OECD-ის მაჩვენებელთან ახლოსაა, ხოლო მასწავლებელთა ჭარბი რაოდენობა ძირითადად რეგიონებშია კონცენტრირებული, 2025 წლის მდგომარეობით.
პრობლემის საპასუხოდ, მთავრობამ მასწავლებელთა ხელფასები გაზარდა, რამაც სექტორის მომგებიანობა შეამცირა. ისტორიულად, საჯარო და კერძო განათლების სექტორში ხელფასების დინამიკა მსგავსად ვითარდებოდა, საჯარო სექტორში მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა კერძო სექტორზეც აისახებოდა. აღნიშნული ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა, როდესაც საჯარო სექტორის მასწავლებლების ხელფასების ზრდა (1 ივლისიდან) კერძო სექტორზეც აისახა.
ხელფასების ზრდამ ზოგადი განათლების სექტორის მომგებიანობაზე უარყოფითად იმოქმედა – შრომითი ხარჯების წილი შემოსავლებში 68.0%-მდე გაიზარდა 2024 წელს 2017-23 წლებში არსებული 61%-დან”, – აღნიშნულია უახლეს კვლევაში.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების ზრდამ ნაწილობრივ კერძო სკოლებზეც იქონია გავლენა, რამაც მათი საოპერაციო ხარჯები გაზარდა და მომგებიანობაზე უარყოფითად იმოქმედა: “მზარდი ხარჯები განსაკუთრებით მცირე და ნაკლებად ეფექტიან ოპერატორებს უქმნის გამოწვევებს, რაც სექტორში კონსოლიდაციის პოტენციალს ქმნის”.
ასევე იხილეთ:
„საქართველოში 2030-2031 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის შემცირებაა მოსალოდნელი“
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი აზერბაიჯანულ ენაში – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„უფასოდ სწავლა ყველასთვის მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ…“ – მომავალი მაგისტრები განათლების რეფორმაზე
by ARIS.GE-განათლება
-
დადგინდა რა ეღირება სასკოლო ფორმის ერთეულები ბიჭისთვის და გოგოსთვის – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება