GE

რამდენ საათს უნდა მუშაობდეს მასწავლებელი?

სამუშაო დროის რეგულირება ნაწილია ადამიანის ე.წ საბაზისო უფლებების დაცვის, რომელსაც უმთავრესად ქვეყნის კონსტიტუცია, შემდგომ კი შრომითი სამართალი ადგენს.

„სამუშაო დროის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის შრომის თავისუფლების ეფექტიანი რეალიზებისათვის. გადაჭარბებულად დიდმა სამუშაო დროის ხანგრძლივობამ, რომელიც არ აძლევს დასაქმებულს ნორმალურად დასვენებისა და ენერგიის აღდგენის შესაძლებლობას, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას ან ნორმალურ სოციალურ ყოფა-ცხოვრებას. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ დაიცავს ადამიანებს ასეთ პირობებში მუშაობისაგან, ის ფაქტობრივად, აიძულებს მათ, იმუშაონ თავიანთი ჯანმრთელობის ან სოციალური (პირადი) ცხოვრების ხარჯზე, ან დარჩნენ შემოსავლის გარეშე. აშკარაა, რომ პირის მიერ ასეთ პირობებში მუშაობის არჩევა გამოწვეულია მხოლოდ მისთვის სხვა არჩევანის არარსებობით. შესაბამისად, მის მიერ სამუშაოს შესრულება უფრო მეტად ემსგავსება იძულებას, ვიდრე შრომის თავისუფლების რეალიზებას’’ – ვკითხულობთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის განჩინებაში.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ავალდებულებს სახელმწიფოს, შეზღუდოს დამსაქმებლის მიერ სამუშაო დროის ხანგრძლივობის თავისუფლად არჩევა. 2013 წლამდე მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა, რადგან შრომით კანონმდებლობაში დადგენილი არ იყო მინიმალური და მაქსიმალური სამუშაო საათების ზღვარი და ანაზღაურება. შეცვლილი შრომითი კანონდებლობით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს.

EDU.ARIS.GE საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, როგორია მასწავლებლის ამჟამინდელი სამუშაო დატვირთვა და ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით უპასუხებს შეკითხვას, რამდენ საათს უნდა მუშაობდეს მასწავლებელი, იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას მის ფიზიკურ, ფსიქიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას.

სკოლაში სამუშაო საათების მიხედვით არსებობს 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:

  • ნაწილობრივი დატვირთვა – გულისხმობს 36-ზე ნაკლებ საათიან სამუშაო კვირას; 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;
  • სრული დატვირთვა – გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას; 18 საგაკვეთილო საათი კვირაში;
  • სრულზე მეტი დატვირთვა – გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას; 19 ან მეტი საგაკვეთილო საათი კვირაში.

მსგავსი დატვირთვა მასწავლებლის შრომით ანაზღაურებაზეც აისახება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ, 2020 წელს ჩატარებულ კვლევით ანგარიშში, ,,მასწავლებლის კარიერული განვითარება და სამუშაო პირობები’’, ვკითხულობთ, ,,მასწავლებელთა სტატუსი და აღქმული დატვირთვა დიდ გავლენას ახდენს განათლების ხარისხსა და დასაქმებულის სოციალურ მდგომარებაზე’’.

კვლევაში, დათვლილია  სამუშაო დატვირთვა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მასწავლებლებს აქვთ:

იტალიაში მასწავლებლები მუშაობენ ყველაზე ნაკლებად, საშუალოდ 30 სთ კვირაში, მათ მოსდევს ფინეთი (32 სთ), კვიპროსი (33 სთ), ისლანდია (35 სთ) და ნიდერლანდები (36 სთ). ყველაზე დიდ საათებს ასრულებენ დანიის მასწავლებლები (40 სთ), შვედეთი (42 სთ), პორტუგალია (45 სთ) და ინგლისი (46 სთ), თუმცა საქართველოსგან განსხვავებით მათი საათობრივი ბადე ანგარიშდება არა გაკვეთილების ჩატარების რაოდენობით, არამედ სკოლაში გატარებული სამუშაო დროის ხანგრძლივობით. მაგალითისთვის, თუ ინგლისში მასწავლებლის სამუშაო კვირის დატვირთვა 46 საათია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას დღეში აქვს 3-4 გაკვეთილი დანარჩენი სამუშაო საათი კი მოდის შემდეგ საქმიანობებზე – სასკოლო  აქტივობების დაგეგმვა, ადმინისტრაციასთან მუშაობა, მოსწავლეებთან კონსულტაცია და სხვა.

ოფიციალურად, ევროპელ პედაგოგებს აქვთ საშუალოდ 15 კვირა შვებულება წელიწადში, ირლანდიაში 19 კვირა, გერმანიაში, შვეიცარიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და იტალიაში მხოლოდ 13 კვირა. რაც შეეხება ახალგაზრდა მასწავლებლებს, მათთვის მუშაობს ე.წ სამუშაო ამოცანის შემცირების პოლიტიკა. სკოლაში მუშაობის დაწყებიდან 2 წლის მანძილზე ისინი მუშაობენ ნახევარ განაკვეთზე, 20%-ით ნაკლები დროითი განსხვავებით, ვიდრე გამოცდილი პედაგოგები. ეს კეთდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტის სწავლისა და სოცილურ ცხოვრებაში ჩართულობის უფრო აქტიური შესაძლებლობა მიეცეთ.

კვლევაში ნათქვამია, რომ პედაგოგებს, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ უფრო მეტი წარმატება აქვთ, ვიდრე მათ ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, რადგან ისინი უფრო მეტად ინტეგრირებულნი არიან სასკოლო საზოგადოებასთან და მეტს მუშაობენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

კვლევამ  აჩვენა, რომ წარმატებული სკოლის მასწავლებლები კვირაში 30-40 საათს მუშაობენ, თუმცა დღეში მათი ჩატარებული გაკვეთილის რაოდენობა 3-4-ს არ აჭარბებს, რადგან ძირითადი სამუშაო აქტივობები მოდის არა საგაკვეთილო პროცესებზე, არამედ სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციასა და პროფესიული განვითარებისთვის განსაზღვრულ აქტივობებში ჩართულობაზე, როგორიცაა –  ტრენინგში მონაწილეობა, სასკოლო პროექტის დაგეგმვა, კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და სხვა.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ მასწავლებლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხშირად მოუწოდებენ საგაკვეთილო სამუშაო დატვირთვის შემცირებისა და ევროპული პრაქტიკის გაზიარებისკენ, რადგან მათი აზრით არსებული პოლიტიკა საბაზისო, კონსტიტუციურ უფლებებსაც ურღვევთ და პროფესიულ განვითარებაშიც ხელს უშლით.

ასევე იხილეთ:

რამდენია მასწავლებლის ხელფასი სტატუსის, სტაჟისა და სამუშაო საათების მიხედვით

მასწავლებლის მთლიანი სამუშაო დატვირთვის მიხედვით, საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური